2011-04-28

წუთისოფლის სტუმრები ვართ


ელ გრეკო, აპოკალიფსი                     
წუთისოფლის სტუმრები ვართ
ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება
თუ ერთმანეთს არ ვახარებთ
ამის მეტი რა დაგვრჩება

ფერხული ჩავაბათ ბიჭო
ახლა კი შემოვუაროთ
მარჯვნივაც შემოვუაროთ
მარცხნივათ შემოვუაროთ
ფერხული ჩავაბთ ბიჭო
ახლა კი შემოვუაროთ
მარჯვნივაც შემოვუაროთ
მარცხნივაც შემოვუაროთ
ფერხული ჩავაბთ ბიჭო

2011-04-23

მარადიული ევროპა თანამედროვე ევროპის ფონზე

«ერთადერთი სიმდიდრეა მორალური მშვენიერება» (ციცერონი).
«ბედნიერება, უმაღლესი სიკეთე არის პატიოსანი და გულწრფელი ცხოვრება და მეტი არაფერი», სათნოება საკმარისია ბედნიერი ცხოვრებისთვის» (ციცერონი, სტოიკოსთა  პარადოქსები,  ძვ.წ.46 წ., ფრანგული გამოცემა, 2004). 

«დაბადებისას ყოველ ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება, მაგრამ ვაი მას ვინც ისარგებლებს ამ უფლებით»  (ინგლისელი მწერალი, მისტიკოსი და ოკულტისტი, რომანებით, ანტიუტოპიებით და  მესკალინიდან მიღებული ნარკოტიკით და ლსდ-თი ძლიერი ემოციებისა და ნეტარების ძიებით ცნობილი ოლდოს ხაკსლი (1894-1963).

მაგრამ დავუბრუნდეთ მარადიული ევროპის წარმომადგენელ ადვოკატს, ორატორს, ფილოსოფოსსს და ფილოსოფიის პროპაგანდისტ  მარკუს ტულიუს ციცერონს (ძვ. წ. 106-ძვ.წ. 44 წელს მოკლეს ანტონიუსის ჯარისკაცებმა).

«ერთადერთი  სიმდიდრეა  მორალური მშვენიერება» (ციცერონი).
     
… ვფიცავ რომ არასოდეს მიფიქრია რომ კარგი და სასურველია  ფული, სასახლეები, სიმდიდრეები, უმაღლესი ძალაუფლება და  ავხორცობა რომელიც იმონებს ამ ადამიანებს (ციცერონი  «ამ ადამიანებში» უნდა გულისხმობდეს მის თანამედროვე ეპიკურეველებს), და ეს განსაკუთრებით მას შემდეგ ვიგრძენი  რაც დავინახე რომ  მეტისმეტი სიმდიდრე მხოლოდ ამძაფრებს მისი მფლობელების წადილებს. სიხარბე არის წყურვილი რომელსაც ადამიანი ვერასოდეს დაამშვიდებს ან მოიკლავს.მფლობელებს სტანჯავს როგორც დაგროვების გააფთრებული სურვილი ისე უკვე დაგროვებულის დაკარგვის შიში.

ამის თაობაზე მე ხშირად ამაოდ ვეძებ სიფრთხილეს ჩვენი წინაპრებისა რომლებიც მიუხედავად ამისა ესოდენ ზომიერად ცხოვრობდნენ მაგრამ მათ სწამდათ რომ მათ სიკეთე, მატერიალური სიკეთე  შეიძლებოდა ეწოდებინათ ბედის ესოდენ არამდგრადი და სუსტი ნაყოფისთვის მაშინ როდესაც მათი ქმედებები უარყოფდნენ ამ განსჯას ( ციცერონი უეჭველად გულისხმობს წყალით გარშემორტყმულ მაგრამ წყურვილის მოკვლის უნარს მოკლებულ ტანტალს. სიფრთხილე სტოიციზმის მამა ზენონისთვის ყველა სხვა სათნოებათა დამფუძნებელი სათნოებაა. ციცერონი მას შემდეგნაირად განსაზღვრავს : « სიფრთხილე არის ყველაფერი კარგის თუ ცუდის ცოდნა, ისევე როგორც ყველაფრისა რაც არაა კარგი თუ ცუდი». ისაა აგრეთვე ცხოვრების ხელოვნებისთვის იგივე რაც მედიცინა არის მკურნალობის ხელოვნებისთვის ( დე ნატურა დეორუმ III, XV,38; დე ფინიბუს...V, 16-17. დაბადება და სიკვდილი ბედის პასუხისმგებლობაა სტოიკოსების აზრით, ყველაფერი რაც ხდება მათ შორის ფორტუნას, ბედის სფეროა და რჩება გაურკვეველი და წინასწარ წარმოუდგენელი ).


მატერიალური სიკეთე განა შეიძლება მავნებელი იყოს? სხვა სიტყვებით შეიძლება თუ არა არ იყოს სათნო, კეთილი კაცი  მატერიალურ სიუხვეში მცხოვრები ადამიანი? არადა სწორედ ამას ვხედავთ ყველგან: მდიდრები ხშირად არიან უპატიოსნო ადამიანები, მაშინ როდესაც ქონება აკლიათ უფრო სათნო, უფრო ღირსეულ ადამიანებს. დაე ამიგდონ მასხრად თუ უნდათ. სწორი აზრი უფრო დიდ გავლენას მოახდენს ჩემზე ვიდრე საზოგადოებრივი აზრის ცრურწმენები....

