2011-06-20

მოსე ჯანაშვილი – "გიორგი სააკაძის მოქალაქეობის დამფასებლების საყურადღებოდ"

წყარო: burusi | 06/05/2010, https://burusi.wordpress.com/
დევნილი გიორგი სააკაძე ოჯახთან - ეკატერინე ბაღდავაძე, 1946 წ.

გიორგი სააკაძე – Giorgi Saakadze (1580 – 1629)

მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)

გიორგი სააკაძის მოქალაქეობის დამფასებლების საყურადღებოდ

ავტორი ეხმაურება ამავე გაზეთის 31 მაისის (N 612, გვ.3) ნომერში ტრ. ი-ძე (ტრიფონ ინასარიძის) მიერ ბათუმიდან გამოგზავნილ კორესპონდენციას-,,ხმა ბათომიდან (გიორგი სააკაძის გასამართლება)". მასში ნათქვამია, რომ გამოთქმა "ჯანაშვილი და ჯამპანია მათნი" ეკუთვნის დამცველ ბ. ქვარიანს.. "ბრალმდებელ ბ. გიორგაძეს სწორედ ის ადგილები ამოუწერია, რაიცა ამცირებს გმირის სახელს, ამას ჩადიან ბ. ბ. ჯანაშვილი და კამპანია მათნი. სააკაძემ დაღუპვისაგან იხსნა საქართველო, საკუთარი შვილი შესწირა მის ბედნიერებას და აქ კი მას ჩირქსა სცხებენო.
აქართველოს კინოფოტოფონო
დოკუმენტების 
ეროვნული არქივის
საცავში აღმოჩენილი ძველი
გრაფიკული ნახატის XIX საუკუნის
ფოტორეპროდუქცია
მ.ჯანაშვილი თავის წერილში აღნიშნავს, რომ ,,ყოველ ისტორიულ პირის დაფასებას წინ უძღვის მის დროის მასალების შესწავლა, გამორკვევა ყოველის წვლილისა, გაშუქება მრავალგვარ კითხვისა, გარემოებისა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამგვარი შესწავლა აკლია არათუ იმ დროს, როდესაც ცხოვრობდა სააკაძე, არამედ თუ გინდ იმ დროსაც, როდესაც ბრწყინავდნენ ღვთივ დიდებული თამარ ნეტარი. შოთა, იოანე მარუშიძე, ცოტნე დადიანი და მრ. სხვანი. საქმე ბევრია. გამკეთებელი სულ მცირე და მკითხველი-უფრო ნაკლებ. ამიტომაც, ნაადრევია ჯერჯერობით ჩვეულებრივ მკითხველის მიერ საკუთარის ძალღონით გასამართლება ამა თუ იმ
ისტორიულ პირისა, და მით უმეტეს იმ დროისა, როდესაც გიორგი სააკაძეს სიმამრი ნუგზარ ერისთავი "სისხლის წვიმებს" აწვიმებდა", როდესაც სამეგრელო და გურია ყოველწლივ 10.000-15.000 სულს მოძმეს ტყვედ ჰყიდნენ, როდესაც ათაბაგი
ფაშობაში" ჰყიდდა თითქმის 200.000 ქართველობას, სპობდა და ანგრევდა აქაურს მამა-პაპურს შეძენილობას, როდესაც ჩვენივე კაცები და მათთან სააკაძეები ემსახურებოდნენ ქართველთა სისხლის მწოველს შაჰაბაზს არათუ მარტო სპარსეთში, არამედ თვით საქართველოშიაც, რომლის აღმოსავლეთი მხარე მან დაარბია და აჰყარა.

საქართველო დაღუპეს არა ჩინგისხანებმა და ტამერლანებმა, არა 1800 წლ. გმირებმა, არამედ 1614-1629 წლების შორს განუჭვრეტელ ქართველებმა. ჩვენ ხელახლა შევისწავლეთ ეს შავბნელი ხანა და ჩვენი აზრი გამოვთქვით საკმაოდ ვრცელს გამოკვლევაში ,,ბოროტი და დამღუპველი მცსინვარება საქართველოში", რომელიც, იმედია, მალე დაიბეჭდება. ჩვენი წინანდელი ნაწერ-ნათქვამი არათუ მარტო შეურყეველი, შეუბღალავს წყაროებზე დაფუძნებული გამოჩნდა, არამედ მას ერთი ათად ახალი საბუთებიც მიემატა.

შეუცვლელად დარჩა აგრეთვე ყოველივე ის, რაც სხვადასხვა სანდო წყაროებიდამ გვქონდა ამოღებული სააკაძისა და მის დროის კაცების შესახებ, თვით ფრაზაც კი "კახეთიც ხომ ამოვწყვიტეთ და ქართლელნიც იქ (სპარსეთს) ჩავგვაროთ" (ასეა ,,არჩილიანის" უუძველეს ნუსხებში 1701 წლისა, 1706 წლისა და სხ. რაღა თქმა უნდა, ფიორი სიმართლეც არ არის იმ თქმა-კიჟინში, რომ, ვითომ,
,,ჯანაშვილები და კამპანია" სააკაძეს ,,გმირს ჰანნიბალს" ამცირებდნენ. სააკაძეს ,,ჰანნიბალობას" არა ,,ჯანაშვილები და კამპანია" ედავება, არამედ თვით მისი ნამოქმედარი, რომელიც შავად აჩვენებს ყველა თანამედროვე წყარო, თვით მისის შვილიშვილის იოსებ ტფილელის ,,დიდმოურავიანიც" კი.

მომყავს ჩვენის ,,კომპანიის" მონაწილეთაგანის აზრიც ,,ჰანნიბალის" შესახებ:

აკადემიკოსი მარი ბროსსე:,,ამგვარად მოკვდა სააკაძე ორჯელ ღალატის მტვირთველი, სჯულის უარმყოფელი და სამშობლოს დამღუპველი".

სიმონ ღოღობერიძე (ბროსეს მიერ ,,საქართველოს ისტორია, გამოც. ნიკო ღოღობერიიძისა, გვ. 30):"ყველა მაშინდელნი მწერალნიც ერთხმად აღიარებენ, რომ თუმცა სააკაძე ნიჭით და მხნეობით შესანიშნავი კაცი იყო, მაგრამ მუხანათი, გამცემი, მოღალატე, რენეგატი იყოვო. მის სახელს ზიზღით იხსენიებს ისტორია"…

ბ-ნი ბათუმელი კი კადნიერად გაიძახის:ჯანაშვილები და კამპანიაო. აქ ისევ მეორდება ის ჰანგი, რომელიც დევიზად ჰქონდათ სააკაძის დროის დიდებულებს: "უჩემოდ ვინ იმღერეთა!" "მე იალბუზი, შენ კი ბუზი". დევები იკიდებოდნენ და კოზაკი შუაში იჭყლიტებოდა, და გაიჭყლიტა კიდეც. ასრევე მღერის ბათუმელი დამფასებელიც". ბროსსე, ღოღობერიძე, იოსელიანი, ვახუშტი, დელავალე (1627 წ.), არაქელი (1653 წ.), არჩილ მეფე და სხ. თურმე სხვა არა არის რა, თუ არ ,,ჯანაშვილების კამპანია", რომელსაც ალბად, დო უხვრეტია და ბალახი უძოვნია, რომ ,,ჰანნიბალი" მოღალატედ ჩაუგდია ანდა, თუ გინდ, შორსმხედველობის მოკლებულ კაცს, რომელიც ,,მოატყუა" ყაენმა რვა გუდა ოქროთი და სხვადასხვა დაპირებით. ისტორიაში რა საქმე აქვს დაჟინებას, სიამაყეს, ,,უჩემოდ ვინ იმღერეთა"-ს! დაამტკიცეთ და ჩვენ დიდის სიამოვნებით მოგყვებით, ვინაითგან უსიამოვნო წარსული ჩვენს გულს შჩაგრავს, ანაღვლიანებს, სასიამოვნო-ამხნევებს, აყვავილებს".

წყარო: სახალხო გაზეთი" 1912, N 616, 5 ივნ. გვ. 4.

მოსე ჯანაშვილი – „დავით აღმაშენებელი"

წყარო: burusi | 30/06/2009 https://burusi.wordpress.com/

მოსე ჯანაშვილი – (1855-1934)

დავით აღმაშენებელი (ბაგრატიონი) – (1089-1125)

