2011-07-23

მალხაზ ერქვანიძე - ქართული გალობა, როგორც მოწოდება XXI საუკუნის საქართველოსადმი

ქართული გალობა, როგორც მოწოდება XXI საუკუნის საქართველოსადმი საქართველოში სამგალობლო ტრადიციების წყვეტამ ბუნებრივად წარმოშვა 
მალხაზ ერქვანიძე
სამგალობლო მეცნიერებისა და ზოგადად გალობის დაკნინება. ანუ მოიშალა ძველქართული მუსიკალური სისტემა, რომელშიც იგულისხმება: 1. გალობის კანონიკური ჰანგი. 2. კანონიკური ჰანგის კანონიკური საშემსრულებლო ხერხები. 3. დასდებლის მეცნიერება. 4. სამ ხმაში აზროვნება. 5. რვა ხმის სისტემა. 6. ქართულ ბგერათწყობა – კილოს ინტონირების საკითხი. 7. კილოში აზროვნება. 8. საეკლესიო კითხვა. ქართული ტრადიციული, კანონიკური, სამხმიანი გალობის აღდგენა მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო საქართველოს მართლმადიბებელ ეკლესიაში. მას შემდეგ თითქმის ოცდახუთმა წელმა განვლო. დაახლოებით ერთი საუკუნე ჰქონდა აკრძალული მას არსებობის უფლება. და ეს მცირე მონაკვეთი( მიუხედავად მისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ხანგრძლივობისა), საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ დღევანდელ ქართველთა უმეტესობას გადაგვარებული აქვს აღქმა და სმენა საკუთარი ჰანგების მიმართ და ერცხვინება კიდეც ხშირ შემთხვევაში ხმის ამოღება. სრულიად მართებულად აღნიშნავს პ. კარბელაშვილი: გალობის დაკარგვას თვით სამშობლოს დაკარგვას ვადარებო. პარადოქსია, - XIX საუკუნეში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი და საეკლესიო დამოუკიდებლობა წართმეული ჰქონდა, მაშინდელი ქართული საზოგადოება ერთსულოვანი იყო გალობისადმი საღი დამოკიდებულებით, ხოლო მტერი ყავდა გარედან რუსეთის იმპერიის სახით. დღეს კი, როდესაც საქართველოს ეკლესიაც და სახელმწიფოც ასე თუ ისე დამოუკიდებელია და რუსებიც პრაქტიკულად ვეღარ ერევიან ეკლესიის საქმეებში მაინც, ყველაზე მეტი ავისმოსურნე მას თვით ქართველთა მხრიდან ჰყავს. ე.ი. რა გამოდის? იმისათვის რომ ჭკუას მოვეგოთ და საკუთარი +15;რავალსაუკუნოვანი ფასეულობები დავაფასოთ, რაზეც ვდგავართ, ფიზიკური მტრის არსებობაა აუცილებელი?!.... არც ეს დააყოვნებს თუ ასე გაგრძელდება. – ”საულ, რად მდევნი მე, ფიცხელ არს შენდა წიხნა დეზისა”. ვინც ქართულ გალობას ებრძვის, მას საკუთარი თავი მოძულებია, ვინაიდან მათი ასეთი ქმედება იმთავითვე განწირულია. დიდად არ განსხვავდება ხატმებრძოლობა გალობის მიმართ მტრობისაგან და თუ რით დამთავრდა ხატმებრძოლობა თავის დროზე ყველამ კარგად უწყის. ეკლესია ემყარება სამ ძირითად საფუძველს, ესაა: დაწერილი სჯული, საღმრთო გადმოცემა და დაუწერელი სჯული - ადგილოვრივი ეკლესიის ტრადიციები. ამ უკანასკნელში მოიაზრება საეკლესიო გალობა და საეკლესიო კითხვა. იგი საეკლესიო ტრადიციაში შედის და მას ისეთივე პატივი უნდა მივაგოთ როგორც დაწერილ სჯულს. ვნახოთ რას ამბობოს ამის შესახებ საეკლესიო კრების კანონები. „აწ უკვე პირველად და დიდად ესევითართა ამათ ზედა წინაგანსაწყობელად ძალად გვაქუს მოცემული ჩვენდა უწერელი ჩვეულება(ანუ დევანდელი ტერმინოლოგიით, საეკლესიო ტრადიციები მ.ე.), რომელი ძალითა სწორ არს სჯულისა. ამისთვის, რამეთუ წმიდათა კაცთა მიერ მოცემულ არიან ჩვენდა ეგევითარისა მის ჩვეულებისა წესნი”. (წმ. ბასილი დიდის 86- კანონი.) გავიხსენოთ რას ამბობს წმ. გიორგი მთაწმინდელი. - მეხელები და დასდებლის მეცნიერები მოძღვრად და ღმერთშემოსილად მყვავნანო. ვინც ღრმად ჩაიხედავს ქართული საეკლესიო გალობის სტრუქტურაში, პირდაპირ დაინახავს სულიწმინდის ნიჭის მოქმედებას, იმ საოცრებას, თუ როგორ ქსოვს დასდებლის მეცნიერი მუსიკალური მუხლების მეშვეობით მთლიან საგალობელს ტექსტთან მიმართებაში- ღირსსა გალობად და ლოცვად ღმრთის მიმართ და შეწირვად გალობისა, ვითარცა სულიერი მსხვერპლის. ამიტომ ეძახის წმინდა მამა დასდებლის მეცნიერს მოძღვარს და ღმერთშემოსილს. გალობა ამავე დროს მსხვერპლია აღვლენილი ღმრთისა მიმართ. ამის არდანახვა არის ცოდვა, უმეცრება და დიდი უმადურობა ღვთის წინაშე, რომელმაც მოგვცა ესევითარი მადლი, რომლის მიხედვითაც ქართული გალობა, არც მეტი და არც ნაკლები, ემსგავსება თვით ყოვლადწმინდა სამებას, როგორც ერთისა და სამის და იმავდროულად სამისა და ერთის განუყოფლობისა და შეურწყმელობის ანალოგიას მუსიკაში. ამიტომაა ქართული გალობა ნამდვილი