მაშ რა არის სიკეთე, სიმდიდრე, მნიშვნელოვანი? იკითხავს ვინმე.

სიმდიდრეს, სიკეთეს, მნიშვნელოვანს მე ვუძახი მხოლოდ იმას რაც შეესაბამება  გულწრფელობის, პატიოსნების და სათნოების წესებს.სწორედ სამართლიანი, პატიოსანი, სათნო არის მხოლოდ სიკეთე, სიმდიდრე,..

ამბობენ რომ უმაღლესი სიკეთეა სიამოვნება. მაგრამ ეს უფრო ველური მხეცების ენაა ვიდრე ადამიანებისა.       
როგორ, შენ ღმერთისგან ან ბუნებისგან, ამ უნივერსალური დედისგან მიიღე სული რომელსაც ვერაფერი უთანაბრდება სრულყოფილებით და ღვთაებრიობით და შენ დაეცემი იქამდე რომ დაიჯერებ რომ არ არსებობს არავითარი განსხვავება შენსა და პირუტყვს შორის?  განა სიკეთე და სიმდიდრეა ის რაც ადამიანს არ ხდის უკეთესს?   სიკეთე და სიმდიდრე მხოლოდ ისაა რის გამოც მის მფლობელს შეუძლია საკუთარი თავის პატივისცემა კანონიერად. ყველაზე მეტ ქებას იმსახურებს ის ვინც ყველაზე მეტად უზიარებს სხვებს თავის სიკეთეს და სიმდიდრეს. განა შეიძლება მსგავსი უპირატესობების ნახვა სიამოვნებაში? განა სიამოვნება ადამიანს უკეთესსა და უფრო პატივსაცემს ხდის? ვის აღარ უკვეხნია სიამოვნებებით როგორც საპატიო წოდებებით?

სიამოვნება არაა ნამდვილი სიკეთე და სიმდიდრე, პირიქით, რაც უფრო ძლიერია სიამოვნებისკენ სწრაფვა და მორჩილება სიამოვნებისადმი მით უფრო არღვევს ის გონების წონასწორობას და ბუნებრივ საფუძველს. მაშ უმაღლესი სიკეთე და სიმდიდრეა მხოლოდ პატიოსანი და გულწრფელი ცხოვრება.

(თავი ციცერონის ნაშრომისა სტოიკოსთა პარადოქსები, პარიზი, 2004, გვ. 13-21; თარგმნა ფრანგულიდან გ. მარჯანიშვილმა).

2011-04-21

დავიწყებული ვალერი ჭალიძის არქივიდან:

სისხლის სამართლის დანაშაულები:
უკვე დიდი ხანია რაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მაჰმადიანთა რელიგიურ ხელმძღვანელობასთან ერთად ანტიქართული პოლიტიკის გატარებისას ყველანაირად ცდილობს ქრისტიანულ საკულტო შენობათა (შუა საუკუნეების ქართული ეკლესიების) მოსპობას, ანგრევს მათ სხვადასხვა საბაბით, სტოვებს მათ სახელმწიფო დაცვის გარეშე და ა.შ., თუმცა ისტორიული ღირებულების არმქონე XVIII-XIX საუკუნეების მიზგითებს მკაცრად იცავენ როგორც «კულტურის ძეგლებს.»

მაგრამ ეხლა ანტიქართული ელემენტი დაადგა პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულთა გზას.

1971 წლის აგვისტოში კვალიფიცირებულად და ორგანიზებულად ააფეთქეს ზაქათალის რაიონის სოფელი ალიაბადიდან ექვსი კილომეტრის მოშორებით არსებული ღვთისმშობლის ქართული ეკლესია,შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი.

დამნაშავეთა «ხელწერა» იგივეა რაც იყო ბოლო წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონების ტერიტორიაზე მდებარე შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების აფეთქებისას. ეს ლაპარაკობს იმაზე რომ ორივე შემთხვევაში მოქმედებს მაღალკვაკიფიცირებული დამნაშავე ხელი.

ზაქათალის,ბალაქანისა და კახის რაიონებში მეფობს ბანდიტიზმი და ტერორი. რაიონების ხელმძღვანელობისა და როგორც ჩანს მასთან დაკავშირებული დამნაშავე ელემენტების მსხვერპლებად ხდებიან აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად გამომავალი ქართველები.

1969 წლის თებერვალში ზაქათალის რაიონის სოფელი ალიაბადის კოლმეურნეებს კონფლიქტი მოუვიდათ რაიონის კომპარტიის რაიონული კომიტეტის პირველ მდივან ახმედოვთან (კოლმეურნეობის თავმჯდომარე რაჯაბოვის უკანონობათა გამო. რაჯაბომა მოისურვა ქართული სკოლების დახურვა). კოლმეურნეთა კრებაზე ახმედოვმა გლეხებს სულ ცხვრები და ოხრები უძახა. ამის შემდეგ მრავალი გლეხი დაიჭირეს და მათ მიუსაჯეს სხვადასხვა ვადის პატიმრობა), ხოლო სოფელში დაიწყო ნამდვილი ტერორი. მხოლოდ ერთი წლის მანძილზე დაწვეს გლეხთა 44 შენობა,მას შემდეგ კი-130-ზე მეტი. მოიპარეს ან მოკლეს მრავალი პირუტყვი.