ვახტანგ გორგასლის შემდეგ საქართველო დაიყო მრავალ სამთავრო-სამეფოებად. მეშვიდე-მეათე საუკუნოებში უკვე არსებობდნენ დამოუკიდებელი სამეფო-სამთავროები კახეთისა, ჰერეთისა, რანისა, აფხაზეთისა, ტაოსი. ქვეყნის დანაწილება და მასთანვე დაძაბუნება-დასუსტებას ხელს უწყობდნენ არაბნი, რომელიც შემოესივნენ საქართველოს, დაიპყრეს მისი ნაწილები, აიღეს სატახტო ქალაქი ტფილისი, მძიმე უღელი დაადეს ერს და დევნა დაუწყეს ქრისტიანებს.
ოთხასი წლის განმავლობაში არაბნი და მერე თურქნი ბატონობდნენ საქართველოს დედაქალაქ ტფილისში, ე.ი. 722 წლიდან 1122 წლამდე. ამ წელს მხოლოდ დავით აღმაშენებელმა მტრებს წაართო ეს ქალაქი და ერს მიანიჭა თავისუფლება.
საქართველოს გაძლიერება დაიწყო 985 წლიდგან. ამ წელიწადს ქართლის ერისთავის იოანე მარუშისძის თაოსნობით და დავით კურატპალატის ნებაყოფლობითა და დახმარებით გაერთიანდა მთელი საქართველო და ბაგრატ მესამე შეიქმნა მეფედ ქართლ-აფხაზეთისა, ხოლო თვით ამ პოლიტიკურს გაერთიანებას ხელი შეუწყო სულიერმა გაერთიანებამ, სამშობლო მწერლობის აღორძინებამ. ბაგრატ მეფემდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაბრწყინდა მრავალი მონასტერი და წმ. საყდარი, გამოჩნდნენ მრავალნი მოღვაწენი და მასწავლებელნი ერისა, ამათ ერში მოჰფინეს კეთილი აზრები, ხალხს გაუღვივეს გულში სიყვარული თავისუფალის ცხოვრებისა, ერთობისა, ძმობისა.
მეათე საუკუნეში ამ მოღვაწეთ სულით და გულით თანაუგრძნობდა და მფარველობდა აჭარა-ტაოსკარის კურატპალატი დავით, რომელიც, ამასთანავე, თვისის სიძლიერისა და მეფე-მთავრების სიმრავლის გამო, იწოდებოდა მეფეთა მეფედ. მის დროს შესანიშნავ მამულიშვილებითა და სამშობლოს დიდების მოყვარე კაცებით გაივსო ტბეთი, პარხალი, ანჩა, ოპიზა, შატბერდი, ხანძოეთი, ბანა, არტანუჯი, ათონი (საბერძნეთს) და სხ. კლარჯეთში მწიგნობრობა ააყვავა გრიგოლ ხანძოელმა (+861 წ.).
იოანემ, მისმა შვილმა ეფთვიმემ (+1028 წ. 13 მაისს) და გიორგი მთაწმინდელმა (+1068 წ. 20 ივნ.) ათონი გახადეს ქართველთა ათინად. საბა მტბევარმა და ეზრა ანჩელმა თავისუფლების დროშა აღმართეს ტბეთის წინ მაღალს სვეტზე, წინ აღუდგნენ მტრად მოსულ ბერძნებს და სახელოვანად გაიმარჯვეს აჭარა-კლარჯეთის აზნაურებისა და ერის დახმარებით.
ამ საერთო მოძრაობამ აღაფრთოვანა მთელი ერი. არაბთა უღლიდამ განთავისუფლება დღე დღეზე მოსალოდნელი იყო.
მაგრამ ამ საერთო მოლოდინის დაგვიანების მიზეზად შეიქმნენ სელჩუკნი ანუ თურქნი.
ეს სელჩუკნი გამოჩდნენ აზიაში მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისს, მალე გაძლიერდნენ, დაიპყრეს სპარსეთი, სომხეთი, საბერძნეთის აღმოსავლეთი ქვეყნები და მოაწვნენ საქართველოს. მათი სულთანი აღფასარანი შემოვიდა ქართლს (1064წ.) და ქვეყანა ააოხრა. ამისი შვილი მელიქშა მამაზე ძლიერი ხელმწიფე იყო. მან თავზარი დასცა საბერძნეთს და აღმოსავლეთის ქვეყანას, იგივე შემოვიდა საქართველოში და აფხაზეთამდე ძლევამოსილად გაიარა, დიდი ვნება მიაყენა საქრისტიანო საქართველოს:მრავალი ტაძარ-მონასტერი დაინგრა, მრავალი ხალხი დაიღუპა, კლდე-ღრესა და ნაპრალებში შეიხიზნა. ქართლი მთლად მოოხრდა.
მაგრამ უბედურებამაც ვერ დაამხო საქართველოში ერთხელვე აღძრული იმედი განთავისუფლებისა, დიდებისა და წარმატებისა.
ამ საერთო სასოების სულის ჩამდგმელად და თავისუფლების დროშის ამფრიალებლად გამოჩნდა თექვსმეტი წლის ჭაბუკი დავით აღმაშენებელი.
მამა მისი იყო გიორგი მეორე (1072-1089).
პაპა იყო ბაგრატ მეოთხე (1027-1072).
პაპის პაპა იყო გიორგი პირველი (1014-1027).
და პაპის-პაპის-პაპა კი ბაგრატ მესამე (985-1014), ძე გურგენისა (+ 1008 წ.) და
შვილობილი დავით კურატპალატისა (+ 1001 წ.).
დავითი ყმაწვილობიდანვე სიბრძნით აღსავსე იყო. ნახა რა, სამშობლოს ფრიად უჭირსო, თავის ჭაბუკობას აღარ დაჰხედა; 16-ის წლის ყრმა დავითი საომო იარაღით აღიჭურვა, გადმოდგა წაღვლისთავს და იხმო ყველა მოწაღმართე მამულის შვილები.
წაღვლისთავი ანუ წაღვლი მაგარი ადგილი ლიხის მთის ძირში. გამოღმა, ფცის ხეობაში, წაღვლის-წყალზე, რომელიც ჩამოდის მშვიდაურის მთიდამ. ეს ადგილი დავითმა ამოარჩია თავის წადილის განსახორციელებლად იმიტომ, რომ იგი იყო მტრისათვის მიუდგომელ-მიუვალი, ხოლო ამერ-იმერთათვის კი- ფრიად მარჯვე.
მოწოდებითი ხმა ჭაბუკ მეფისა გაისმა კიდით კიდემდე. ვისაც მონობის უღელი ლოდივით აწვა გულზე, ვინც გრძნობდა ამ სამარცხვინო უღლის სიმძიმეს, ვისაც კაცურ კაცის ნიშან-წყალი ეკრა პირზე, ადგა და გამოეცხადა თავის პატრონს, თავის გმირ მეფეს.
მოვიდნენ ამერ იმერით, მოვიდნენ მარდი კისკასნი მეომარნი. შესდგა ყრილობა და ბჭობა მეფის თანდასწრებით. გადასწყვიტეს:ამიერიდგან საქართველო ხარკის მიმცემი აღარ არისო, ამიერიდგან საქართველო იხსნის მონობის უღელს და ააფრიალებს თავისუფლების დროშას.
ამ კრების გადაწყვეტილებამ თავზარი დასცა, უპირველეს ყოვლისა, აგარიანებს (მაჰმადიანებს), და მერე იმ უკუღმართ ქართველებს, რომელთაც ქვეყნის კვნესა-ვაების არ ესმოდათ, რომელთაც-ქვეყნის უბედურების ჟამს-მოეტაცნათ ზოგს საეპისკოპოსო საყდარი, ზოგს-მთავრობა, ზოგს მამულები და ციხეები. ამ უკუღმართთაგან მეფე ჯერ შეებრძოლა ლიპარიტ ორბელიანს და კახეთის მეფეს კვირიკეს.
ლიპარიტ ორბელიანი დიდი მტერი იყო საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერებისა. იგი და მისნი მამა-პაპანი იმთავითვე უკუღმართობის გზას ადგნენ, ჰშველოდნენ ბერძნებს, რომელთაც უნდოდათ საქართველოს დასავლეთ-სამხრეთ კუთხეების დაპყრობა და დაჩემება, მერე თვით ლიპარიტი თურქთა დახმარებით ამირთამირობდა თრიალეთსა და კლდეკარს, სკვირეთსა და ატენს. ბაგრატ IV-ის დროს თითქმის საქართველოს ნახევარი ამათ ეჭირათ. ,,ვით ძაღლის კუდი არაოდეს არ გასწორდებისო, ეგრეცა ეს თესლნი ერთგულნი ვერ იქნება საქართველოსიო". აი, ეს ლიპარიტ ორბელიანი და მისი ძე შეიპყრეს მეფის მოხელეებმა და არგვეთს გადაასახლეს, ხოლო კლდეკარის გამგეობა მეფემ ჩააბარა თევდორეს, გიორგი ჭყონდიდლის დისწულს, ფრიად ბრძენ კაცს (1101 წელს).
მალე კახეთ-ჰერეთის მეფობაც მოისპო. აქ მეფობდა კვირიკე IV (1084-1102),. ამას მეფემ წაართო ციხე ზედაზენი (1101 წ.). კვირიკე მოკვდა უძეოდ. ტახტი დარჩა მის ძმისწულს ახსართანს. ეს იყო კაცი ამაყი, ცუნდრუკი, მტრობდა ქართველობას, ემეგობრდებოდა ურჯულოებას. კახელები დიდს გასაჭირში იყვნენ მის უსამართლოებისა და ბოროტებისა გამო. მისი მთავრობა ვეღარ იტვირთეს კახეთის მოწაღმართე კაცებმა. მიუხტნენ მას ბარამი, არიშიანი, ქავთარი, შეიპყრეს და მიჰგვარეს მეფე დავითს (1105წ.). კახეთი, კუხეთი და ჰერეთი შეიერთა აღმაშენებელმა მეფემ და მით დიდი ძლიერება შეჰმატა სამშობლო ქვეყანას.
იმავე წელიწადს სპარსეთის სულთანმა დიდძალი თურქობა მოასხა ერწო-თიანეთს, მაგრამ დავითმა მტერი საზარლად შემუსრა და ესეთი რისხვა დასცა, რომ ,,ხუთი ქართველი იპყრობდაო ოთხასთა, ათი ქართველი ათასთაო". თვით დავითი გმირივით იბრძოდა, ჯარს ამხნევებდა, ,,ვითარცა ლომი შეუძახებდა ხმათა მაღლითა და ვით გრიგალი მიდამო იქცეოდა, თვით გოლიათებს მიიმართებოდა და სვრიდა და დასთხევდა". ბრძოლაში სამი ცხენი გამოუკლეს მეფეს, მაგრამ მას ვერა დააკლეს-რა.
ღმერთი ჰფარავდაო თავის ცხებულს. მეფეს ამ დღეს იმდენი ეკაფაო, რომ მის ხმლის ნაწვეთს სისხლს მთლად გაევსო მისი უბე წელამდეო და ეს საცნაური იქმნა მხოლოდ მაშინ, როდესაც მეფემ სარტყელი შეიხსნა და სისხლმა გადმოსჩქეფა დედამიწაზეო.
პირველად ეგონათ ეს სისხლი მისგან გამოდიოდა.
მაშინ ჯერეთ თურქებს ეჭირათ ყარაია, მაშავერი, ახტალა, ფანავარი, ე.ი. მთელი დღევანდელი ბორჩალოს მაზრა ყარაიიდგან ფანავრის (ტობორავანის) ტბაბდე ტფილისითურთ, მთელი ქვეყნის თურქობაო, შენიშნავს მემატიანე, კალიასავით სძოვდაო გაჩიანს, აგარანს, სამშვილდეს, ივრის პირს, რანს და ბარდავს. ეს ადგილები საძოვრად ჰქონდათ ზამთარში, ხოლო ზაფხულს გრილს ადგილებში დგებოდნენ და საქართველოს მოსვენებას არ აძლევდნენ.
მეფე დავითმა მიუსია მათ თავისი მხნე მეომრები, რომელთაც დალეწეს მტრის ძლიერება და აიღეს სამშვილდე და ძერნა (1110 წ.).
გამარჯვებული მეფე წავიდა ქართლს და დადგა ნაჭარმაგევს, რომელიც მდებარებს ქალაქ გორის ახლოს. აქ მეფეს ჰქონდა საზაფხულო სასახლე, ტურფა ხელოვნურად ნაგები. მეფეს აცნობეს, სულთანი მოუძღვის დიდ ლაშქარს და ციხე-ცისკარს მოდისო. დავითს მაშინ ჰყვანდა მხოლოდ 1500 მეომარი, სასახლის მცველი.
ამ მეომრებით მეფე გრიგალ-ქარივით გაეშურა მტრისაკენ, გადავიდა თრიალეთზე, მოულოდნელად თავს დაესხა მტრის ურდოს (ეს ურდო შესდგებოდა 200000 კაცისაგან) და მოსრნა უწყლოდ (1110 წ.).
მტერი კარგად ხედავდა, რომ დავითს მტკიცედ განეზრახა აეღო საქართველოს დედაქალაქი ტფილისი და ამიტომ ცდილობდა არ დაეთმო ამ ქალაქის გარშემო და შორიახლო მდებარე სიმაგრეები, მაგრამ დავითი შორს გამჭვრეტი სარდალი იყო. მან შეურჩია მტერს დრო და ტფილისში შემოსასვლელი კარი რუსთავი (ყარაია) წაართო (1115 წ.).
მტერმა, რომ მეფე ჩამოაშოროს ტფილისს, ხერხი იხმარა:დიდძალი თურქობა ჩამოდგა ტაოსკარს. იმ წელიწადს მეტად ცივი ზამთარი იყო და მტერი, ალბად ჰფიქრობდა ქართველთა მეფე ამ დროს აქ ვერ მოვაო და, თუ მოვა, ბარდავ-რანის მხრის თურქობა ადვილად წაართმევს რუსთავსა, სამშვილდეს და სხვა ციხეებსო.
მაგრამ მტერი მწარედ მოსტყუვდა. ბრძანება გასცა მეფემ, კლარჯეთს შეიყარენითო.
თებერვლის თვე იყო და სასტიკად ჰყინავდა. გმირი მეფე არ შეუშინდა უამინდობას და არც მტრის სიმრავლეს, თავის მარჯვე მეომრებით ,,გადაფრინდა" აჭარას, შევიდა ტაოსკარს, მილეწა თურქობა და სრულიად იავარჰყო მისი სარჩო-საბადებელი (1116 წ.) შემდეგ ამისა სისწრაფით წამოვიდა ქართლს, გაიარა კახეთი, მივიდა ნუხს, დაიმორჩილა გიშ-ნუხის პატრონები ასამ და შოთა გრიგოლისძენი (1117 წ.), თვითონ კი დადგა, ხოლო თავისი შვილი დიმიტრი წარგზავნა ლაშქრობით შარვანს (შირვან-ბაქოს მხარეს).
დიმიტრიმ სახელოვნად ილაშქრა, დაიპყრა, დაიმონა ყალამორი და დაბრუნდა გიშს იმავე წელიწადს.
მეფემ აღარ შეიგვიანა. მოუვიდა ცნობა, რახსის (არაქსის) პირის თურქობაში დიდი მოძრაობა აღმოჩნდაო. მეფე აიყარა ბზობის დღეს, გიშით გადმოვიდა განუხს (აწინდელ საინგილოს) და იქიდან სწრაფად წავიდა რახსის მხარეს. თურქთა ერი ვერც კი იფიქრებდა, რომ ქართლთა მეფე გაბედავს აქ მოსვლასო, მაგრამ მათ მიერ მოულოდნელი და შეუძლებელი შესაძლებელი შეიქმნა. ქრისტეს მხედარი დიდის მრისხანებით თავს დაესხა ქრისტეს მოძულე თურქობას, მოსრა გმირულად და ამოაგდო იქაურობიდამ (1118 წ.). შემდეგ ძლევამოსილი შემობრუნდა, შემოვიდა დებედას ხეობაში, შემოერტყა ციხე ლორეს, მოსწურა და აიღო იმავე წელიწადს, მერე გამოვლო და აიღო აგარანი (1118 წ. ივლისში).