სამხმიანობისა და ერთდროულად ნადვილი ერთხმიანობის საუკეთესო გამოვლინება. ხოლო ამ კონტექსტში სულერთია რას უწოდებ მას სამხმიანობას თუ ერხმიანობას, მსგავსად ყოვლადწმინდა სამების სამპიროვნობისა და ერთი ღმერთის და ერთისა და სამის ერთობის იდეას. ეკლესია გვასწავლის, - არ ყოფილა დრო, რომ ყოფილიყო მამა და მამასთან იმავდროულ თანამყოფობაში არ განისვენებდა ძე და სულიწმინდა. ასევეა აქაც. სტადიალობა აღიარებულია ხალხური სიმღერის მრავალხმიანობაში, მაგრამ არაფრით არ შეიძლება სტადიალობის აღიარება გალობის მრავალხმიანობასთან მიმართებაში. იგი ერთდროულად შეიქმნა ქართველი წმინდა მამების მიერ და რაოდენ გასაკვირია არავინ უწყის მათი სახელები. „მარჯვენემან შენმან არა უწყოდეს რასა იქმს მარცხენე შენი“. ზედა პირველ ხმაში, იგივე მთქმელშია ნაგულისხმები მეორე და ბანი და არაა მათგან გამოცალკავებული. მართალია კანონიკური ჰანგი ზედა ხმაში გადის, მაგრამ საგალობლის აღქმა წარმოუდგენელია სამივე ხმის თანადროული ჟღერადობის გარეშე. აქ არ არსებობს მთავარი და დამხმარე ხმები. აქ სამივე მთავარია, სამივე დამოუკიდებელი და ამავე დროს ერთმანეთზე დამოკიდებულიც. ყოვლად წარმოუდგენელია ერთი ხმის გამოკლება, ან პირიქით, დამატება. ქართულ გალობაზე თქმა იმისა, რომ ეს არის გენიალური მუსიკა, ძალიან მწირი ეპითე;ტია. იგი გენიალობის ჩარჩოებს ბევრად სცდება. ჩემის აზრით მასზედ უნდა ითქვას: მისი მრავალხმიანობის ფორმა არის გამოცხადებითი(აქ უბრალოდ სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ), ჰანგები კი საღმრთო. ასეთი რამ კაცობრიობის ისტორიაში სრულიად უანალოგო შემთხვევაა. ხშირად მავანნი იკითხავენ ნიშნისმოგებით, - აბა სადა აქვს ქართულ გალობას კანონიკა; ვინ გითხრათ და რა იცით, რომ მეათე საუკუნის ნევმებში სამხმიანობა იგულისხმება და არა ერთხმიანობა და ათასგვარი არაკეთილმოსურნე და დამამცირებელი განძრახვით ნათქვამი. აქ მათ ასე ვუპასუხებდი: - ჯერ ერთი, რომ ქართული გალობა დაფუძნებულია ქართული რვა ხმის სისტემაზე და ამის არდანახვა სიბრმავეა. მეორე ის, რომ ჩვენ ჩვენი ავტოკეფალიის სივრცეში არავის ვეკითხებით თუ რამდენხმიანი და რაგვარი გალობით ვიგალობოთ.
აქ მართებულია გავახსენოთ ე.წ. ფსევდობიზანტიური გალობის მომხრეებს და ცოტათი ხასიანი გავუფუჭოთ იმ აჩემების სანაცვლოდ, რაც მათ აქვთ, ვითომდაც თანამედროვე ბერძნული გალობა ერთხმიანი იყოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამაში თვით ბერძნებიც დამეთანხმებიან, რომ მათი დღევანდელი გალობა არის ორხმიანობიდან სამხმიანობაში გარდამავალ პროცესში. ხოლო რაც შეეხება ქართული გალობის კანონიკურობის ყველაზე უტყუარ და გამოკვეთილ დადასტურებას, ესაა მისი მრავალხმიანობის ფორმა. ანუ ქართულ სამხმიანობას, რომელსაც ყოვლადწმინდა სამების ანალოგიური ფორმა გააჩნია, რაღა უნდა იყოს ამაზე მეტი მტკიცებულობა მისი კანონიკურობის. ქართული გალობის კანონიკურობა მისი მრავალხმიანობის ფორმაში დევs, რომელიც ყოვლადწმინდა სამების მიახლოებითი ანალოგიაა!
საქართველოს ეკლესიის სინოდმა ორჯერ დაუჭირა მხარი სამხმიანი გალობის, როგორც ერთადერთი ფორმის არსებობის უფლებას საქართველოს ეკლესიაში. სამწუხაროდ ძალიან ცოტას ესმის ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა. თვით სინოდშიც კი ზოგიერთი შინაგანად წინააღმდეგიც შეიძლება იყოს, მაგრამ აქაა სწორედ ღმრთის განგება და მისი კურთხევა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გალობა არ უნდა დაეკარგოს ჩვენს ერს და ეკლესიას და მეორედ მოსვლამდე უნდა იღაღადებოდეს ქართულ ტაძრებში და ჩვენს ერში. ასევე ვართ ჩვენც, ვინც ამ საქმეს უშუალოდ ვემსახურებით. არა ჩვენი ძალისხმევით ხორციელდება გალობის დამკვიდრება ეკლესიაში, არამედ ღმერთი მოქმედებს უხილავად და გვაძლევს შეწევნას ძალისაებრ ჩვენისა ვიტვირთოთ ეს საქმე. თეორიულად ხომ შეეძლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდს თავის დროზე მიეღო გადაწყვეტილება ე.წ. რუსული, ევროპული, ფსევდობიზანტიური და ყოველგვარი ფსევდო გალობის სასარგებლოდ, როდესაც მათ ადგილი ჰქონდათ ჩვენში. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, სინოდი აღასრულებს ღმრთის ნებას. აქ, რასაკვირველია ღმრთის განგებასთან ერთად, დიდად მოქმედებს ჩვენი დიდი წინაპრების ლოცვა-ვედრებაც, რომლებმაც უფალს შეავედრეს ეს საღმრთო გალობა რათა დაკარგულიყო და კვალად ჰქონოდა მას არსებობის საშუალება. განა შემთხვევითია ეს ყველაფერი?..... ახლა ვნახოთ როგორ განმარტავს ზონარა წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონს. მოგვყავს რუსულიდან გადმოთარგმნილი მოკლე შინაარსი: - “წმ. ბასილი გვასწავლის დაუწერელი გადმოცემიდან მომდინარე წესჩვეულებებზე და ამბობს, რომ ბევრია ისეთი რამ რაც ჩვენ მივიღეთ დაუწერელად მიკუთვნებულად კეთილმსახურებისადმი და თუ ჩვენ უარს ვიტყვით წესჩვეულებების დაცვასა და შენარჩუნებაზე, როგორც მას ზოგიერთი ნაკლებად გათვითცნობიერებული თვლის ვითარცა არც თუ ისე განსაკუთრებული რაიმე ძალის მქონედ, არსებით საკითხებში ვავნებთ სახარებას, ე.ი. სარწმუნოებას, გადმოცემულს ჩვენდა წმინდანების მიერ. აი ესაა ეკლესიის პოზიცია ადგილობრივი წესჩვეულებების მიმართ. ანუ ამით რას გვეუბნება კანონი? იგი ტოლფას მნიშვნელობას ანიჭებს დაწერილ სჯულსაც და ადგილობრივ ტრადიციებსაც, რადგანაც ისინი ერთად სახარების აღსრულებაა. და ვინც ადგილობრივ ტრადიციებს უარყოფს, ის ეწინააღმდეგება სახარებას”. კი ბატონო, ვისაც სამი თავი აქვს...... ამდენად სანამ გვიანი არაა და ჯერ კიდევ არის დრო, აუცილებელია ქართული გალობა და საეკკლესიო კითხვა, როგორც ჭეშმარიტად საქართველოს ეკლესიის მადლმოსილი წესჩვეულება, დავაფასოთ და ავიყვანƯ7;თ იმ პატივში, რƮ4;საც იმსახურებს ისევ და ისევ ჩვენივე სიკეთისათვის, ვინაიდან იგი ჩვენ მოგვიტანს მთელ რიგ დადებით შედეგებს. კერძოდ. გამოვყოფდი მის უმთავრეს პრიორიტეტს. ესაა ღმრთისმსახურების აღმშენებლობის საკითხი. „დადგა სოლომონ პირისპირ წინაშე საკურთხეველისა უფლისა და სთქვა: უფალო აწ მოხედე ლოცვისა მონისა შენისასა ვედრებასა ჩემსა, უფალო ღმერთო ისრაელისაო სმენად ლოცვისა მონისა შენისასა დღეს. იყვნედ თვალნი შენნი მოხედვად დღე და ღამე ადგილსა ამას, რომელსა სთქუ ვითარმედ: იყავნ სახელი ჩემი მას შინა სმენად ლოცვისა, რომელსა გევედრებოდეს მონა შენი ადგილსა ამას და ისმინო ხმაი მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაელისა, რომელნი თაყვანისგცემდნენ ადგილსა ამას“. III მეფეთა 8-13. განმარტება ასეთია: თუ შენ თვითონ არ უსმენ ლოცვას, არც უფალი შეისმენს შენს ვედრებას. რატომაა რომ დღეს ჩვენს ტაძრებში ძირითადად ლოცვა არ ისმინება. გარდა იმისა, რომ ჩვენ ქართველები წესრიგის მოყვარული ხალხი ნაკლებად ვართ, მთავარი მიზეზი, მიმაჩნია რომ, არის გამართული გალობისა და კითხვის დიდი დეფიციტი. გამართულ მსახურებაში იგულისხმება, პირველ რიგში, ანტიფონური გალობა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რამდენიმე გამართული გუნდის შეთანხმებულ ურთიერთმონაცვლეობას ადამიანი ცად აჰყავს და ლოცვის ხანგრძლივობას საერთოდ ვერ გრძნობს. გარდა ამისა მას სიმბოლური დანიშნულებაც გააჩნია. და რადგან ეკლესიამ დაადგინა ანტიფონური გალობა, ჩვენც გვმართებს მორჩილება ამ წესისა. დროა ამას მიეხედოს და როგორც ადრე იყო, საუფლო დღესასწაულობები მაინც ჩატარდეს სრული გალობით ანტიფონურად. მადლობა ღმერთს ეს სრულიად შესაძლებელია მიუხედავად იმისა, რომ გრანდოზული სამუშაოა ჩასატარებელი ანტიფონური გალობის აღმშენებლობისათვის და ყველაფერთან ერთად(ვიყოთ რეალისტები) ამ საქმეს ფინანსური მხარდაჭერაც უნდა. XIX საუკუნის ეკლესიამ იზრუნა იმაზე, რომ ეს დიდი საუნჯე არ მოკლებოდა მათ შთამომავლობას და გადაგვირჩინა გალობა. ახლა სიტყვა XXI საუკუნის ეკლესიაზეა. საგალობელთა სანოტო ხელნაწერების ათასობით ნიმუში ელის თავის დროს რათა ეღირსოს ხელმეორედ დაბადება და მეცნიერული შესზწავლა. აუჟღერებელი ჰანგი ეს იგივე დაჟანგული და უმოქმედო მახვილია. ტაძრების შენება კეთილი საქმეა, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ, ტაძრის შენება მთავრდება მასში გამართული მსახურების აღმშენებლობით, რომლის მიხედვითაც გალობასა და კითხვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აკისრია. ჯეროვანი გალობა და კითხვა არ აძლევს მორწმუნეს საშუალებას გონების გაფანტვისა. იგი +04;ხდენს კონცენტრირებას ლოცვაზე, განაწყობს მორწმუნეებს მდუმარებისაკენ. მისი დინების ტემპი ორგანულადაა შერწყმული ლოცვის სულისკვეთებასთან. აჩქარებული ლოცვა დაუშვებელია. აჩქარების დროს მხოლოდ გონებით შეიძლება მოხდეს ლოცვის აღქმა და არა