სოფელ ალიაბადში აღნიშნული მეთოდებით სდევნიან არა მხოლოდ იმათ ვინც გამოდის ადგილობრივი ხელისუფლების მატერიალურ ბოროტმოქმედებათა წინააღმდეგ არამედ იმათაც ვისი შვილები სწავლობენ საშუალო სკოლის ქართულ სექტორზე. დევნის მეთოდებია აგრეთვე ჩხრეკვები ვითომ «დამზადე-
ბისთვის» პროდუქტების ამოსაღებად, ბაზარზე ვაჭრობის აკრძალვა და ეკონომიკური რიგის სხვა წვრილი სა,ქციები....

ჯერ კიდევ 1958 წელს სოფელ ალიაბადში იდუმალ გარემოებებში მხეცურად მოკლეს ფ.მახმუდოვი,1964 წელს კი ასევე მხეცურად და ასევე იდუმალ ვითარებაში - ი.დედეევი, რომელიც იყო თბილისის სკოლა-ინტერნატში ნასწავლი ახალგაზრდა ინგილოებისგან შემდგარი ფეხბურთელთა გუნდი «ჰერეთის» წამყვანი მოთამაშე რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ამ გუნდის მიერ პირველი ადგილის აღებას ზაქათალის რაიონში. ორივე ახალგაზრდა გამოდიოდა ახმედოვის და რაჯაბოვის ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. 1970 წელს ასევე იდუმალ ვითარებაში დაიღუპა ხანში შესული კოლმეურნე ქალი ხ. მამედოვა (მოსაშვილი),რომელიც ასევე გამოდიოდა ხელმძღვანელობის ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ და საჩივრად იყო წასული როგორც კოლმეურნეთა დელეგაციის წევრი. არც ერთი მკვლელობა არ იქნა გამოძიებული...კახის რაიონში ანალოგიურად მოკლეს ა.ბაირამაშვილი,
შ.ტარტარაშვილი,ა.დუკაშვილი,გ. თამაზაშვილი (აზერბაიჯანული ფორმის გვარები მაჰმადიანი ინგილოებისაა, მათ არ აძლევდნენ ქართული ფორმის გვარების ტარების უფლებას;მთარგმნელი).

//ესაა ნაწყვეტი წერილისა რომელიც ინგილოებმა არჩილ ნიკოლოზის ძე ოთარაშვილმა და მირონ ისაკის ძე გამხარაშვილმა ოდესღაც მისწერეს საბჭოთა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივან ამხანაგ კოლბინს. ეს წერილი მთლიანად ვალერი ჭალიძემ რუსულად გამოაქვეყნა თავის წიგნაკში «ეროვნული პრობლემები და პერესტროიკა»,
Chalidze Publications,1988,Benson,Vermont 05731 Manufactured in USA,გვ.207-209//.

რა თქმა უნდა ქართველების პრობლემებისთვის მაშინ არავის ეცალა. «დღის წესრიგში» იყო საქართველოს «მცირე იმპერიის» ნგრევა...იქნებ ეხლა ვინმემ გაიხსენოს რომ ქართველებიც ადამიანები არიან...

თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა 

2011-04-17

ევროპული ანაბანა: პოლიტიკა და რწმენა მამა ფრანსუა ვარიონთან


   ანრი მადელა, ევროპელ იეზუიტთა სამსახური,

         (ფრანგ კათოლიკეთა გაზეთი « ლა კრუა» ( «ჯვარი»), 2011 წლის 17 აპრილი).

                  ზოგჯერ ბუნდოვან პოლიტიკურ ბრძოლებში  მარტო ჩვენ თვითონ, დამოუკიდებლად, ან სხვებთან ერთად უნდა ვისწავლოთ უარის თქმა იმაზე რაც ამდაბლებს ადამიანს, რაც უკან სწევს მას და უნდა ვცადოთ უკეთესის ან,ზოგჯერ, ნაკლები ბოროტების  სივრცის გაფართოება.

              პოლიტიკის სფეროში, ისევე როგორც სხვაგან, მოქმედებამდე უნდა დავეკითხოთ სახარებას, მაგრამ აგრეთვე უნდა გავაანალიზოთ ჩვენი კონკრეტული მდგომარეობა.  ქრისტიანი შემოქმედებით გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ორი შუქის, სახარებაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების, სამართლიანობის და სიყვარულის მომთხოვნი  შუქის და და სწორედ გაანალიზებული კონკრეტული ვითარებიდან მომდინარე შუქის შეყრის ადგილას. თუ კი დავკმაყოფილდები სახარებით ვითარებათა ანალიზის დონეზე კომპეტენციის მისაღებად ჩემი მორალი იქნება ეკლესიის ბავშვთა გუნდის წევრის მორალი. მაგრამ თუ კი დავკმაყოფილდები ვითარების ანალიზით სახარებისთვის მიუმართავად ჩემი მორალი წარმართული, ვითარების  მორალი იქნება. საჭიროა ორი შუქის შეერთება და მათი შეხვედრის ადგილას უნდა მივიღო მე გადაწყვეტილება ყველა რისკით რომელსაც ის გულისხმობს.