საცა ჩნდებოდა ღვთის მოსაგრე მეფე, იქ მტერი, ვით ქონი აღგზნებულ ცეცხლის წინ, ფიცხლავ დნებოდა, ილეოდა.
მტერი მალე დარწმუნდა, რომ პირდაპირის შებრძოლებით მეფეს ვერაფერს დააკლებდა, ამიტომ მოპარვით ბრძოლას ხელი მოჰკიდა. მეფეს განიგულებდა თუ არა შორს სადმე, შემოიპარებოდა ავაზაკურად და დაეცემოდა ამა თუ იმ სიმაგრესა და ციხეს.
1120 წელს მეფე იყო იმერეთს. იმ წელს სასტიკი ზამთარი იყო. მტრებს გაუხარდათ, მეფე შორს არისო და კორტოხზე გადმოსვლას ვერ შესძლებსო. ამიტომ უდარდელად შემოვიდნენ საქართველოში, აიღეს ბოტორას ციხე და არემარეს რბევა იწყეს. სცნა ეს შემდეგ, დიდის მძვინვარებით გადმოლახა ღრმად დათოვლილი ლიხის მთა, მოვიდა, მოულოდნელად დაეცა ბოტორას, აიღო იგი 14 თებერვალს 1120 წელს და უწყალოდ მოსრა მტერი.
შემდეგ ამისა დაუსვენებლივ წავიდა ღანუხს, იქიდგან ყაბალას (ყაბალა ვართაშენის ახლოა, ნუხის მაზრაში), მერე ჟიათით არბილას და ქურდევანით შიშტალას. დაიპყრა ეს ადგილები, ყველგან ჩააყენა თავისი მოხელეები და წავიდა შარვანს, რომლის მთავარი მოეკლათ დარუბანდელთ. მეფემ დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა, დაამარცხა დარუბანდელნი, დაიპყრა სევგელმენი და სხვა ადგილები (1120 წ.), გამარჯვებული დაბრუნდა და იმავე წელიწადს წავიდა აფხაზეთს, განაგო იქაური საქმეები, მოვლო ბიჭკონტია და სხვა სალოცავები.
თურქებმა, სცნეს-რა, მეფე შორს არისო, ჩამოდგნენ მტკვრის ხეობაში საზამთრო იალაღებზე. ამ წელსაც ზამთარი იყო ცივი, დიდ თოვლიანი. ლიხის მთაზე სამი ალაბის სიმაღლე თოვლი დაედო. მეფე არ შეუშინდა სიცივეს. გადმოლახა ლიხის მთა, მოვიდა. გრიგალივით, უგრძნეულად მიესია მტერს და გააქრო იგი ისე, რომ ამბავის სახსარი აღარ დაუნარჩუნა (მარტს 1121 წ.).
იმავე წლის ივნისში მტკვარი მეტისმეტად ადიდებული იყო. მეფე არ შეუშინდა წყლის სიდიდეს ალონს (ალაზნის შესართავის ახლოს) გასცურა მტკვარი, თავს დაესხა ბარდავის (გონჯის) თურქმანთა, დალეწა საშინლად და დიდის ალაფით დაბრუნდა.
ახლოვდებოდა ქართველთათვის სასიხარულო და მტერთათვის სავალალო დრო.
მტერს აწ ეჭირა კიდევ ტფილისის ყოფა-მდგომარეობაც მიწურულიყო და დღეს თუ არა, ხვალ ქართველები ამასაც აიღებდნენ. ამიტომ აქაურ მოვაჭრე თურქებმა წვერ-პირი შეიღებეს, თავი გაიმურეს, წავიდნენ სპარსეთს და იქაურს სულთანს მოახსენეს თურქთა სიბედშავე და გაჭირვება.
სულტანი განძვინდა ქართველობაზე, იხმო არაბთა მეფის სადაყეს შვილი დურბეზი, მოუწოდა თვის ლაშქარს, აგრეთვე თურქთ, არაბთ, სპარსთ დამასკოთგან ალამამდე, კვლავ განძის ათაბაგს, სპასალარობა ჩააბარა ილღ არდუხისძეს. მას გამოატანა თავისი შვილიც, მელიქი; შესდგა 400000-600000 მეომარი და ეს დიდი ლაშქარი წამოვიდა საქართველოსკენ და დადგა თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს.
მეფემ მოამზადა თავისი ლაშქარი და მტერს გაუმკლავდა ახოვანად (18 აგვისტოს 1121 წ.). შეიქმნა სასტიკი და საშინელი ბრძოლა, ასეთი საშინელი, რომ დედამიწა ირყეოდაო. მან ისეთის სიმედგრით, სიმხნით და მოხერხებით მიუსია ქართველები მტერს, რომ მალე აგარიანთა მძოვრებით აივსო მინდორ-ველი, ღელე-ხევები, დაიჭრა, დაიკოდა, და მოკვდაო 400000-მდე, დატყვევებულ იქმნა 20000-მდე და დანაშთენი გაიქცნენ, გაიქცა აგრეთვე დურბეზი და დაჭრილი ილღაზიც ძლივს გადარჩა. ქართველებს დარჩათ მათი აუარებელი დავლა:-არაბული რაშები, რემ-ჯოგები, კახვერი, ოქრო-ვერცხლი, ქოს-ფილავკანერი, ჯამ-ჭურჭელი, საქართველო აღივსო ნაალაფევით.
ზენაარი სიმართლე იყო შემწე გმირ ქართველებისა და მათის მეფისა.
საქართველომ ამ დღეს მოიხვეჭა სახელი უძლეველისა, შარავანდედი დიდებისა და რაინდობისა.
მამათ ცხოვრება ასე აგვიწერს ამ გამარჯვებას:დავით მეფემ ,,პირველსავე ომსა იოტა მტრის ბანაკი, რამეთუ ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ჰფარავდა მას და წმ. მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველას სახილველად წინაუძღოდა, მკლავითა თვისითა მოსრვიდა უსჯულოთა, ისე ძლიერად მოსრა და ისეთის სიმარჯვით წარიქცია და სდევნა, რომ აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მათის მძორებით, ხოლო სპანი ჩვენნი და ყოველი სამეფო აღივსო ოქრო-ვერცხ-ლით, არაბულის ცხენით, ასურულ ჯორით, კარავ-საფარდაკებით, უცხო ჭურჭლებით, საბრძოლველ იარაღით, ჯოხითა და ფილაკავნით, ტურფა სანადიმო სასხურებელით, სამზარეულო ჭურჭლით. რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს ყველა მისი აღწერა! თვით გლეხნიც ატყვევებდნენ არათუ სხვადასხვა გოლიათებს, არამედ თვით მტრის მეფეებსაც!
მეორე წელს (1122 წ.) მეფემ აიღო ისანი, კოდა და მთელი ტფილისი, 500 თურქი მოაშთო, ბევრი გაჟლიტა, დანაშთენთაგან ზოგი გაიქცა, ზოგი თავდახრით მოვიდა მეფის წინაშე და მონურ-ძმური ქვეშევდრომობა აღუთქვა.
ასრე განთავისუფლდა საქართველოს დედაქალაქი, 400 წელიწადს (722-1122) აგარიანთა დედაბუდედ ყოფილი.
სიხარული განთავისუფლებულ საქართველოისა იყო უზომო, გარდამეტებული.
ჯერ ისევ ამ სიხარულისა და ტფილისის მოწყობაში იყვნენ ქართველები, რომ შარვანს კიდევ შემოვიდა იგივე სულთანი სპარსეთისა. მას ჰყავდა დიდი ლაშქარი.
სულთანმა შეპყარა შარვანის მთავარი შარვაშა, აიღო შამახია და მეფე დავითს შემოუთვალა ამაყურად:,,შენ ტყვეთა მეფე ხარ და ვერაოდეს გამოხვალ ველთა ზედა.
შარვაშა შევიპყარ და ხარჯს გთხოვ, შენც გინდ ჯეროვანი ძღვენი გამომიგზავნე და გინდ სამალავით გამოდი და მნახე".
ამის პასუხად მეფე თავის ლაშქრით მოულოდნელად გაჩნდა სულთანის ლაშქრის წინ. სულთანს თავზარი დაეცა, შეივლტო შამახიაში და გარემოიზღუდა სხირტითა, ხანდაკებითა (თხრილებით) და ზღუდით. მაგრამ აქაც გამაგრება ვეღარ მოახერხა, მეფეს გამოუგზავნა, ვითარცა მონამ ბატონს, დიდი ძღვენი და ითხოვა გზა სამლტოლვარო, იგი იყო დამშეული და წყურვილით შეწუხებული. მის წინაშე მიმავალი ხანის ათაბაგი აღსუნღული და მისი ჯარი მოსრეს მეფის მოწინავე მეომრებმა. აღსუნღულს დაეღუპა 40000 კაცი, ხოლო თვითონ მარტო მივიდა სულთანის წინაშე, რომელიც იქ ვეღარ დადგა, გაიპარა ციხიდამ და გადიკარგა (1123 წ. მაისს).
მეფე დაბრუნდა, რამდენიმე დღეს დაისვენა ამთენს და მეორე თვეს, ივნისს, ისევ წავიდა შარვანს აიღო შარვანის სატახტო ქალაქი გულისტანი, (11223 წ.) ისევ შეიერთა შარვანი, კეთილით აავსო თავისი მორჩილნი და დაბრუნდა და წავიდა იმერეთს რთლობას.
შემოდგომა და ზამთარი მეფემ გაატარა იმერეთს. ცხოვრობდა გეგუთის სასახლეში, ნადირობდა იქაურს ტყეებში, განაგებდა იქაურს საქმეებს.
მარტის დამდეგს (1124 წ.) მეფე გადმოვიდა ქართლს, აიღო ქალაქი დმანისი; აპრილს ქართველნი მიესივნენ შამუხინს დარუბანდელსა, გასწყვიტეს ქურთნი, ლეკნი ღასანნი და ხოზაონდი და მიმდგომი მათი ქვეყანა. მაისში მეფემ დაიჭირა სომხითის ციხენი-გაგი, ტერო-ნაკალი, ქვაზინი, ნორიშიდი, მანასგომი და ტალინჯაქარი. ივნისს წავიდა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნივოლა, ბასიანი სპერმანდოს (ჭოროხ-შავზღვამდის) და საცა თურქმანნი ჰპოვა, მოსრა და ტყვეჰყო, მერე ჩამოვლო ბუიათ-ყური, დასწვა ოლთისი და მოვიდა თრიალეთს და დადგა მოჟანის წყაროზე.
20 აგვისტოს (1124 წ.) მოჟანის წყაროზე მდგომ მეფის წინაშე მოვიდნენ ქალაქ ანისის თავადთა მწიგნობარნი და მოახსენეს მეფეს თვისი ერთგულება, ანისისა და მისი ციხის მოცემა. ანისი ეჭირათ თურქებს და აქ მაშინ მტარვალობდა მთავარი ბულასვარ. მეფე მესამე დღესვე (23 აგვისტოს) 60000 მეომრით გაუდგა ანისის გზას, მივიდა, გარემოიცვა ქალაქი და მესამე დღეს აიღო ქალაქიცა და მისი ციხე-სოფელნი და არემარენი, ამოსწყვიტა 20000 აგარიანი, ბულასვარი, მისი რვა შვილი, მისნი მხევალნი და რძალნი დაატყვევა და აფხაზეთს გამოისტუმრა,*) ანისი შემოუერთა მცხეთას და გამგედ დაუდგინა აბულეთი და მისი შვილი იოვანე ორბელიანი.
ანისის დიდებული ტაძარი თურქმანთ თავიანთ ჯამედ ექციათ, მეფემ მოიწვია სომხეთის სამღვდელოება, ხელახლა აკურთხევინა, ხელახლა განამშვენა. მტარვალთა ხელისგან განთავისუფლებული სომხის სამღვდელოება ადიდებდა ღმერთსა და ლოცავდა დავითს.
ამ დროს მოხდა შემდეგი სასწაული:ანისის ტაძარში ესაფლავა სომხების დედოფალი კატრონიკ. წირვის ჟამს მისს საფლავის პირს დადგა დავით მეფე და დედოფალს ჩასძახა:,,გიხაროდენ, დედოფალო! შენი ტაძარი ღმერთმა იხსნა აგარინთაგან." საფლავიდან კატრონიკმა ამოსძახა:,,მადლობა ღმერთსა!"
,,ეს დღეო, შენიშნავს სომხის მწერალი მათე, ჩვენის გვარ-ტომისათვის იყო დღე ბედნიერებისა, ვინაიდგან წმიდა ტაძარი ანისისა განთავისუფლდა მტარვალთა მფლობელობისაგან."
ასრე განაგო, განამტკიცა მეფემ სომხეთის საქმე და დაბრუნდა. შეისვენა ცოტახანს და ისევ შარვანის გზას გაუდგა, მივიდა-რა, აიღო ქალაქი შამახია, ციხე ბივსიტი და ყოველი შარვანი, ციხე-ქალაქებში ჩააყენა კახეთ-იმერეთის ლაშქარი, გამგებლად და იქაურ საქმეთა ზედამხედველად დაადგინა მწიგნობართ უხუცესი სვიმონ ჭყონდიდელი, მთავარ ეპისკოპოზი, მაშინ ბედიელ ალავერდელობის მქონებელი, კაცი ყველაფრით სრული და ბრძენი. მეფემ განაგო ყოველი საქმე შარვანისა, კეთილით აავსო ქურთნი, ლეკნი და თარასნი და დაბრუნდება ქართლს (1124 წ.).
ამ დროს მეფემ მოიტანაო აგრედ წოდებული დარუბანდის რკინის კარები, რომელიც დღეს გელათშია. ამ კარებს აწერია არაბულად:"სავირ ბენი-შედდად განჯელის ბრძანებით ეს კარები გაკეთდა 1063-1064 წელსა".
მეფის სიმკვირცხლით ლაშქრობამ და მისმა ძლევამოსილობამ მტრები დააშინა და შეაძრწუნა ისე, რომ თვით სპარსეთის დიდი სულთანი მეფეს ზედიზედ უგზავნიდა აუარებელ ძღვენს, მძიმე ჭურჭელს, ძვირფას ფარჩას, უცხო-უცხო ფრინველებს და ნადირებს და ეხვეწებოდა მშვიდობა მიენიჭებინა მისთვის და მის ქვეშევდრომთათვის.
ამ სახით, ქართველთა დაკნინებული სამეფო დავით მეფემ განადიდა და განავრცო დარუბანდიდან ჭოროხის თავამდის და ტრაპიზონამდის, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდის, კავკასიონის მწვერვალიდგან ანი-ქალაქამდის. ყველგან ფრიალებდა ქართველთა დროშა, ყველგან აქ გაისმოდა ქართველთა ქება-დიდება. და ამ ძლიერებისა და დიდების საძირკველი კი გაინასკვა პატარას, მაგრამ ჩვენთვის წმინდად მისაჩნევს, წაღვლის თავში.