მისი გულით გააზრება, რაც უმთავრესი რამაა. ამისათვის ეკლესიაში დადგენილია აუჩქარებელი და ზომიერი ტემპი კითხვა-გალობისა. ამდენად ის კი არ უნდა მოვარგოთ ჩვენს სურვილებს და შეხედულებებს, არამედ, პირიქით, ჩვენ უნდა მოვერგოთ მას. სამგიეროდ იგი შეგვასწავლის სწორად ლოცვას და სწორ ღმრთისმსახურებას, რაც აგრერიგდ გვჭირდება. რაოდენობით ხომ არ განისაზღვრება, მთავარია ღმერთმა შეიწიროს ჩვენი ლოცვა. გულმოდგინე და აუჩქარებელ ლოცვა-გალობას შეიწირავს და აჩქარებულს და უგულოს კი არა. (ჩართვა) ქართული გალობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობის და ერის თვითმყოფადობის გამოვლინების ერთერთი ქვაკუთხედია, იგი მშვენებაა ჩვენი ერისა და ეკლესიის. ტალანტის დაფლვა მიწაში დიდი ცოდვაა. ვისაც მეტი მიეცა მას მეტიც მოეთხოვება. ქართველებს მოგვცა ღმერთმა ეს დიდი საუნჯე და მას მოვლა-პატრონობა სჭირდება. იესო ქრისტე გუშინ, დღეს, ხვალ უცვალებელია, ამდენად ისევე შვენის მას იმ სულით მსახურება, როგორც ემსახურებოდნენ მას ჩვენი მამები, რათა ჩვენც მათ მსგავსად ვთქვათ: - კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო. ქართული გალობის აღდგენა ქართველი ერის დიდი ვალდებულებაა ღვთისა და წინაპრების წინაშე და ამავე დროს აღმსარებლობის საკითხიცაა, როგორც ეს წმ. ბასილი დიდის კანონებშია გადმოცემული. დღეს აქცენტი ძველის შენარჩუნებასა და მის მეცნიერულ შესწავლაზე უნდა გაკეთდეს. ხოლო იმისათვის, რომ შიქმნას ახალი მიმართულებები ან დაიწეროს ახალი საგალობლები, აუცილებელია ორი პირობა, რასაც, ვფიქრობ, გეგემაზომიერი მუშაობის მიხედვით ათეული წლები ესაჭიროება. ესაა ღრმა სულიერება და ასეთივე მეცნიერული ცოდნა. რომელიმე ერთის გამოკლება სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს. სულიერებას თავი რომ ვანებოთ გალობის ღრმა მეცნიერულ შესწავლას ესაჭიროება დიდი დრო. მითუმეტეს, რომ იგი არამატერიალური სულიერი კულტურის ნაყოფია. სასურველია ეს ყველას ესმოდეს და ძალისხმევა და გულმოდგინეობა აქეთკენ მიემართებოდეს. ქართული გალობისა და საეკლესიო კითხვის აღდგენა პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკლესიაში იმ წესისა და საფუძვლების აღდგენასთან, რასაც ქართულ ენაზე ღმრთისმსახურება ჰქვია, რომელშიც რათქმა უნდა მარტო სამეტყველო ენა არ მოიაზრება. საუკუნეებგამოვლილ ქართულ მუსიკალურ კილოშია ჩაქსოვილი ქართველი ქრისტიანის მთელი შინაƮ6;ანი ბუნება და მხოლოდ ქართული სამეტყველო და მუსიკალური ენის ერთობლიობით შეიძლება იპოვოს და აღიდგინოს თანამედროვე ქართველმა ქრისტეანმა მისთვის არსებული ბუნებრივი მდგომარეობა და სასაუბრო ენა ღმერთთან და წმინდანებთან მიმართებაში, რაც აგრერიგად სჭირდება ჩვენს ერს და რომლის მწვავე პრობლემასაც განვიცდით დღეს. აკაკი წერეთელი, როდესაც თავისი ბავშვობისდროინდელ გალობას და საეკლესიო კითხვის წესს იგონებს, აღნიშნავს: - მეტყველების კილოში ყოფილა იმისთანა ძალა, რომელიც არც სხვისი ენით გამოითქმის და არც კალმით აიწერება!... იმისი მხოლოდ გრძნობა შეიძლება და ვაი იმ ხალხს რომელსაც ის გრძნობის საუნჯე, ის კილო დაეკარგება!!! თუ შევქმნით ქართული ტრადიციული მუსიკის შესწავლის ერთიან სისტემას, საქართველოში წლების შემდეგ სრულად აღდგება ქართველთა მუსიკალური ენა და მრავალხმიანობაში აზროვნება. შეურყვნელად იქნება დაცული მისი საშემსრულებლო მანერაც, რომელსაც ჩვენ კანონიკის დონეზე განვიხილავთ. რაც შეეხება გალობა-კითხვის ბგერას. ქრისტეანულ მართლმადიდებლობაში ყველაფერი ექცევა, იზომება და ცნობიერდება მართალი სარწმუნოების ღმერთკაცობრივ ჭრილში, ჯვარის ფორმაში, ვერტიკალ-ჰორიზონტალში ანუ სხვაგვარად მისტიკისა და რეალობის ჰარმონიულ გადაკვეთაში. აქედან გამომდინარე მისი ბგერა უნდა იყოს ერთდროულად მისტიურიც და მიწიერიც. არც მარტო მიწიური, რადგან მიწიურს აღმაფრენა არ გააჩნია და არც მარტო ფსევდომისტიური, რომ რეალობის შეგრძნებას არ მოვწყდეთ. მისი მისტიური და მიწიერი ვექ;ტორები ერთმანეთისკენ უნდა მიემართებოდეს. მისი მახასიათებლები ასეთია: მდაბალი, სასოებით განმსჭვალული, მხნე, წმინდა და უვნებო ბგერა. ამავე დროს იგი ზარის ხმას მოგვაგონებს. ეკლესიებიდან გამოსული გალობის ხმა ზარივით უნდე რეკდეს. ქართული გალობის ზარები ირეკება და ისინი მოგვიხმობენ ლოცვად და მადლის მისაღებად. ამინ!