            მამა ფრანსუა ვარიონის აზრით პოლიტიკური საკითხი არის ჩვენს ცხოვრებათა გულში. ყველა  ადამიანი შეგნებულად  თუ ამის გაუცნობიერებლად ჩაბმულია პოლიტიკაში. არ დგას პოლიტიკობის თუ პოლიტიკისგან განზე გადგომის საკითხი. ლაპარაკია შეგნებულად, გაცნობიერებულად პოლიტიკოსობაზე.

             დუმილი, განზე გადგომა, შეწყნარება თუ დათანხმება,  უარყოფა, ხმის ამოღება და აზრის გამოთქმა,მოქმედების დაწყება, ყველაფერი ეს არის ადამიანში პოლიტიკური სიმის აჟღერება.

               გაჩუმება თუ ლაპარაკი, განზე გადგომა თუ თუ მოქმედებაში ჩაბმა  არის პოლიტიკური გადაწყვეტის გულში მყოფი ძალთა თანაფარდობის რომელიმე მხარეს გადაწონვისთვის სასარგებლო ფორმები. არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ერთ-ერთი უპირველესი პოლიტიკური ძალაა ინერციის ძალა. ამის მნიშვნელობა უკეთ გვესმის როდესაც ვხედავთ ჩვეული ძილიდან უეცარ გამოღვიძებას, როგორც ეს ხდება დღეს ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე.

           ზოგი ქრისტიანებს თვლის «სუფთა ხელებიან» ადამიანებად. მამა ვარიონი გმობს « წმინდა ხელების ყალბ აპოლიტიზმს».

           ცნობილია სახელგანთქმული ანდაზა : არასოდეს ცდება ის ვინც არაფერს აკეთებს, მაგრამ მაშინ შეცდომაა მთელი ცხოვრება.

            ადამიანის სიდიადე, ხაზს უსვამს მამა ვარიონი ეკლესიის მამათა კვალზე, არის ის რასაც უწოდებენ « უმაღლეს, უკანასკნელ გაღმერთებას». ადამიანური ამოცანების შესრულებისას მისი თავისუფლების დაკნინების გარეშე გაღმერთების  ეს დაპირება ზრდის ადამიანს. მაგრამ ის მიუთითებს გადამწყვეტ კითხვაზე : «რა გინდათ რომ ქრისტემ გააღმერთოს როდესაც ჩვენ არ ვაადამიანურებთ არაფერს?»

2011-04-16

ვალერი ჭალიძის ერთ-ერთი გაფრთხილება :

ნევროზი და საზოგადოება:

ცალკეულ პირებში ნევროზის გაჩენა საბოლოო ანგარიშით არის მარტოობით,მტრული ატმოსფეროთი, შიშით და საკუთარი თავის რწმენის არქონით გამოწვეულ გრძნობათა წყების შედეგი.
ამ გრძნობათა ერთობლიობა თავისთავად ჯერ არაა ნევროზი, მაგრამ ესაა ნევროზისთვის ხელსაყრელი ნიადაგი. ისინი ადამიანს აგრძნობინებენ მის სისუსტეს და დაუცველობას პოტენციურად საშიში გარემომცველი სამყაროს წინაშე. ეს ძირითადი შიში, ან,სხვა სიტყვებით, დაურწმუნებლობის ძირითადი გრძნობა, ადამიანს უბიძგებს მუდმივი ძალისხმევისკენ საკუთარი უსაფრთხოების და დაკმაყოფილების უზრუნველსაყო-
ფად. ნევროზის არსს წარმოადგენს სწორედ ამ წინააღმდეგობრივ ძალისხმევათა არსი.

მაშ ნევროზის წარმომშობი კულტურის ფაქტორებად თავიდან უნდა განვიხილოთ ადამიანის ემოციური იზოლირების, ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ პოტენციურად მტრული განწყობის, დაურწმუნებლობის და საკუთარი უძლურების გრძნობათა გამომწვევი ფაქტორები.

ქვემოთ მოყოლილ მსჯელობებში მე არ ვაპირებ სოციოლოგიის სფეროში შეჭრას. მე უბრალოდ მინდა ორი დისციპლინის შესაძლო თანამშრომლობის მაგალითის ჩვენება.

დასავლურ კულტურებში მოქმედ და ინდივიდებში პოტენციური აგრესიულობის გამომწვევ ფაქტორებს შორის პირველი ადგილი უეჭველად უკავია იმ ფაქტს რომ მთელი ეს კულტურა დაფუძნებულია მეტოქეობაზე. კონკურენციის ეკონომიკური კანონი მოქმედებს ადამიანთა ურთიერთობებზე, უბიძგებს ადამიანს მთელი ძალღონით ბრძოლისაკენ ირგვლივ მყოფთა წინააღმდეგ.ერთის წარმატება დაბრკოლებად იქცევა მეორისთვის. ჩვენ ვიცით რომ მეტოქეობა განსაზღვრავს არა მარტო პროფესიულ ურთიერთობებს. ის იჭრება ჩვენს საზოგადოებრივ,
მეგობრულ,ოჯახურ ურთიერთობებში. მას ადამიანთა ნებისმიერ კავშირში შემოაქვს დამანგრეველი კონკურენციის, ზიზღის,ეჭვის,შურის ჩანასახი. მტრობის გრძნობის გამჩენ ფაქტორთა მორიგი ჯგუფია მკვეთრი განსხვავება მატერიალურ სიკეთეთა განაწილებისას და განათლების, გართობის,მკურნალობის შესაძლებლობებს შორის.ამავე რიგის კიდევ ერთი ფაქტორია ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ ადამიანთა მეორე ჯგუფის ექსპლუატაციის შესაძლებლობა.