წაღვლი აგარიანთათვის წარღვნად იქცა, ხოლო ქართველთათვის წაღმართ სავლელ გზად და ხიდად.
აქ თავდება მხედრობისა და ლაშქრობის ამბავი. მეფეს ამდენ გამარჯვებას ანიჭებდა მისი საკუთარი სასარდლო და სამეფო ღირსებანი, აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ამ დროს თითქმის მთელი მაჰმადიანობა გართული იყო ,,ჯვაროსანთა ომში, თითქმის მთელი აგარიანობა ებრძოდა ევროპის საჯვაროსნო ლაშქარს იერუსალიმის არემარეზე, ამის გამო მაჰმადიანთა უმთავრესსა და უმეტეს ძალას არ ეცალა საქართველოსათვის, რომლის დაცვა მინდობილი ჰქონდა მხოლოდ ადგილობრივ მაჰმადიანებს და სპარსეთის სულთანს.
ამას გარდა, საქართველოს ძლევამოსილობას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ მეფის შორსმხედველობის წყალობით ერთობა და მეგობრობა დამყარდა ოსეთსა, ყივჩაღეთსა და სომხეთ-საქართველოს შორის.
მეფე კარგად ხედავდა, რომ საჭირო იყო დიდი ლაშქარი ერთის მხრით დაპყრობილ ციხე-ქალაქებში ჩასაყენებლად და მეორეს მხრით მტერზე იერიშის მისატანად. ამისათვის მეფე დავითმა შემოიკრიბა გონება, კეთილად და გონიერად გამგონე, ვითარცა დავით სულისა მიერ წმიდისა, აღაღო მაღლა თავი თვისი და განიცადა, რომ ასაკში იყვნენ მისნი ლაშქარნი და ესეც ალექსანდრე მაკედონელივით მოიქცა. ვინმე ფილოსოფოსმა უთხრა მეფეს:,,არიანო მრავალნი და ურიცხვნი სოფელნი, რომელთა არცა სახელი გსმენიაო". მან უპასუხა:,,უკეთუ დამშთეს ესენი, რაი იყოს მპყრობელობა ჩემიო".
მეფემ იცოდა, რომ საქართველოს ახლო მეზობლად იყვნენ ოსნი და მხნე მეომარნი ყივჩაღნი. ადგა მეფე და თვით დარიალის გზით შევიდა ოსეთსა და ყივჩაღეთს, შეირთო ცოლად ყივჩაღთა მეფის ათრაქა შარაგანიძის ასული გურანდუხტ (წინად მეფეს ჰყვანდა ცოლად სომხის მეფის ქალი), შეარიგა ოსთა და ყივჩაღთა მთავრები, ყივჩაღეთიდგან მოიყვანა 40000 მეომარი, ამათ მიუმატა ქართველთა ლაშქარიც, ყველა მეომრებს დაუნიშნა სახელმწიფო ულუფა, ჯარი კარგად გაწურთვნა და გააწესრიგა ისე, რომ ამ დიდს ლაშქარს გრიგალ-ქართულად გაუტევდა ხოლმე იქითკენ, საითაც შენიშნავდა მტრის მოძრაობას.
სახელმწიფო კაცების ამორჩევაშიაც მეფეს დიდი ნიჭი ჰქონდა, და მათის შრომისა და ღვაწლის დაფასებაც იცოდა. ამათ შორის უპირველესი და მეფის უმახლობელესი იყო მწიგნობართ უხუცესი გიორგი ჭყონდიდელი. ეს სიყრმითგანვე მეფის მსახურებაში აღზრდილი იყო. მეფე რომ ოსეთს წავიდა, ეს გიორგიც თან წაიყვანა, მაგრამ გიორგი იქვე, ოსეთს, მოკვდა; მეფემ მისი გვამი წარმოგზავნა საქართველოს და 40 დღე იგლოვა, რომ ამისთანა ჩინებული კაცი დაკარგა. გიორგი დამარხეს გელათს.
უნდა შევნიშნოთ, რომ დავითის სამეფოს გამგეობა წმინდა ქრისტიანულად მოეწყო, ალბად იმის დასამტკიცებლად, რომ იგიც, ევროპიულ ჯვაროსანთა მსგავსად, ემსახურება მხოლოდ ქრისტიანობას და მონაწილეობას იღებს საჯვაროსნო ომში მით, რომ მაჰმადიანთა არამცირე ნაწილს აბანდებს საქართველოს არემარეზე და ნებას არ აძლევს ამ ნაწილს შეუერთდეს დანაშთენ მაჰმადიანობას, მებრძოლს ევროპიელებთან.
მხოლოდ ამგვარ თვალსაზრისით შეგვიძლიან ავხსნათ ის გარემოება, რომ მეფე თვით დაპყრობილ სამაჰმადიანო შირვანის გამგედ ნიშნავს სვიმონ ჭყონდიდელს და ბედიელ ალავერდელის მთავარ ეპისკოპოზს, აგრეთვე ჯარში სპობს ყოველგვარ საერო სიმღერებს, სამხიაროდ, განცხრომას და შემოაქვს მხოლოდ სასულიერო გალობანი.
ამავე საქრისტიანო აზრით მეფემ 1103 წ. მოიწვია ურბნის- რუისის სასულიერო კრება. თვით დადგენილებანი ამ კრებისა ცხადად მოწმობენ, რაოდენად დაცემულიყო ზნეობა საქართველოს სამღვდელოებაში, რაოდენად შერყვნილიყო აზრი ქრისტიანობრივ სიმდაბლისა, სიყვარულისა ბევრს საყდარი არა ღირსებად მოეტაცნაო, უსწავლელნი და უმეცარნი ქურდულად შესულიყვნენო ღვთის ტაძარში, ბილწება, სოდომელთ ცოდვა, უძღებობა, ქრთამის აღება, უჯერო ქორწინება და მრ. ბოროტება გავრცელებულიყო. ყოველივე ეს უკუღმართობა აღკრძალა ურბნის-რუისის კრებამ, უღირსნი ეპისკოპოსნი განაყენა, ღირსეულნი მათ ადგილას დაადგინა. მეფემ კრების განაჩენი დაამტკიცა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, აღმოჩნდნენ ბევრნი, რომელნიც არ დაემორჩილნენ ამ განაჩენს. აი ამის ერთი მაგალითი.
თვით მეფე დავითი მოგვითხრობს შემდეგს:იყო ღვთის შემაწუხებელი ძაგანი და მისი ძე მოდისტოსი, წინაუკმო მღვდელმოძღვარი. ერთმა მათგან ,,თვისთა პატრონთა წყალობა მათზედა საისრედ აღმახვა, ხოლო მეორემ ეკლესიები თვისად მიიტაცა. მაგრამ ეს მწყემსი ჭეშმარიტ მწყემსებმა დაამხეს, ხოლო ძაგანი, შევტოლვილი შიომღვიმეს, ღმერთმა ხელში ჩამიგდო, რადგან მღვიმის ბერები დამეხმარენო".
სჩანს, ურბნის-რუისის კრების დადგენილება არ მიუღია ხსენებულ ძაგანს და მის შვილს მოდისტოს და მიტაცებული საყდრები არ დაუთმიათ.
სიგელის დანაშთენ მოთხრობიდგან სჩანს, რომ მეფეს ეს უკუღმართნი შეუპყრია, შარვანზე გალაშქრების წინად შიომღიმეს შეუვლია, ბერებისაგან ლოცვა კურთხევა აუღია და წმ. შიოს შეჰვედრებია, მისცეს მეფესა და მის ლაშქარს გამარჯვება. ამ დროს (1123 წელს) საშუალ შიომღვიმის მონასტრისა მეფისაგან დაწყებული საყდარი-სახსოვრად ძაგან-მოდისტოს დამხობისა, დასრულებულ იყო.
შიო მღვიმის მამების დახმარებით ძაგანი რომ შევიპყარიო, განაგრძობს დავით მეფე, შიო მღვიმეში მიველიო, თაყვანი ვეც წმ. შიოს საფლავს, ვნახე მემღვიმე მთავარ მამა მიქელი და სხვანი, სულითა ღვთისათა განათლებულნი, მამანი, სიხარულით აღვსილნი, რომ ვნახე ეს სამოთხის მსგავსი ლავრა, მოვუწოდე არსენი ბერს და ვუბრძანე აეშენებინა საყდარი ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა მონასტრის ეზოს საშუალ-არსენი ბერისა და ჩემის მოძღვრის იოანეს რჩევით შიო მღვიმის მონასტრის წესნი სვიმონ-წმინდელის წესზე დავსხიო. თუ მე დავბრუნდი, ხომ კარგი, თუ არა და-არსენი ბერს აქვს ფული (,,კოსტანტი" და ,,პესპარა"), მით ეკლესიას კალაპოტი გამოუყარონო, მოლესონ, მოხატონ, და ძემან ჩემმან დიმიტრიმ და ჩემთა ბერთა აკურთხონ ქართლის კათალიკოზის იოანეს ხელით და თანადასწრებით იმერ-ამერთა ყველა ეპისკოპოსებისა. სიგლები მღვიმისა განმიახლებია და დამიმტკიცებია.
მისთვის შემიწირავს ბროლისა, ბაზიჯის და მინის კანდელები, სასანთლეები, სიწმინდის სამსახურებელი და 30 ლიტრა ვერცხლი, ცვილი სანთლისათვის, ძმათათვის პური, ხილი 500 დრამისა, ღვინო ერთი საწყავი, შემოსავალი ქულბაქთა, საზეთეთა და წისქვილთა-შესამოსლების შესაძენად, 30 ჯორი, 2000 ცხვარი მე მომიბოძებია და მონასტერს ჰყავს კიდევ 3000, ამ 5000 ცხვარს უბაჟოდ ეთმობა საბალახე, ასი ფური მომიძღვნია, თვალი, მარგალიტი ჩემის ხატისთვის, ბარძიმ ფეშხუმი და სხ. შვიდეულის ყოველს პარასკევს თითო კირასული ღვინო სეფისკვერთან შესვან და მილოცონ ასრე:,,უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცდომილებისა". ასი დრაჰკანი მღვდელთა და მგალობელთათვის შემიწირავს, თუ ვინ დააკლებს ამას ნუოდეს…
დავით მეფის ცხოვრება აღსავსეა კეთილის მზრუნველობითა და მაგალითებით.
1106 წ. დავითმა განიზრახა აეგო უდიდესი მონასტერი. ადგილი აირჩია შემკული და ჩაჰყარა საძირკველი გელათის უპირველეს საყდრისა საოხად ღვთისმშობლისა. კედლები ამოაყვანინა დიდრონის თლილის ქვით. მატიანე ამბობს:,,ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ყოვლად წმიდისა ტაძარიო, რომელი სჯობს ყველა წინანდელ ნაშენებს შვენიერებითა, სივრცითა და ნივთთა სიმრავლითა". ეს მონასტერი მეფემ აავსო წმ. ნაწილებით, წმ. ხატებით, სამსახურებელით, იქვე დადგა ძვირფასი ტახტები ქართველთა ძველის მეფეებისა, სასანთლეები, ფერად-ფერადი საკიდელები, გვირგვინებით ფიალანი, სასმურები, რომელნიც მეფემ წაართვა არაბთა მეფეებს, მასში შემოკრიბა ცხოვრებით წმინდა კაცნი, მონასტრებს მიუძღვნა უმემკვიდრეოდ დარჩენილი სალიპარიტო მამული, განუჩინა უზრუნველი ტრაპეზი, და მალე გელათი გაბრწყინდა, იქცა მეორე იერუსალიმად აღმოსავლეთისა, სასწაულად კეთილისა, მოძღვრად სწავლისა, ქართველთა ათინად, საეკლესიო შვენიერების წესად და კანონად. დღესაც გელათი იქცევს ქვეყნის ყურადღებას თავისს დიდებულებით, თავის ძვირფას სამკაულითა, წმ. ნივთებითა და ხატებით. ამათ შორის შესანიშნავია თვალწარმტაცად მომინანქრებული და ძვირფასად თვალმარგალიტით შემკული ხახულის ხატი, აღმაშენებელისი და მის მამის დიდი ბეჭედი, თამარ მეფის ფოსტლები და სხ.
მეფეს ფრიად უყვარდა განათლება. ყოველწლივ 22-მდე ყმაწვილს გზავნიდა საბერძნეთს უმაღლეს სწავლის მისაღებად. ამავე აზრით მან კახეთის დაბებში, გრემსა და იყალთოს, დააარსაო უმაღლეს განათლების მისაღები სასწავლებელნი, აკადემიები. ამათი მოთავენი იყვნენ არსენი, ეფრემ მცირე, ივანე ტარიჭისძე, თეოფილე და სხ.
თვით მეფე წიგნს არაოდეს არ იშორებდა. შინ იყო თუ ბრძოლის ველზე, სანადიმოდ მიდიოდა თუ სანადიროდ, ყველგან და მუდამ თან წიგნი დაჰქონდა, წიგნს არ იშორებდა. წიგნი შეიტკბა დავითმაო, ვით მცირე პტოლომეოსმა, ისე შეიყვარა და შეითვისა ყველა წიგნები, ძველად და ახლად ნათარგმნი, რომ გეგონებოდათ ,,მათ შინა იგი არს ცხოველ და მათ შინა იძვრის; იგი იყვნეს მისი საზრდელი, ტკბილი და საწადელი სასმელი, საშვებელი დღე და ღამ". ყველგან მისთვის წიგნები ჯორ-აქლემებით დაჰქონდათ, როცა დასასვენებლად ჩამოხტებოდა, წიგნს კითხულობდა ანდა სხვას აკითხებდა და თვითონ ისმენდა, ღრმა ადგილების განმარტებაში შედიოდა. ასრეთი გულმოდგინე და წიგნის მოყვარე იყო დავითი.
მეფეს უფრო მეტად სამოციქულოს კითხვა უყვარდა, ხანდახან ამ წიგნს წელიწადში 24-ჯერ გადაიკითხავდა ხოლმე. მეფის მიერ წიგნის კითხვის მოყვარეობას ასრე ახასიათებს მემატიანე:
ტფილისი ჯერ არ აეღო მეფეს და მაჰმადიანნი ისევ ბატონობდნენ აქ. მათ დასამზერად შემოსული მეფე ავჭალის ხეობაში ჩამოხტა და სამოციქულოს კითხვაში გაერთო. მისი რაზმი წავიდა ლოჭინისკენ და იქიდგან გამორეკა ტფილისელების ნახირი. ტფილელ მაჰმადიანებმა თვალი მოჰკრეს და გზა გადაუღობეს. შეიქმნა სასტიკი ბრძოლა. მეფეს ესმა კიჟინის ხმა. კითხვას თავი დაანება, შეაფრინდა თავის ცხენს, გამოაჭენა, დაერია მტრებს და ჭრა-კაფით ქალაქის კარებამდის სდია. შემდეგ მეფე კვლავ დაუბრუნდაო თავისს წიგნს.