ავტორი:: Valeri Shariphashvili 

2011-07-20

მოსე ჯანაშვილი – “საქართველოს დროშა”

საისტორიო პატარა ცნობა

ფარნავაზმა საქართველო ცხრა მისადევრად გაანაწილა და ყველას დაუდგინა ერისთავი. ეს მისადევრები ანუ საერისთავოები იყვნენ:
1-ლი: რიონის დასავლეთი შავ ზღვამდე და ეგრისის წყლამდე სვანეთითურთ.
2-ე: რიონსა და ღადო-მთის შორისი მცირე ლიხიდამ ზღვამდე. შორაპანი შეიქმნა მისადევრის სატახტოდ.
3-ე: კახეთ-კუხეთ-ჰერეთი.
4-ე: ხუნანი, ბერდუჯსა (დებედას) და მტკვარს შუა ტფილისამდე.
5-ე: სამშვილდე ვერის-წყლიდან ფარავნამდე აბოცითურთ.
6-ე: წუნდა, მტკვრის აღმოსავლეთი ფარავნამდე და თავამდე მტკვრისა.
7-ე: ოძრახოს, ტაშისკარს ზეითი ზღვამდე და ჭოროხამდე გურიითურთ.
8-ე: კლარჯეთი ზღვამდე.
9-ე: შიდა-ქართლი.