დაურწმუნებლობის გამჩენ ფაქტორებს შორის წინა პლანზე გამოდის ჩვენი დაურწმუნებლობა ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში. ამას გარდა პირადი დაურწმუნებლობის და საშიშროების გრძნობას აჩენს შიშის და არაკეთილგანწყობის ატმოსფერო. წარმატების მოპოვების შემთხვევაში ადამიანს გარემომცველთა შურის ეშინია. წარუმატებლობის შემთხვევაში ადამიანს ეშინია ირგვლივ მყოფთა ზიზღისა,სხვის მიერ მოტყუებულის მდგომარეობაში აღმოჩენის შიში, და მეორეს მხრივ შიში დასჯისა ირგვლივ მყოფთა მიმართ იგივე გრძნობების გამო,მათი ჯობნა-გასწრების, ზევიდან ყურების, ექსპლუატირების,და ა.შ., გამო.

დაურწმუნებლობის გრძნობას როგორც ჩანს ასევე აჩენს ადამიანის ემოციური იზოლირება, რაც არის ადამიანთა დამახინჯებული ურთიერთობების და სოლიდარობის არარსებობის შედეგი.

საკუთარი თავის ანაბარა დარჩენილი ადამიანი სუსტია და თავს დაუცველად გრძნობს. დაურწმუნებლობის გრძნობა მით უფრო ძლიერია რომ დღეს ტრადიციაც და რელიგიაც ვერ აძლევს ადამიანთა უმეტესობას მათი დაცვის და მათი ენერგიის საჭირო კალაპოტში მოქცევის უნარის მქონე დიდი და ძლიერი ერთობის წევრობის განცდას.» ( კარენ ხორნეი, ნევროზი და საზოგადოება, New Ways in Psychoanalysis, 1939. ამ საინტერესო და საგანგაშო წერილის რუსულად გამოქვეყნებით ვალერი ჭალიძე აფრთხილებდა საბჭოთა საზოგადოებას რომ არსებობდა საბჭოთა საზოგადოების ღრმად ნევროტულ საზოგადოებად გადაქცევის საშიშროება. მას «დემოკრატიულმა აქტივისტებმა» ყური არ დაუგდეს და «აი»; «თანამედროვე იდეების პანორამა,Panorama of Contemporary Ideas, Chalidze Publications, New York,1982, გვ.133-134, თარგმანი რუსულიდან).

2011-04-13

მითი ქაჯავეთში ანუ საიქიოში წასულ და უკან დაბრუნებულ გახუა მეგრელაურზე...

გ ა ხ უ ა  მ ე გ რ ე ლ ა უ რ ი ს   წ ა ყ ვ ა ნ ა  ქ ა ჯ ა ვ ე თ ი ს   დ ა ს ა ლ ა შ ქ რ ა ვ ა დ
გახუა ყოფილა, მეგრელაურთ გახუა. ხახმატის ჯვარს ქაჯავეთში წაუყვანია. ანგელოზების ჯარი შეყრილა. ალბათ,...
ლაშქრობისას კარატის ჯვარს უჯობნია სხვებისათვის. გავაეყარა ერთად ანგელოზები. მისულან ქაჯავეთში... დასცემიან, რაც ჰქონიათ, წაურთმევიათ. ანგელოზებს საქონელი გამოურეკია, ვერცხლის თასები და სხვაც ბევრი წამოუღიათ. სასრევი და სამართებელი ქაჯავეთიდან გამოტანილი, ღლიღველებს მოუპარიათ შემდეგ. ხვთიშვილებს ქაჯავეთიდან ტყვედ წამოუყვანიათ ქალები: სამძიმარი, აშექალი, მზექალი. სამძიმარი ღვთის ნასახი (დანაბადი), გიორგის დაი ყოფილა...გავარვარებულ რკინას ხელზე იწყობდა კარატის ჯვარი და ქაჯებს ესროდა. ქაჯებს წამოსვლისას მოლაშქრეთათვის კატების თავ-ფეხები უსვრიათ. გუდანის ჯვარს დელამფარი (დიდი ფარი) ჰქონია. ანგელოზები მას შეფარებიან და ასე დაუცავთ თავი კატების თავ-ფეხებისაგან... ყოველივე ეს გახუას ნაუბარია.
თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ. 190-193

2011-04-06

პატიმატ ტახნაევა, ქრისტიანობა დაღესტანში ( ავარეთში)-3

დაღესტანი, სომხური ეკლესია, სპარსელები, არაბები...

ეთნოკონფესიური კონტაქტები და სარირში ქრისტიანობის შეღწევის წინაპირობები :
დაღესტნის მიწებზე შეღწევის დრო ზუსტად დადგენილი არაა. მიჩნეულია რომ დაღესტანში ქრისტიანობა ვრცელდებოდა სამხრეთში შუა საუკუნეების ალბანეთიდან და სომხეთიდან და დასავლეთში საქართველოდან ( ქართლიდან და კახეთიდან). ამ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქრისტიანული ეკლესიის მონოფიზიტებად და დიოფიზიტებად გაყოფის შემდეგ გაჩენილმა დოქტრინალურმა უთანხმოებებმა.