სიტყვით, მეფე იყო წიგნის ტრფიალი და ამან უფრო განაბრძნა ბუნებითვე დიდის ნიჭით დაჯილდოვებული ხელმწიფე. სამართალს ისე იქმოდა, ვით ბრძენი სოლომონ, მისი საბჭო-სამართლის სასწორი წამსაც არ გადიხრებოდაო; სიწმიდეთა სათნოება ესოდენი მოიგოო, ვით დიდმა ანტონიმ. მეფემ კარგად იცოდაო სამეფოს კიდეთა და ნაპირთ წესიერად განგება და მოვლა, სამეფოში ყოველგვარ განხეთქილების დაშოშმინება-დაწყნარება, გაამაყებულ მთავართა ზაკვის გამოცნობა, წურთნა, დასჯა და ან პატიება, ელჩების მიღება და დახვედრა, ნიჭიერ კაცთა ზედა წყალობის მიყენა, შემოსავალ-გასავალის ანგარიში, გაწესრიგება. და არათუ მარტო ეს იცოდა მეფემ, არამედ, თვით მონასტერნი და საეპისკოპოსო საყდარნი ,,წესსა და რიგსა ლოცვისა და ყოვლისა საეკლესიო განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან".
მეფემ ყოველ ბეგრისა და ხარჯისაგან გაანთავისუფლა მონასტერნი და ლავრანი, ბერნი და მღვდელნი, ააშენა მრავალი ხიდი, ქვაფენილი გზები გაიყვანა, ააგო კიდევ მრავალი საყდარი, გააქრისტიანა ყივჩაყიდგან მოყვანილი მეომრები და ბევრი სხვა ურჯულონი.
მეფე იყო ფრიად ქველი, ღარიბ-ღატაკთა შემბრალებელი. თავის ნანადირებულით აღებულს ფულს აგროვებდა ქისაში, ყოველდღე ეს ქისა თან დაჰქონდა და ყველა შეხვედრილს ღატაკს გაიკითხავდა ხოლმე, და თუ რომელსამე დღეს არ შეხვდებოდა ვისმე ღარიბსა და უქონელს, იტყოდა ხოლმე:,,დღეს ვერ მივეც ქრისტესა ჩემის ცოდვის გამო". ამგვარად შეგროვილი ფულისაგან ერთხელ მეფემ თავისს მოძღვარს იოანეს მისცა 24000 დრაჰკანი დასარიგებლად გლახაკთათვის და უქონელთათვის.
ავადმყოფთა და უძლურთათვის მეფემ ააშენა დიდი ქსენონი (საავადმყოფო) და გაუჩინა მას უხვი საზრდო-საკვები. მეფე ხშირად თვით მიდიოდა უძლურთა სანახავად, უსინჯავდა მათ ქვეშაგებს, ლოგინებს, საჭმელსა და სასმელს, ყველას ანუგეშებდა და აძლევდა ოქრო-ვერცხლსა. ძნელ ავადმყოფებს ასინჯვებდა მკურნალებს. მოგზაურთა სადგურად და დასასვენებლად მეფემ ააშენა შვენიერი სასახლეები, აგრეთვე მგოსანთა და ქადაგთა თავსაფრად. მგზავრსა და მგოსანს, რომელსაც კი მეფე შეხვდებოდა, მამაშვილურად მოიკითხავდა ხოლმე და, ვინც უქონელი იყო და მგზავრობის განგრძობა აღარ შეეძლო, ფულს აძლევდა და ისტუმრებდა.
მეფე გულუხვი ქველი იყო არათუ მარტო საქართველოს შვილთათვის, არამედ ასურეთისა, საბერძნეთისა, პალესტინისა, კვიპრისა, შავმოისა, ათონისა და სინას მცხოვრებთათვისაც. აქაურებს მეფე გულუხვს შესაწევარს უგზავნიდა ხოლმე.
განსაკუთრებით დიდი კეთილი მიაგო მეფემ უფლის საფლავს, საცა ქართველებს ჰქონდათ საკუთარი სამლოცველო.
სინას მთაზედვე მეფემ ააშენა წმ. ეკატერინეს მონასტერი, რომელიც გაამდიდრა ყოველის შემკულობით, წიგნებითა და წმ. ჭურჭლით. და ,,წარსცა მას ოქრო მრავალ ათასეული და მოსაკიდებელი ოქსიონნი და წიგნები საეკლესიო სრულებით დასამსახურებელნი სიწმიდეთა რჩეულის ოქროსა". ეს ტაძარი მეფემ ააშენა მოსაგონებლად და მოსახსენებლად თავის ასულის ეკატერინესი, რომელიც მიათხოვა (1116 წ.) ალექსის, ნიკიფორე ბრიენისა და ანა კომონიანოსის შვილს.
თავის სამეფოში სვლის დროს, სიჩქარისა და ჯარისა თუ ამალის (მხლებლების) სიმრავლის გამო, მეფე ვერ განიკითხავდა ხოლმე ღარიბ-ღატაკებს და ყველა იმათ, რომელთაც ან საჩივარი ჰქონდათ და ან რამე სათხოვარი. ამისთანები, ვით ზაქე, ავიდოდნენ ხოლმე მაღალს ხეზე ან ბორცვზე და დაენახვებოდნენ მეფეს. მეფე იმ ხანს ჩაივლიდა და ღარიბების საჭიროების შესატყობად თავისს მოხელეს გზავნიდა, შეიტყობდა ყველაფერს დაწვრილებით და მერე, მოცლის დროს, მათს თხოვნას დააკმაყოფილებდა.
დავითს სამეფოში ვერა-რა დაემალებოდა. მას ჰყვანდა ფრიად სანდო და პატიოსანი კაცები, რომელთა მოვალეობა მხოლოდ ის იყო, რომ შეეტყოთ, სად რა ხდებოდა, სად ვინ რას განიზრახავდა. შეიტყობდა-რა მეფე ყოველივეს, ავისათვის ავს სჯიდა, კეთილისათვის კეთილს ამხევებდა, აჯილდოვებდა.
არის თქმულება, რომ მეფე წყალში თევზსაც ამრავლებდაო: ამერეთის მდინარეების თევზებს იმერეთის მდინარეში სხავდაო და იმერეთის წყლებისას ამერეთის წყლებშიო.
ესოდენ დიდებული მეფე თავმდაბლობით განთქმული იყო:მან არ ითაკილა, როდესაც შარვანის მთავარმა ახსართანმა მეფეს ცოლად მოსთხოვა მისი უფროსი ასული თამარ.
ეს თამარი მისთხოვდა ახსართანს 1116 წლის წინად. თამარი აქ დიდხანს არ დარჩენილა. იგი მალე დაქვრივდა, სამშობლოში დაბრუნდა, გამონოზნდა, თეღვას ააშენა შვენიერი მონასტერი ყოველის მოწყობილობით და იქვე დასახლდა, იმოღვაწა, აღესრულა და დასაფლავდა..
ეს თეღვას ტაძარი დღევანდლამდე კარგად შენახულა. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში, ჯვრის გარშემო, აწერია ასომთავრულით:
,,ქმნულებამან რაი აქაი სასუფეველისამა:სხვაი მიიღოს უწყებაი ყოფადისაი:მოქმედებითა შენ ზედა ჯუარცმითა:ქრისტეს ღუთისაითა, რომლისა მირთვისა:მარადის შემწე მექმენ მსახურსა შენსა თამარს;"-თიღვა და წაღვლისთავი ახლოს არიან ერთურთისაგან. სჩანს, დავითის სახლობის საყვარელი საცხოვრებელი ყოფილა ეს შესანიშნავი ადგილი, რომ დავითსაც აქედგან დაუწყია საქართველოს განთავისუფლების საქმე და მის ასულს თამარსაც თითქო ამ განთავისუფლების სახსოვრად აქ აღუგია უკვდავი ძეგლი-თეღვას მონასტერი.
დავითს ფრიად აწუხებდა, რომ ქართველნი და სომეხნი რჯულით ცალ-ცალკე იყვნენ და ამის გამო ხშირად მტრობდნენ ერთმანეთს. მან მოინდომა ამ წესით სამღვდელოების მორიგება და ბრძანა საცილობელი საგანი განეხილა ქართველთა და სომეხთ სამღვდელო კრებას. შეიყარა ორივე მხარის ნასწავლი სამღვდელოება. კრებას დაესწრო თვით მეფეც. გადასაწყვეტი საგანი ფრიად მარტივი იყო, მაგრამ სამღვდელოებამ გააჭიანურა საქმე. მემატიანეს თქმით, ,,შევიდიან შეუვალსა და ძნიად გამოვიდიან", ბჭობდნენ დილიდგან საღამოს მეცხრე ჟამამდე. მეფე მოთმინებიდგან გამოვიდა, მობაასეთ მიჰმართა ღვთის მეტყვეურის სიტყვით და პირნი დაუყვნაო". მეფის ღრმა ცოდნამ გააკვირა სომეხთა სამღვდელოება და ამათ მოახსენეს ღვთის ცხებულს:
,,მეფეო, ვგონებდით შენ იყავ მათი მოწაფე, აწ ვცანით, შენ ყოფილხარ მათი მოძღვარი". კრება დაიშალა, მეფის წადილიც- ქართველ-სომეხთა შერიგების შესახებ-აუსრულებელი დარჩა.
მიუხედავად ამისა, მეფე მეგობრულად ეპყრობოდა სომხებს. სომხის მწერალი მათე დავითის შესახებ სწერს:"დავითი იყო წმინდა, კეთილმსახური, სავსე ქველმოქმედებით, მართლმსაჯული. დავითის გარშემო იკრიბებოდა სომხის დანაშთენი ნათესავი. მათთვის საქართველოში ააშენა ქალაქი ლორეა და აქვე მრავალი ეკლესია და მონასტერი. მიაგო სომხობას ყოველგვარი ნუგეშისცემა და შვება". სომხის სხვა მწერალი ამბობს:"დავითს არავითარი სიძულვილი არა ჰქონდა სომხურ წირვა-ლოცვისა და ეკლესიისა. იგი ხშირად თავს იდრეკდა ჩვენს ხელქვეშ და ითხოვდა ჩვენს ლოცვა-კურთხევას".
დავითი ასრე ლმობიერად ეპყრობოდა არა მარტო სომხებს, არამედ დაპყრობილ მაჰმადიანებსაც:
ტფილისის მაჰმადიანებმა სთხოვეს მეფეს, ქრისტიანები ჩვენთან ერთად ნუ შემოვლენ აბანოშიო. მეფემ მათი თხოვნა შეიწყნარა. ყოველდღე მეფე და მისი შვილი დიმიტრი მაჰმადიანთ მიზგითში შედიოდნენ, ისმენდნენ სამეფო ლოცვას და ყურანის კითხვას. მოლებსა და მუაძინებს მეფე აძლევდა ულუფას. უცხოელთათვის მეფემ ტფილისში ააგო ქარვასლები და სადგომები. დავითი უფრო მეტ პატივს სცემდა მაჰმადიანებს, ვიდრე თვით მაჰმადიანთა მთავარნი.
ნაბუქუდუნოსო არის ხილვა ასეთი იყო:,,ვხედავდით ხეთა შორის ქვეყანასა, სიმაღლით ცისა მიმწვდომსა და რტოთა მისთა კიდემდე ქვეყანისა, ფურცელნი მისნი შვენიერ, ნაყოფი ფრიად საზრდელი მისი, შორის ქვეკერძოდ მისსა დაიმკვიდრეს მხეცთა ქვეყნისათა და შორის რტოთა მისთა ფრინველთა ცისათა, და მისგან იზრდებოდა ყოველი ხორციელი". სწორედ ამ ხეს დაემსგავსა მეფე დავითი, რომლის აჩრდილს შეკრებილ იყვნენ მეფენი და ხელმწიფენი ოსეთისა, ყივჩაღისა, სომხეთისა და ფრანგეთისანი, შარვანისა და სპარსეთისანი, მის სიტკბოებისა, სახიერებისა და სიბრძნის სახილველად და სასმენად მოდიოდნენ ქვეყნის კიდითგანო".
ასეთი ბრძენი, კაცთმოყვარე და შემწყნარებელი იყო ღვთის ცხებული მეფე დავითი. და ღმერთიც იხსნიდა მას ყოველგვარ განსაცდელისაგან. აი, ორიოდე მაგალითი: ერთხელ მეფე ნადირობდა მუხრანს. ნადირის დევნაში ცხენი წაექცა და ისე ძლიერად დაეცა მეფე ძირს, რომ ,,ყოვლად უსულო იყო, უძრავად". მხოლოდ მესამე დღეს მეფე გონს მოვიდა და მომჯობინდა.
ქართლს ჰბრძოდენ რომელსამე ციხეს. მეფე კარვის წინ პერანგის ამარა იდგა.
შუადღე იყო. ციხით მტერმა გამოისროლა ისარი, მაგრამ ისარმა ვერ ავნო მეფეს, რადგან იგი მოხვდა მთავარ-ანგელოზის ხატს, რომელიც მას გულზე ეკიდა.
ბევრჯელ მეფეს ხმლით გამოსდგომიან მოსაკლავად ყივჩაყნი ან თურქნი, მაგრამ ღმერთს ყოველთვის უხსნია იგი მტერთაგან.
და ასე, მეფემ დამდაბლებული სამეფო უზომოდ აღამაღლა, დანგრეული საყდრები აღადგინა, ახალი მონასტრები და ციხეები ააშენა, სკოლები გამართა, გააბრწყინა მწიგობრობა, ქვაფენილი გზები გაიყვანა, ხიდები გასდო, ქსენონები და სასტუმრობი ააგო, ლაშქარს გაუჩინა ულუფა, საქართველოს მოუპოვა სახელი უძლეველობისა. და ამის შემდეგ მაინც კიდევ იყვნენ თითო-ოროლა დუხჭირნი, რომელნიც მეფის შესახებ საყვედურით ამბობდნენ:"ზოგს იყვარებს, განადიდებს, ზოგს იძულებს, ამცირებსო. ამას ამაღლებს, იმას ამდაბლებს, უსამართლოდაო".
მაგრამ ესენი ეკუთვნოდნენ იმ ორგულების რიცხვს, რომელთაც საკუთარის კუთვნილების მეტი სხვა საზრუნავი არ ჰქონდათ. ამისთანების შესახებ მემატიანე სამართლიანად შენიშნავს:"ნუ უკვე დუხჭირმანცა აბრალოს სარკეს, რომ მის სახეს ცხადად უჩვენებს!-ნუ უკვე და ლომსაცა აბრალონ ეგევითართა, რამეთუ არა ციდა-მტკავლურად იხედავს, არცა კვერნურად ჰკრთების?!"
უდროოდ, სულ ორმოცდა ცამეტის წლის გარდაიცვალა დავით აღმაშენებელი (1125 წ. 24 იანვარს). გვამი მისი დიდებით მიასვენეს გელათს, დაკრძალეს და საფლავის ქვაზე წააწერეს მისივე სიტყვები:
,,როს ნაჭარმაგევს მეფენი
შვიდნი მე პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი
საზღვართა გარე გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან
იმერთა წყალთა შთამესხნეს,-
აწე ამათსა მოქმედსა
გულზედან ხელნი დამესხნეს".
ხსენებულ შვიდ მეფედ იგულისხმებიან მეფეები:შარვანისა (დავითის სიძე, თამარის ქმარი აღსართანე), ბერძნის მეფე (სიძევე ალექსი), ყივჩაყთა მეფე ათრაქა შარაგანიძე (დავითის სიმამრი), ოსთა მეფე (მეგობარი), ბულასვარ ანის მფლობელი (ტყვედ წამოყვანილი), კახეთის მეფე აღსართან (დავითის ტყვე) და არანის მფლობელი.
ნაჭარმაგევი,-ეს დიდებული ადგილია, საცა აღმაშენებელის დროს სიცოცხლე დუღდა და გადმოდიოდა, საცა დავით მეფის შვილის-შვილი გიორგი და ამისი ასული თამარ მეფე აგარაკად გამოდიოდენ ზაფხულობით, დღეს მინგრეულ-მონგრეულა და იწოდება კარალეთად.
ასრე წარმავალ არს დიდება სოფლისა.