შიდა-ქართლის ერისთავი დაადგინა საქართველოს ლაშქრის სპასპეტად და მას დაუმორჩილა ყველა დანაშთენი ერისთავები, რომელნიც თავიანთ მისადევრების ხვედრ სახელმწიფო ხარკს მასვე წარმოუდგენდნენ.
თამარ მეფის დროს იყვნენ ერისთავები სვანთა, რაჭისა, აფხაზთა, ცხომისა, ოდიშისა, ლიხთ იმერ-ამერთა (გამგეობა სურამს), კახეთისა, ჰერეთისა, სამცხისა, რომლის ერისთავი ითვლებოდა სპასალარად მის მისადევრის ერისთავებისა.
საერთო ლაშქრობის დროს ირაზმებოდნენ 4 სადროშოდ:- მოწინავედ (სამცხელნი), მემარჯვენედ (იმერნი), მემარცხენედ (კახ-ჰერნი) და მეშუაგულედ
(ქართლელნი მეფის მოთავეობით)…

,,ყოველი ივერია ოთხ სადროშოდ იყო განყოფილი. წინამბრძოლნი იყვნენ თორელნი, ციხის ჯვარელნი და ახალციხენი და მიმყოლნი მათნი მესხნი და
კლარჯნი, მემარჯვენე მიმსვლელ-მცემელნი სრულიად ლიხთ იქითი აფხაზ-ჯიქითურთ, მემარცხენეთ მიმსვლელ-მცემელნი ჰერ-კახნი, ხოლო მეფის ალმის
(დროშა) მპყრობელნი იყვნენ ქართლელნი და მის როქის სპანი”.
ხანდისხან ირაზმებოდნენ სხვანაირადაც, თუ ამას ბრძოლის საჭიროება მოითხოვდა.

დროშა ჰქონდათ ფერად-ფერადი. საბას ლექსიკონი:,,დროშა, მწყობრთ ნიშანი ფერად-ფერადი, გუნდთა და გუნდთა საცნობელი”. დროშას ერქვა აგრეთვე ალამი და ბაირახი. საბას ლექსიკონი:,,ალამი, სპარსულად (დ.გურამიშვილი (გვ. 42-43) ალამი და დროშა ერთი და იგივეა: „თავდახრით ალამი”…
„დროშისა თავდახრილობა”… “…თავს უხრის ალამსა), ქართულად სამხრე ზორტი გინა ნიშანი რაიმე შუბთა და მისთანათა”.
ჯამბაკურ ორბელიანი ამბობს:”ერეკლე მეორის ბაირაღის ერთ მხარეს იყო ღვთისმშობელი ძით და მეორეს წმ. გიორგი.
წ.კ. საზოგადოებაში ერთი დიდი სურათია, რომელზედაც გამოხატულია თამარ მეფე. იქვე მაღალს ბუნზე (ტარი) აფრიალებულია ფერადი დროშა ღვთისმშობლის სახით, აგრეთვე კატარღა მეომრებით, რომლებთაც უფრიალებთ თეთრი დროშა, ქვემოთ კიდევ უცხოელნი, რომელთაც გუდებით მოაქვთ ხარკი.
ტარიელის დროშა რუსთველის ჩვენებით ავმართე დროშა ალმითა (ვისრამიანშიაც ცალ-ცალკე იხსენიებიან დროშა და ალამი. ,,შენი ალამი და დროშა ცად გაიწია ”წითელსავითა”.

ადრითგანვე სახელი გაითქვა ვახტანგ გორგასლის დროშამ და მერმე დავით აღმაშენებლისამ, ამ დროშებს გამარჯვებით ატარებდნენ თამარ მეფის მეომრები.
,,მოიხედეს-რა, იხილეს მეფე (დავ. სოსლანი) და რაზმი მისი მახლობელად და დროშა იგი გორგასლიანი, რომელი სინდეთს შესლვითგან მოსპეტაკობდა რეცა
სიბერისა სახედ (ქ. ცხ. 307). “მოიღო (თამარმა) დროშა სვიანად ხმარებული, გორგასლიანი და დავითიანი, და შეავედრა მასვე ვარძიის ღვთისმშობელსა დროშა და ლაშქარი დალოცა და წარავლინა სპარსეთს” (ქ. ცხ. 329).
შავთელი დ. სოსლანის შესახებ ამბობს “იყვის რა ზრითა ურიცხვ რაზმითა გულის მდებელად თვისთა სპათათვის, გორგასლიანი-დავითიანი დროშა იახლის მსვრელად მტერთათვის”.

შემდეგ საუკუნოებში მრავალ სადროშოებად დაიყვნენ ამერ-იმერნი, მაგრამ, მიუხედავად ძალთა დაქსაქსვისა, ქართულს თავისუფლების დროშას გმირულად ემსახურებოდნენ.