დარუბანდი, რკინის კარიბჭე
ქალკიდონის მსოფლიო კრების (451) შემდეგ ეკლესიას გამოეყვნენ სომხური, კოპტური და იაკობიტური ეკლესიები. მონოფიზიტები უარყოფდნენ ერთ პირში ორ ბუნებას და ამიტომ ისინი დაგმო კრებამ. 451 წლის შემდეგ მონოფიზიტურ ქრისტოლოგიას მიემხრნენ ეგვიპტე და სირია, რომელთაც არაბთა მიერ მათი დაპყრობის შემდეგ გაუხარდათ კონსტანტინეპოლის კონტროლისაგან თავის დაღწევის საშუალების გაჩენა.განხეთქილებას იყენებდნენ იმ დროისათვის უძლერესი და ერთმანეთთან მებრძოლი სახელმწიფოები, ბიზანტია და სპარსეთი. მონოფიზიტებს მფარველობდა ირანი, მართლმადიდებლებს-ბიზანტია.
სპარსეთის ხელისუფლება მიზნად ისახავდა ამიერკავკასიის ქვეყნებთან იდეოლოგიური კავშირების განმტკიცებას და ამიტომ მან სცადა სომხური, ალბანური და ქართლის ეკლესიების გაერთიანება. 506 წელს დვინის კრებაზე სომხურიმა ქართლის და ალბანურმა ეკლესიებმა სპარსელთა ზეწოლით ერთადერთ ჭეშმარიტ ქრისტიანულ რწმენად აღიარეს მონოფიზიტობა. ამის შემდეგ ეკლესია ხდება სპარსეთის მთავარი საყრდენი ამიერკავკასიაში.
ქართლში დიოფიზიტებს ჰყავდათ მრავალი და ბიზანტიის მხარდაჭერის მქონე მომხრე. აქ მონოფიზიტები საბოლოოდ გაანადგურეს VI საუკუნის ბოლოს. ვახტანგ გორგასალი აარსებს საკათალიკოსოს და საქართველოს ეკლესიის სათავეში სპარსელთა მიერ დანიშნული მთავარეპისკოპოსის ნაცვლად აყენებს კათალიკოსს. პირველი კათალიიკოსი დიოფიზიტი (მართლმადიდებელი) იყო, რაც ნიშნავდა ღია ომის გამოცხადებას ე.წ.სპარსული ქრისტიანობისთვის, მონოფიზიტებისთვის. ამით ხაზი გაესვა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას. ამ მეტოქეობის საბოლოო შედეგი იყო 607 წელს აქამდე ერთიანი ქართული და სომხური ეკლესიების დაშორება ერთმანეთისგან.


დარუბანდის კედელი
ბიზანტიასთან მებრძოლ ირანს მოკავშირე სჭირდებოდა კავკასიაში და ამიტომ ის დიდი ხნის მანძილზე მხარს უჭერდა სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას. სპარსეთის ხელისუფალნი მხარს უჭერენ ბიზანტიის ეკლესიისაგან სრული გამოყოფის მომხრე სომეხ მონოფიზიტებს.
მანამდე სანამ ბიზანტია და ირანი ერთმანეთს აუძლურებდნენ გამანადგურებელ ომებში არაბეთში გაჩნდა და სწრაფად განმტკიცდა ახალი რელიგია, ისლამი. ისლამის დროშით არაბთა წარმატებული ექსპანსიის შედეგად მოხდა მოვლენები რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ ხალხთა და სახელმწიფოთა ცხოვრებაში. სირიის, მესოპოტამიის, ირანის დაპყრობის შემდეგ არაბები მიისწრაფიან კავკასიისკენ. ასე შეეჯახა ერთმანეთს კავკასიაში წინა აზიის სამი ძლიერი სახელმწიფოს, არაბეთის, ირანის, ბიზანტიის ინტერესები. ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის მცირე ტერიტორიაზე, დაღესტანში  რელიგიური ვითარების განვითარება  განხილული უნდა იყოს ამ მასშტაბური მოვლენების ფონზე.
სარირი განიცდიდა ამიერკავკასიის მეზობელი სახელმწიფოების (სომხეთი, ალბანეთი, საქართველო) გავლენას. ისინი ცდილობდნენ თავისი გავლენის ქვეშ ჩრდილო-აღმოსავლეთის კავკასიის ხალხების მოქცევას და ამ მიზნის მისაღწევად იყენებდნენ რელიგიას. ამასთან სარირს ქრისტიანობის გავლენის განცდა შეეძლო მის უშუალოდ მოსაზღვრე სახელმწიფოებიდანაც (ხაზარეთი, ალანია). შემდგომი ისტორიული ტრადიცია სარირის საგარეო კონტაქტებს მიანიჭებს ეთნოკონფესიური ურთიერთობების ხასიათს. რელიგიური განსხვავებები შუა საუკუნეებში აღიქმებოდა როგორც სულიერი, ეთიკური, იურიდიული, მსოფლმხედველობითი და ყოფითი განსხვავებების ერთგვარი კონცენტრაცია.ამ ფონზე უკანა პლანზე გადადიოდა ეთნიკური, ეკონომიკური, ენობრივი და სხვა ურთიერთობები.