7 იანვარი, 1904 წ.

,,სავაჭრო გზა 1908, N 19, 2 ნოემბ. გვ. 2; N 20, 6 ნოემბ.
გვ. 2-3; N 21, 9 ნოემბ. გვ. 2-3.

2011-04-28

წუთისოფლის სტუმრები ვართ


ელ გრეკო, აპოკალიფსი                     
წუთისოფლის სტუმრები ვართ
ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება
თუ ერთმანეთს არ ვახარებთ
ამის მეტი რა დაგვრჩება

ფერხული ჩავაბათ ბიჭო
ახლა კი შემოვუაროთ
მარჯვნივაც შემოვუაროთ
მარცხნივათ შემოვუაროთ
ფერხული ჩავაბთ ბიჭო
ახლა კი შემოვუაროთ
მარჯვნივაც შემოვუაროთ
მარცხნივაც შემოვუაროთ
ფერხული ჩავაბთ ბიჭო

2011-04-23

მარადიული ევროპა თანამედროვე ევროპის ფონზე

«ერთადერთი სიმდიდრეა მორალური მშვენიერება» (ციცერონი).
«ბედნიერება, უმაღლესი სიკეთე არის პატიოსანი და გულწრფელი ცხოვრება და მეტი არაფერი», სათნოება საკმარისია ბედნიერი ცხოვრებისთვის» (ციცერონი, სტოიკოსთა  პარადოქსები,  ძვ.წ.46 წ., ფრანგული გამოცემა, 2004). 

«დაბადებისას ყოველ ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება, მაგრამ ვაი მას ვინც ისარგებლებს ამ უფლებით»  (ინგლისელი მწერალი, მისტიკოსი და ოკულტისტი, რომანებით, ანტიუტოპიებით და  მესკალინიდან მიღებული ნარკოტიკით და ლსდ-თი ძლიერი ემოციებისა და ნეტარების ძიებით ცნობილი ოლდოს ხაკსლი (1894-1963).