“საქართველო” 1917, N 124, 10 (22) თიბათვე, გვ. 3-4

მოსე ჯანაშვილი – „მარიამ დედოფალი”

მოსე ჯანაშვილი – „მარიამ დედოფალი

მარიამი გიორგი ციციშვილის ქალი იყო. მეფე გიორგი მეთორმეტეს პირველი ცოლი რომ გარდაეცვალა, შეირთო ეს მარიამ ციციშვილი, ლამაზი, ჯერ ისევ ნორჩი და მეტისმეტად მტკიცე ხასიათის ქალი.
მარიამ დედოფალი ხანჯლით ჰკლავს 
გენერალ ი. პ. ლაზარევს, 1803 წ


 მარიამი დაქვრივდა 1800 წელს და დარჩა წვრილი შვილები:მიხეილი (7 წლისა), ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი, თამარ და ანა.
 ათას რვაას სამის წლის თორმეტ აპრილს, კვირა დღეს, ამათ დედითურთ ტკბილად ეძინათ სამეფო სასახლეში.
 რიჟრაჟდებოდა, ბინდს სინათლე ედავებოდა.
 ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რა საზარლობა დატრიალდებოდა იმ საწოლში, საცა მყუდროდ ეძინა სამეფო სახლობას.
 პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა, იმ დროს საქართველოს მმართველად რომ იყო, მთავრობა დაარწმუნა, საქართველოში წესრიგი არ დამუშავდება, ვიდრე სამეფო სახლობის წევრები აქ იქნებიანო. ამის გამო აქ აღარავის ედგომინებოდა, ბატონი-შვილებიცა და ქვრივი დედოფლებიც უნდა გასცლოდნენ სამშობლოს და წასულიყვნენ რუსეთს, საცა საკმაო საზდო ეძლეოდათ.
 მარიამს ძლიერ სურდა დარჩენილიყო საქართველოში და აქ დაელია სული. მაგრამ როგორ? მარტო საკუთარი სურვილი საკმაო არ იყო. რახან გადაწყვეტილი იყო მათი აყრა და გადასახლება, ამასაც დარჩენის ნებას არ მისცემდნენ. საჭირო იყო გაჰქცეოდა პავლე ციციანოვს, მაგრამ სად და როგორ? თავშესაფარად მარიამმა აირჩია ფშავ-ხევსურეთი. განზრახვის აღმასრულებლად მოიწვია ფშაველი გადილა, კაცი გულადი, წარმოსადეგი. ყოველივე მზათ იყო დედოფლის გასატაცებლად. თვით გადილაც ჩამოვიდა ქალაქს. ცხენები დააბინავა კუკიაში და დედოფალს ეწვია.
 მაგრამ რა იცოდა გულუბრყვილო მთიელმა, რომ სწორედ დედოფლის კარზედ მას უყარაულებდა მოღალატე და ხაფანგის დამგები. ეს გახლდათ კალატოზოვი, რომელიც, პოლკოვნიკ როტიერის სიტყვით, იყო ქართველი აზნაური და დედოფლის კარის კაცი, სასახლეში მეტად სანდოდ მიჩნეული. დედოფალსა და მთიელებ შორის მიწერ-მოწერაში ეს კალატოზოვი დიდ მონაწილეობას იღებდა და ამავე დროს ყველაფერს დაწვრილებით პავლე ციციანოვსაც ატყობინებდა.
 გადილა რომ ტფილისში ჩამოვიდა, იგი ეწვია ციციანოვს, რომელსაც სურვილი ჰქონდა ფშაველის პირადად ნახვისა. კალატოზოვი ამ დროს სკამ ქვეშ შემალულიყო.
 ციციანოვი თარჯიმანის პირით გადილას შეეკითხა:
 -რათ ჩამოსულხარ, გადილ ქალაქში?
 -მარილის საყიდლად.
 -ჰაა! სიმართლეს ნუ მიმალავ.
 -მხოლოდ მარილის საყიდლად ჩამოვსულვარ.
 -ფშაველო! შენი სიცოცხლე დამოკიდებულია სიმართლეზე და თუ სიმართლეს დამიმალავ, იცოდე, შემიძლია ახლავე თავი გაგაგდებინო.
 -მერე ვისი ხელით გამაგდებინებ თავს? განა თუ ეს თარჯიმანი გაბედავს ამას? – განრისხებულმა იტაცა ხმალზე ხელი და სთქვა გაბრაზებული:,,განა აღარ მაქვს ჩემი ხანჯალი, რომელიც არასოდეს არ მშორდება?”
 ციციანოვი დარწმუნდა, რომ მუქარით ვერას გახდებოდა, მიუახლოვდა გადილს, მხარზე ხელი დაადო და დაყვავებით სთხოვა, მართალი ეთქვა. იგი არ ტყდებოდა, ისევ თავისას გაიძახოდა.
 ამ დროს სელის ქვეშიდან გამოძვრა კალატოზოვი.
 ზიზღით და ბრაზით აივსო გადილა.
 კალატოზოვი კი ეუბნებოდა მას:
 - გადილა, ნუღარ უარობ, გამოტყდი, აღიარე, რისთვის ჩამოსულხარ, აბა ჩემთან როგორ იტყვი უარს! განა არ გახსოვს, რომ მეც ვიყავი დედოფალთან, როცა შენ მას მოახსენე, ყველაფერი მზად არის ქალაქიდგან თავის დასაღწევადო, და მთებში წასასვლად კუკიაში ცხენები გიცდიანო.
 გადილა მაინც უარობდა: “სულ ტყუილია და სიცრუვეო”.
 ექვსი გრენადერი შემოვიდა, შებოჭეს, იარაღი ახადეს და ციხისკენ წაიყვანეს. მიმავალს კალატოზოვმა სილა შემოჰკრა. გადილამ ამპარტავნულად მიაძახა: “მქონოდა ხანჯალი, ნახავდით თქვენს ყოფას, ყველას ერთად გაგწყვეტდითო!”
 ციციანოვი უშიშარი, გამბედავი, კანონისა და სიტყვა-საქმის კაცი იყო და გენერალ-მაიორს ლაზარევს უბრძანა მეორე დღესვე ქვრივი დედოფალი დიდის პატივით რუსეთისკენ გაესტუმრებინა.
 როგორც ვსთქვით, კვირა თენდებოდა, რომ სასახლეში მოვიდა ლაზარევი. მას თან ახლდა თარჯიმანი სომეხი კაპიტანი სოროკინი (კაჭკაჭევი იქნებოდა) და ორი რაზმი ქვეითის ჯარისა.
 დედოფალს გამოჰღვიძებოდა და ფეხმოკეცილი ლოგინშივე იჯდა. დანარჩენთ ისევ ეძინათ. ლაზარევი შემოვიდა მისს ოთახში, თარჯიმანის პირით მოახსენა:
 ,,ადექით! უნდა წახვიდეთ
 დედოფალმა მშვიდის ხმით მიუგო:
 - რისთვის უნდა ავსდგე ახლა? ვერ ხედავთ, ჩემს შვილებს ჯერ ისევ ტკბილადა სძინავთ? უცებ რომ გავაღვიძო, აწყენთ, სისხლი გაუფუჭდებათ. ასეთი საჩქარო ბრძანება ვინ მოგცათ
 -ციციანოვმა.
 -ციციანოვი ცოფიანია.
 პოლკ. როტიერის (როტიერი 1811-1818 . განაგებდა მეოცე დივიზიის შტაბს, რომლის უფროსად იყო თავ. ორბელიანი (,,მოამბე” 1894, N VII, გვ. 1), აზრით დედოფალს ამ სიტყვებით იმის თქმა უნდოდა, რომ ციციანოვი თავის გვარის ღირსი არ არისო, რადგან თავის ნათესავებს აგრე სასტიკად ეპყრობაო.
 ამასობაში დედოფალმა მუხლებზე დაიდვა მუთაქა, რომლის ქვეშ შეუმჩნევლად დამალა თავის ქმრის მეფე გიორგის ხანჯალი.
 ლაზარევი დარწმუნდა, რომ დედოფალი შვილების გაღვიძებამდე გვაცდევინებსო, ამიტომ მიუახლოვდა ტახტს და უნდოდა დედოფლისათვის ფეხში ხელი ეტაცნა და წამოეყენებინა, მაგრამ, ვიდრე ლაზარევი სწვდებოდა, დედოფალი წამოვარდა ელვის სისწრაფით და ისე ძლიერად ჩასცა ლაზარევს ხანჯალი მარცხენა გვერდში, რომ ხანჯლის წვერი მეორე მხარეს გავიდა. მერე გამოაცალა ხანჯალი, თავში დაარტყა და სრულის გონებით მიაძახა: “ასეთის სიკვდილის ღირსია ის, ვინც გაბედა და ჩემს უბედურებას უპატიურებაც დაურთოო”.
 ლაზარევი იქვე უსულოდ დაეცა.
 სოროკინმა იძრო ხანჯალი და რამდენიმეჯერ დაჰკრა დედოფალს.
 ხმაურობაზე გამოეღვიძა ელენეს, დედოფლის დედას, და გასისხლიანებული შვილი რომ დაინახა, მივარდა და გულში ჩაიკრა.
 ოთხმა აფიცერმა გაასვენეს ოთახიდამ ლაზარევი. სასახლე გაივსო ჯარის კაცებით. დედოფალი შვილებითურთ ჩასვეს ეტლში და დარიალისკენ წაიყვანეს.
 გზაზე ჯიბრაილი შეეკითხა დედას:
 -დედა, რათ მოჰკალი ის აფიცერი?
 -თქვენის სიკეთისთვის.
 -მაშ, დედა, თქვი, რომ მე მოვკალი ის კაცი და შენ აღარას გავნებენ.
 მარიამი ბელგოროდის მონასტერში ჩაამწყვდიეს ცოდვების მოსანანიებლად. დედოფალი დიდხანს დარჩა და მერე კი სასჯელი ეპატია. მარიამი ვეღარ ეღირსა სამშობლოს ნახვას, იგი რუსეთში გარდაიცვალა.
 ათას რვაას ორმოცდა თერთმეტ წელს მარიამ დედოფლის ნეშტი დიდის ამბით გადმოასვენეს საქართველოში და მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

ქართლი” (გორი) 1912, N 7, 8 ივლ. გვ. 2-3.