ალბანური ეკლესია.
დღემდე გადაწყვეტილი არაა საკითხი იყო თუ არა დაღესტანი ალბანეთის შემადგენლობაში. ალბანურ სახელმწიფოს თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ეკავა სხვადასხვა ტერიტორია. უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ძლიერების  ხანაში ის მოიცავდა აზერბაიჯანის, საქართველოს, დაღესტანის ტერიტორიებს (სამწუხაროდ ავტორი აქ არ ამბობს იმას რომ ალბანელები ეწოდებოდა 26 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხს და მათ შორის ქართველური მოდგმის ხალხებიც იყვნენ, მთარგმნელი).

ზოგი ავტორი ალბანეთის ჩრდილოეთ საზღვარს დარუბანდზე ატარებს, ზოგი ამ საზღვარს სწევს მდინარე სულაკის იქით და უფრო შორსაც. ო.მ. დავუდოვი ა.წ. მესამე საუკუნისთვის  ალბანეთის ერთ-ერთ ტერიტორიულ საზღვარს ატარებს ე.წ. კერავნის მთებზე რომელსაც აიგივებენ ანდის ქედთან, და მდინარე სოანაზე, რომელსაც აიგივებენ არღუნ-თერგის სისტემასთან. მეხუთე  საუკუნიდან ალბანეთი უკვე სპარსეთის შემადგენლობაშია როგორც ცალკე პროვინცია რომელშიც შედიოდნენ არანი, ჩოგა (დარუბანდის რაიონი) და ლბინი.
საეკლესიო ტრადიციის თანახმად ალბანური ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა კავკასიაში. ჩოგაში (დარუბანდის რ-ნი) უკვე ა.წ. პირველ საუკუნეში ქადაგებდა მოციქული თადეოსის  ის იესომ მოციქულ ბართლომესთან ერთად მისიონერად გააგზავნა სპარსეთში და კავკასიაში) მოწაფე ელისე. ამ ტრადიციაზე დაფუძნებით ალბანური ეკლესია თავს აცხადებს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიად.  სომხური ეკლესიის მსგავსად ალბანურმა ეკლესიამაც 551 წელს გაწყვიტა ურთიერთობა ბიზანტიასთან და მის მეთაურს ეწოდა კათოლიკოსი. მაგრამ ალბანური ეკლესია არ ყოფილა მონოფიზიტური სისტემატურად და სტაბილურად. ამიერკავკასიაში სასანიდთა პოლიტიკური გავლენის გაქრობას თან ახლდა  მონოფიზიტთა საეკლესიო ჰეგემონიის დამხობა. V საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიაში ბიზანტიის პოლიტიკური გავლენის გაძლიერებასთან დაკავშირებით მიხრანიდების მმართველობის პერიოდში ალბანეთის ეკლესია ქართულ ეკლესიასთან ერთად მიემხრო დიოფიზიტებს (მართლმადიდებლებს).  მაგრამ VIII საუკუნის დასაწყისში არაბების მიერ ამიერკავკასიის დაპყრობის შემდეგ ალბანური ეკლესია უარყოფს დიოფიზიტობას.
არაბული ხალიფატი თანმიმდევრულად ატარებდა სასანიდთა პოლიტიკას, ე.ი. მას ეშინოდა ბიზანტიის გავლენის გაძლიერებისა და ამიტომ ის ალბანეთში უჭერდა მხარს მონოფიზიტებს. მონოფიზიტების და ისლამის მოწინააღმდეგეებს ალბანეთში მხარს უჭერდნენ ერეტიკოსებად გამოცხადებული ქართველი კათალიკოსები.

დარუბანდის სიმაგრე
ნარინ ყალა (ნარიყალა?)
არაბულმა ხალიფატმა სომხური ეკლესიის დახმარებით ალბანური ეკლესია მონოფიზიტურად აქცია და იერარქიულად დაუმორჩილა ის სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას და ალბანური ეკლსიის ღვთისმსახურების ენად ძველსომხური ხდება.
  უკვე VI-VIII საუკუნეებში ჩანს დაღესტნის მიწებზე მონოფიზიტური ქრისტიანობის შეღწევის ფაქტები. VI საუკუნის დასაწყისში მეფე ვაჩაგან ღვთისმოსავმა ბრძანა ალბანეთის ყველა ოლქის ახალგაზრდობისთვის წერა-კითხვის სწავლება.  VII საუკუნის ბოლოს ვარაჩანის ჰუნებში, ხაზარეთში, მისიონერულ მოღვაწეობას წარმატებით ეწევა ეპისკოპოსი ისრაელი. ალბანელი მისიონერების მოღვაწეობის კვალი, ნამტვრევები ფილებისა «ალბანური ანბანის ასოებით იპოვეს დაღესტანში ავარულ სოფლებში ხუშტადა, ქვედა გაკვარი, ტლონდოდა და დარგოს სოფელ ზემო ლაბკომახი.  ძეგლთა ამ ჯგუფიდან გამოიყოფა VI-VII ნაქალაქართან ( სოფ. ზემო ლაბკომახი) ნაპოვნი პატარა ფილა ალბანური წარწერით.
ალბანური დამწერლობის აყვავების ხანად ითვლება V-VII საუკუნეები. VII საუკუნის შემდეგ ალბანური ეკლესია მოექცა სომხური ეკლესიის კონტროლქვეშ. სომხურ ეკლესიაში კი ოფიციალური ენა ძველსომხური ენა, მონოფიზიტური ეკლესიის დაკანონებული ენა იყო და ალბანური დამწერლობა გამოდის ხმარებიდან.
ავარულ და ზოგ სხვა დაღესტნურ ენაში სომხურიდან შეაღწია ქრისტიანობის ისეთმა მნიშვნელოვანმა სიტყვამ როგორიცაა «ხანჩ»- «ჯვარი». ცალკეულ ავარულ ოიკონიმებს  გაჩადა ( ხაჩ-ადა), გოჩობ (ხაჩ-ობ) ჩაროდის რაიონში ზოგი ეტიმოლოგი უკავშირებს სომხურ ცნებას «ხაჩ», «ჯვარი», «ეკლესია».  ეს სახელები იხსნება როგორც «აული ეკლესიით».... ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც დაღესტნის ტერიტორიაზე მონოფიზიტური ქრისტიანობის ადრეული შეღწევის ( VIII საუკუნემდე,მის ჩათვლით) შედეგს.
კავკასიის ალბანეთის უდიდესი ქრისტიანული ცენტრი იყო დარუბანდი სადაც იყო ქვეყნის კათალიკოსის ( პატრიარქის) რეზიდენცია რომელიც შემდეგ გადაიტანეს პარტავში (ბარდავში?) ( 552 წ.). ვ.ვ. ბარტოლდი თვლიდა რომ პატრიარქის კარი აქ რჩებოდა 733 წლამდე. მიუხედავად ირანის ძალაუფლების გაძლიერებისა და დარუბანდის გასასვლელის რაიონში და თვითონ ქალაქში დიდი სპარსული გარნიზონის ყოფნისა დარუბანდი ამ პერიოდში რჩებოდა კავკასიის დიდ ქრისტიანულ ცენტრად. ჩვენ არა გვაქვს პირდაპირი მონაცემები ზოროასტრიზმის მიმდევარ სპარსულ ხელისუფლებასთან ქრისტიანი სამღვდელოების ურთიერთობის შესახებ, მაგრამ არქეოლოგიური გამოკვლევები ადასტურებენ იმას რომ ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში ქალაქში იყო ქრისტიანული ძეგლები, მათ შორის V-VII საუკუნეების უზარმაზარი ქრისტიანული ეკლესია. ეს მოწმობს იმაზე რომ ქრისტიან სამღვდელოებას მაღალი ადგილი ეკავა ადრეული შუა საუკუნეების დარუბანდის სოციალურ სტრუქტურაში. მ.მ. დიაკონოვის თქმით სასანიდური ირანის ქალაქებში, რომელთა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილსაც ქრისტიანები შეადგენდნენ რელიგიური მეთაური იყო შუამავალი შახსა და მის ქრისტიან ქვეშევრდომებს შორის. ანალოგიურ როლს ასრულებდა დარუბანდის ეკლესიის მეთაურიც, რომელიც იყო შუამავალი სასანიდურ ადმინისტრაციასა და ქალაქის ქრისტიანებს შორის მიუხედავად იდეოლოგიური წინააღმდეგობებისა. ასეთი რჯულშემწყნარებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო რომ ორივე მხარე დაინტერესებული იყო ამიერკავკასიის და ირანის დასავლეთი პროვინციების დაცვით ჩრდილოელი მომთაბარეებისგან.
VII საუკუნის პირველ მეოთხედში არაბულ ხაზარული ომების შეედეგად დარუბანდი ხდება ხალიფატის ნაწილი. თითქმის საუკუნოვანი ბრძოლის შედეგად არაბებმა ფეხი მოიკიდეს დარუბანდის რეგიონში სადაც მმართველი გახდა მაჰმადიანი დინასტია. ამ დროიდან მოყოლებული დარუბანდი იქცა დაღესტანში ისლამის გავრცელების უდიდეს ცენტრად.
ხალიფატის პოზიციების განმტკიცებასთან ერთად 20-ანი წლების დასაწყისიდან VIII საუკუნის შუა ხანებამდე ტარდება მრავალი ლაშქრობა შიდა დაღესტანში. დარუბანდის ამირები ხშირად მეთაურობენ ლაშქრობებს «ურჯულოთა» ქვეყნების წინააღმდეგ. საზღვრისპირა ქალაქის გასამხედროებულ ცხოვრებაში დარუბანდის მმართველი არის უმსხვილესი საერო ფეოდალიც და ქალაქის და ოლქის ყველა მაჰმადიანის მეთაურიც. ხაშიმიდთა ადგილობრივი დინასტიის პირველი ამირა ხაშიმ ბ. სურაკა 876 წელს თავს დაესხა სარირს, გაწყვიტა მრავალი ადამიანი, ხელში ჩაიგდო მათი ქონება, ტყვედ წაიყვანა მათი ცოლშვილი და გამარჯვებული დაბრუნდა უკან. 878 წელს მან გაიმეორა თავდასხმა.
X საუკუნისთვის დაღესტანის სამხრეთში  გაჩნდა ორი მეომარი სამთავრო, დარუბანდის და შირვანის სამთავროები და ამასთან დაკავშირებით სარირი იქცა მათი «რჯულისთვის მეომარი» მმართველების ხშირი თავდასხმების ობიექტად
(გაგრძელება იქნება).