მაგრამ დავუბრუნდეთ მარადიული ევროპის წარმომადგენელ ადვოკატს, ორატორს, ფილოსოფოსსს და ფილოსოფიის პროპაგანდისტ  მარკუს ტულიუს ციცერონს (ძვ. წ. 106-ძვ.წ. 44 წელს მოკლეს ანტონიუსის ჯარისკაცებმა).

«ერთადერთი  სიმდიდრეა  მორალური მშვენიერება» (ციცერონი).
     
… ვფიცავ რომ არასოდეს მიფიქრია რომ კარგი და სასურველია  ფული, სასახლეები, სიმდიდრეები, უმაღლესი ძალაუფლება და  ავხორცობა რომელიც იმონებს ამ ადამიანებს (ციცერონი  «ამ ადამიანებში» უნდა გულისხმობდეს მის თანამედროვე ეპიკურეველებს), და ეს განსაკუთრებით მას შემდეგ ვიგრძენი  რაც დავინახე რომ  მეტისმეტი სიმდიდრე მხოლოდ ამძაფრებს მისი მფლობელების წადილებს. სიხარბე არის წყურვილი რომელსაც ადამიანი ვერასოდეს დაამშვიდებს ან მოიკლავს.მფლობელებს სტანჯავს როგორც დაგროვების გააფთრებული სურვილი ისე უკვე დაგროვებულის დაკარგვის შიში.

ამის თაობაზე მე ხშირად ამაოდ ვეძებ სიფრთხილეს ჩვენი წინაპრებისა რომლებიც მიუხედავად ამისა ესოდენ ზომიერად ცხოვრობდნენ მაგრამ მათ სწამდათ რომ მათ სიკეთე, მატერიალური სიკეთე  შეიძლებოდა ეწოდებინათ ბედის ესოდენ არამდგრადი და სუსტი ნაყოფისთვის მაშინ როდესაც მათი ქმედებები უარყოფდნენ ამ განსჯას ( ციცერონი უეჭველად გულისხმობს წყალით გარშემორტყმულ მაგრამ წყურვილის მოკვლის უნარს მოკლებულ ტანტალს. სიფრთხილე სტოიციზმის მამა ზენონისთვის ყველა სხვა სათნოებათა დამფუძნებელი სათნოებაა. ციცერონი მას შემდეგნაირად განსაზღვრავს : « სიფრთხილე არის ყველაფერი კარგის თუ ცუდის ცოდნა, ისევე როგორც ყველაფრისა რაც არაა კარგი თუ ცუდი». ისაა აგრეთვე ცხოვრების ხელოვნებისთვის იგივე რაც მედიცინა არის მკურნალობის ხელოვნებისთვის ( დე ნატურა დეორუმ III, XV,38; დე ფინიბუს...V, 16-17. დაბადება და სიკვდილი ბედის პასუხისმგებლობაა სტოიკოსების აზრით, ყველაფერი რაც ხდება მათ შორის ფორტუნას, ბედის სფეროა და რჩება გაურკვეველი და წინასწარ წარმოუდგენელი ).


მატერიალური სიკეთე განა შეიძლება მავნებელი იყოს? სხვა სიტყვებით შეიძლება თუ არა არ იყოს სათნო, კეთილი კაცი  მატერიალურ სიუხვეში მცხოვრები ადამიანი? არადა სწორედ ამას ვხედავთ ყველგან: მდიდრები ხშირად არიან უპატიოსნო ადამიანები, მაშინ როდესაც ქონება აკლიათ უფრო სათნო, უფრო ღირსეულ ადამიანებს. დაე ამიგდონ მასხრად თუ უნდათ. სწორი აზრი უფრო დიდ გავლენას მოახდენს ჩემზე ვიდრე საზოგადოებრივი აზრის ცრურწმენები....

მაშ რა არის სიკეთე, სიმდიდრე, მნიშვნელოვანი? იკითხავს ვინმე.

სიმდიდრეს, სიკეთეს, მნიშვნელოვანს მე ვუძახი მხოლოდ იმას რაც შეესაბამება  გულწრფელობის, პატიოსნების და სათნოების წესებს.სწორედ სამართლიანი, პატიოსანი, სათნო არის მხოლოდ სიკეთე, სიმდიდრე,..

ამბობენ რომ უმაღლესი სიკეთეა სიამოვნება. მაგრამ ეს უფრო ველური მხეცების ენაა ვიდრე ადამიანებისა.       
როგორ, შენ ღმერთისგან ან ბუნებისგან, ამ უნივერსალური დედისგან მიიღე სული რომელსაც ვერაფერი უთანაბრდება სრულყოფილებით და ღვთაებრიობით და შენ დაეცემი იქამდე რომ დაიჯერებ რომ არ არსებობს არავითარი განსხვავება შენსა და პირუტყვს შორის?  განა სიკეთე და სიმდიდრეა ის რაც ადამიანს არ ხდის უკეთესს?   სიკეთე და სიმდიდრე მხოლოდ ისაა რის გამოც მის მფლობელს შეუძლია საკუთარი თავის პატივისცემა კანონიერად. ყველაზე მეტ ქებას იმსახურებს ის ვინც ყველაზე მეტად უზიარებს სხვებს თავის სიკეთეს და სიმდიდრეს. განა შეიძლება მსგავსი უპირატესობების ნახვა სიამოვნებაში? განა სიამოვნება ადამიანს უკეთესსა და უფრო პატივსაცემს ხდის? ვის აღარ უკვეხნია სიამოვნებებით როგორც საპატიო წოდებებით?

სიამოვნება არაა ნამდვილი სიკეთე და სიმდიდრე, პირიქით, რაც უფრო ძლიერია სიამოვნებისკენ სწრაფვა და მორჩილება სიამოვნებისადმი მით უფრო არღვევს ის გონების წონასწორობას და ბუნებრივ საფუძველს. მაშ უმაღლესი სიკეთე და სიმდიდრეა მხოლოდ პატიოსანი და გულწრფელი ცხოვრება.

(თავი ციცერონის ნაშრომისა სტოიკოსთა პარადოქსები, პარიზი, 2004, გვ. 13-21; თარგმნა ფრანგულიდან გ. მარჯანიშვილმა).

2011-04-21

დავიწყებული ვალერი ჭალიძის არქივიდან:

სისხლის სამართლის დანაშაულები:
უკვე დიდი ხანია რაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მაჰმადიანთა რელიგიურ ხელმძღვანელობასთან ერთად ანტიქართული პოლიტიკის გატარებისას ყველანაირად ცდილობს ქრისტიანულ საკულტო შენობათა (შუა საუკუნეების ქართული ეკლესიების) მოსპობას, ანგრევს მათ სხვადასხვა საბაბით, სტოვებს მათ სახელმწიფო დაცვის გარეშე და ა.შ., თუმცა ისტორიული ღირებულების არმქონე XVIII-XIX საუკუნეების მიზგითებს მკაცრად იცავენ როგორც «კულტურის ძეგლებს.»

მაგრამ ეხლა ანტიქართული ელემენტი დაადგა პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულთა გზას.

1971 წლის აგვისტოში კვალიფიცირებულად და ორგანიზებულად ააფეთქეს ზაქათალის რაიონის სოფელი ალიაბადიდან ექვსი კილომეტრის მოშორებით არსებული ღვთისმშობლის ქართული ეკლესია,შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი.

დამნაშავეთა «ხელწერა» იგივეა რაც იყო ბოლო წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონების ტერიტორიაზე მდებარე შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების აფეთქებისას. ეს ლაპარაკობს იმაზე რომ ორივე შემთხვევაში მოქმედებს მაღალკვაკიფიცირებული დამნაშავე ხელი.

ზაქათალის,ბალაქანისა და კახის რაიონებში მეფობს ბანდიტიზმი და ტერორი. რაიონების ხელმძღვანელობისა და როგორც ჩანს მასთან დაკავშირებული დამნაშავე ელემენტების მსხვერპლებად ხდებიან აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად გამომავალი ქართველები.

1969 წლის თებერვალში ზაქათალის რაიონის სოფელი ალიაბადის კოლმეურნეებს კონფლიქტი მოუვიდათ რაიონის კომპარტიის რაიონული კომიტეტის პირველ მდივან ახმედოვთან (კოლმეურნეობის თავმჯდომარე რაჯაბოვის უკანონობათა გამო. რაჯაბომა მოისურვა ქართული სკოლების დახურვა). კოლმეურნეთა კრებაზე ახმედოვმა გლეხებს სულ ცხვრები და ოხრები უძახა. ამის შემდეგ მრავალი გლეხი დაიჭირეს და მათ მიუსაჯეს სხვადასხვა ვადის პატიმრობა), ხოლო სოფელში დაიწყო ნამდვილი ტერორი. მხოლოდ ერთი წლის მანძილზე დაწვეს გლეხთა 44 შენობა,მას შემდეგ კი-130-ზე მეტი. მოიპარეს ან მოკლეს მრავალი პირუტყვი.

სოფელ ალიაბადში აღნიშნული მეთოდებით სდევნიან არა მხოლოდ იმათ ვინც გამოდის ადგილობრივი ხელისუფლების მატერიალურ ბოროტმოქმედებათა წინააღმდეგ არამედ იმათაც ვისი შვილები სწავლობენ საშუალო სკოლის ქართულ სექტორზე. დევნის მეთოდებია აგრეთვე ჩხრეკვები ვითომ «დამზადე-
ბისთვის» პროდუქტების ამოსაღებად, ბაზარზე ვაჭრობის აკრძალვა და ეკონომიკური რიგის სხვა წვრილი სა,ქციები....

ჯერ კიდევ 1958 წელს სოფელ ალიაბადში იდუმალ გარემოებებში მხეცურად მოკლეს ფ.მახმუდოვი,1964 წელს კი ასევე მხეცურად და ასევე იდუმალ ვითარებაში - ი.დედეევი, რომელიც იყო თბილისის სკოლა-ინტერნატში ნასწავლი ახალგაზრდა ინგილოებისგან შემდგარი ფეხბურთელთა გუნდი «ჰერეთის» წამყვანი მოთამაშე რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ამ გუნდის მიერ პირველი ადგილის აღებას ზაქათალის რაიონში. ორივე ახალგაზრდა გამოდიოდა ახმედოვის და რაჯაბოვის ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. 1970 წელს ასევე იდუმალ ვითარებაში დაიღუპა ხანში შესული კოლმეურნე ქალი ხ. მამედოვა (მოსაშვილი),რომელიც ასევე გამოდიოდა ხელმძღვანელობის ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ და საჩივრად იყო წასული როგორც კოლმეურნეთა დელეგაციის წევრი. არც ერთი მკვლელობა არ იქნა გამოძიებული...კახის რაიონში ანალოგიურად მოკლეს ა.ბაირამაშვილი,
შ.ტარტარაშვილი,ა.დუკაშვილი,გ. თამაზაშვილი (აზერბაიჯანული ფორმის გვარები მაჰმადიანი ინგილოებისაა, მათ არ აძლევდნენ ქართული ფორმის გვარების ტარების უფლებას;მთარგმნელი).

//ესაა ნაწყვეტი წერილისა რომელიც ინგილოებმა არჩილ ნიკოლოზის ძე ოთარაშვილმა და მირონ ისაკის ძე გამხარაშვილმა ოდესღაც მისწერეს საბჭოთა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივან ამხანაგ კოლბინს. ეს წერილი მთლიანად ვალერი ჭალიძემ რუსულად გამოაქვეყნა თავის წიგნაკში «ეროვნული პრობლემები და პერესტროიკა»,
Chalidze Publications,1988,Benson,Vermont 05731 Manufactured in USA,გვ.207-209//.

რა თქმა უნდა ქართველების პრობლემებისთვის მაშინ არავის ეცალა. «დღის წესრიგში» იყო საქართველოს «მცირე იმპერიის» ნგრევა...იქნებ ეხლა ვინმემ გაიხსენოს რომ ქართველებიც ადამიანები არიან...

თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა 

2011-04-17

ევროპული ანაბანა: პოლიტიკა და რწმენა მამა ფრანსუა ვარიონთან


   ანრი მადელა, ევროპელ იეზუიტთა სამსახური,

         (ფრანგ კათოლიკეთა გაზეთი « ლა კრუა» ( «ჯვარი»), 2011 წლის 17 აპრილი).

                  ზოგჯერ ბუნდოვან პოლიტიკურ ბრძოლებში  მარტო ჩვენ თვითონ, დამოუკიდებლად, ან სხვებთან ერთად უნდა ვისწავლოთ უარის თქმა იმაზე რაც ამდაბლებს ადამიანს, რაც უკან სწევს მას და უნდა ვცადოთ უკეთესის ან,ზოგჯერ, ნაკლები ბოროტების  სივრცის გაფართოება.

              პოლიტიკის სფეროში, ისევე როგორც სხვაგან, მოქმედებამდე უნდა დავეკითხოთ სახარებას, მაგრამ აგრეთვე უნდა გავაანალიზოთ ჩვენი კონკრეტული მდგომარეობა.  ქრისტიანი შემოქმედებით გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ორი შუქის, სახარებაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების, სამართლიანობის და სიყვარულის მომთხოვნი  შუქის და და სწორედ გაანალიზებული კონკრეტული ვითარებიდან მომდინარე შუქის შეყრის ადგილას. თუ კი დავკმაყოფილდები სახარებით ვითარებათა ანალიზის დონეზე კომპეტენციის მისაღებად ჩემი მორალი იქნება ეკლესიის ბავშვთა გუნდის წევრის მორალი. მაგრამ თუ კი დავკმაყოფილდები ვითარების ანალიზით სახარებისთვის მიუმართავად ჩემი მორალი წარმართული, ვითარების  მორალი იქნება. საჭიროა ორი შუქის შეერთება და მათი შეხვედრის ადგილას უნდა მივიღო მე გადაწყვეტილება ყველა რისკით რომელსაც ის გულისხმობს.

            მამა ფრანსუა ვარიონის აზრით პოლიტიკური საკითხი არის ჩვენს ცხოვრებათა გულში. ყველა  ადამიანი შეგნებულად  თუ ამის გაუცნობიერებლად ჩაბმულია პოლიტიკაში. არ დგას პოლიტიკობის თუ პოლიტიკისგან განზე გადგომის საკითხი. ლაპარაკია შეგნებულად, გაცნობიერებულად პოლიტიკოსობაზე.

             დუმილი, განზე გადგომა, შეწყნარება თუ დათანხმება,  უარყოფა, ხმის ამოღება და აზრის გამოთქმა,მოქმედების დაწყება, ყველაფერი ეს არის ადამიანში პოლიტიკური სიმის აჟღერება.

               გაჩუმება თუ ლაპარაკი, განზე გადგომა თუ თუ მოქმედებაში ჩაბმა  არის პოლიტიკური გადაწყვეტის გულში მყოფი ძალთა თანაფარდობის რომელიმე მხარეს გადაწონვისთვის სასარგებლო ფორმები. არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ერთ-ერთი უპირველესი პოლიტიკური ძალაა ინერციის ძალა. ამის მნიშვნელობა უკეთ გვესმის როდესაც ვხედავთ ჩვეული ძილიდან უეცარ გამოღვიძებას, როგორც ეს ხდება დღეს ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე.

           ზოგი ქრისტიანებს თვლის «სუფთა ხელებიან» ადამიანებად. მამა ვარიონი გმობს « წმინდა ხელების ყალბ აპოლიტიზმს».

           ცნობილია სახელგანთქმული ანდაზა : არასოდეს ცდება ის ვინც არაფერს აკეთებს, მაგრამ მაშინ შეცდომაა მთელი ცხოვრება.

            ადამიანის სიდიადე, ხაზს უსვამს მამა ვარიონი ეკლესიის მამათა კვალზე, არის ის რასაც უწოდებენ « უმაღლეს, უკანასკნელ გაღმერთებას». ადამიანური ამოცანების შესრულებისას მისი თავისუფლების დაკნინების გარეშე გაღმერთების  ეს დაპირება ზრდის ადამიანს. მაგრამ ის მიუთითებს გადამწყვეტ კითხვაზე : «რა გინდათ რომ ქრისტემ გააღმერთოს როდესაც ჩვენ არ ვაადამიანურებთ არაფერს?»

2011-04-16

ვალერი ჭალიძის ერთ-ერთი გაფრთხილება :

ნევროზი და საზოგადოება:

ცალკეულ პირებში ნევროზის გაჩენა საბოლოო ანგარიშით არის მარტოობით,მტრული ატმოსფეროთი, შიშით და საკუთარი თავის რწმენის არქონით გამოწვეულ გრძნობათა წყების შედეგი.
ამ გრძნობათა ერთობლიობა თავისთავად ჯერ არაა ნევროზი, მაგრამ ესაა ნევროზისთვის ხელსაყრელი ნიადაგი. ისინი ადამიანს აგრძნობინებენ მის სისუსტეს და დაუცველობას პოტენციურად საშიში გარემომცველი სამყაროს წინაშე. ეს ძირითადი შიში, ან,სხვა სიტყვებით, დაურწმუნებლობის ძირითადი გრძნობა, ადამიანს უბიძგებს მუდმივი ძალისხმევისკენ საკუთარი უსაფრთხოების და დაკმაყოფილების უზრუნველსაყო-
ფად. ნევროზის არსს წარმოადგენს სწორედ ამ წინააღმდეგობრივ ძალისხმევათა არსი.

მაშ ნევროზის წარმომშობი კულტურის ფაქტორებად თავიდან უნდა განვიხილოთ ადამიანის ემოციური იზოლირების, ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ პოტენციურად მტრული განწყობის, დაურწმუნებლობის და საკუთარი უძლურების გრძნობათა გამომწვევი ფაქტორები.

ქვემოთ მოყოლილ მსჯელობებში მე არ ვაპირებ სოციოლოგიის სფეროში შეჭრას. მე უბრალოდ მინდა ორი დისციპლინის შესაძლო თანამშრომლობის მაგალითის ჩვენება.

დასავლურ კულტურებში მოქმედ და ინდივიდებში პოტენციური აგრესიულობის გამომწვევ ფაქტორებს შორის პირველი ადგილი უეჭველად უკავია იმ ფაქტს რომ მთელი ეს კულტურა დაფუძნებულია მეტოქეობაზე. კონკურენციის ეკონომიკური კანონი მოქმედებს ადამიანთა ურთიერთობებზე, უბიძგებს ადამიანს მთელი ძალღონით ბრძოლისაკენ ირგვლივ მყოფთა წინააღმდეგ.ერთის წარმატება დაბრკოლებად იქცევა მეორისთვის. ჩვენ ვიცით რომ მეტოქეობა განსაზღვრავს არა მარტო პროფესიულ ურთიერთობებს. ის იჭრება ჩვენს საზოგადოებრივ,
მეგობრულ,ოჯახურ ურთიერთობებში. მას ადამიანთა ნებისმიერ კავშირში შემოაქვს დამანგრეველი კონკურენციის, ზიზღის,ეჭვის,შურის ჩანასახი. მტრობის გრძნობის გამჩენ ფაქტორთა მორიგი ჯგუფია მკვეთრი განსხვავება მატერიალურ სიკეთეთა განაწილებისას და განათლების, გართობის,მკურნალობის შესაძლებლობებს შორის.ამავე რიგის კიდევ ერთი ფაქტორია ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ ადამიანთა მეორე ჯგუფის ექსპლუატაციის შესაძლებლობა.

დაურწმუნებლობის გამჩენ ფაქტორებს შორის წინა პლანზე გამოდის ჩვენი დაურწმუნებლობა ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში. ამას გარდა პირადი დაურწმუნებლობის და საშიშროების გრძნობას აჩენს შიშის და არაკეთილგანწყობის ატმოსფერო. წარმატების მოპოვების შემთხვევაში ადამიანს გარემომცველთა შურის ეშინია. წარუმატებლობის შემთხვევაში ადამიანს ეშინია ირგვლივ მყოფთა ზიზღისა,სხვის მიერ მოტყუებულის მდგომარეობაში აღმოჩენის შიში, და მეორეს მხრივ შიში დასჯისა ირგვლივ მყოფთა მიმართ იგივე გრძნობების გამო,მათი ჯობნა-გასწრების, ზევიდან ყურების, ექსპლუატირების,და ა.შ., გამო.

დაურწმუნებლობის გრძნობას როგორც ჩანს ასევე აჩენს ადამიანის ემოციური იზოლირება, რაც არის ადამიანთა დამახინჯებული ურთიერთობების და სოლიდარობის არარსებობის შედეგი.

საკუთარი თავის ანაბარა დარჩენილი ადამიანი სუსტია და თავს დაუცველად გრძნობს. დაურწმუნებლობის გრძნობა მით უფრო ძლიერია რომ დღეს ტრადიციაც და რელიგიაც ვერ აძლევს ადამიანთა უმეტესობას მათი დაცვის და მათი ენერგიის საჭირო კალაპოტში მოქცევის უნარის მქონე დიდი და ძლიერი ერთობის წევრობის განცდას.» ( კარენ ხორნეი, ნევროზი და საზოგადოება, New Ways in Psychoanalysis, 1939. ამ საინტერესო და საგანგაშო წერილის რუსულად გამოქვეყნებით ვალერი ჭალიძე აფრთხილებდა საბჭოთა საზოგადოებას რომ არსებობდა საბჭოთა საზოგადოების ღრმად ნევროტულ საზოგადოებად გადაქცევის საშიშროება. მას «დემოკრატიულმა აქტივისტებმა» ყური არ დაუგდეს და «აი»; «თანამედროვე იდეების პანორამა,Panorama of Contemporary Ideas, Chalidze Publications, New York,1982, გვ.133-134, თარგმანი რუსულიდან).

2011-04-13

მითი ქაჯავეთში ანუ საიქიოში წასულ და უკან დაბრუნებულ გახუა მეგრელაურზე...

გ ა ხ უ ა  მ ე გ რ ე ლ ა უ რ ი ს   წ ა ყ ვ ა ნ ა  ქ ა ჯ ა ვ ე თ ი ს   დ ა ს ა ლ ა შ ქ რ ა ვ ა დ
გახუა ყოფილა, მეგრელაურთ გახუა. ხახმატის ჯვარს ქაჯავეთში წაუყვანია. ანგელოზების ჯარი შეყრილა. ალბათ,...
ლაშქრობისას კარატის ჯვარს უჯობნია სხვებისათვის. გავაეყარა ერთად ანგელოზები. მისულან ქაჯავეთში... დასცემიან, რაც ჰქონიათ, წაურთმევიათ. ანგელოზებს საქონელი გამოურეკია, ვერცხლის თასები და სხვაც ბევრი წამოუღიათ. სასრევი და სამართებელი ქაჯავეთიდან გამოტანილი, ღლიღველებს მოუპარიათ შემდეგ. ხვთიშვილებს ქაჯავეთიდან ტყვედ წამოუყვანიათ ქალები: სამძიმარი, აშექალი, მზექალი. სამძიმარი ღვთის ნასახი (დანაბადი), გიორგის დაი ყოფილა...გავარვარებულ რკინას ხელზე იწყობდა კარატის ჯვარი და ქაჯებს ესროდა. ქაჯებს წამოსვლისას მოლაშქრეთათვის კატების თავ-ფეხები უსვრიათ. გუდანის ჯვარს დელამფარი (დიდი ფარი) ჰქონია. ანგელოზები მას შეფარებიან და ასე დაუცავთ თავი კატების თავ-ფეხებისაგან... ყოველივე ეს გახუას ნაუბარია.
თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ. 190-193

2011-04-06

პატიმატ ტახნაევა, ქრისტიანობა დაღესტანში ( ავარეთში)-3

დაღესტანი, სომხური ეკლესია, სპარსელები, არაბები...

ეთნოკონფესიური კონტაქტები და სარირში ქრისტიანობის შეღწევის წინაპირობები :
დაღესტნის მიწებზე შეღწევის დრო ზუსტად დადგენილი არაა. მიჩნეულია რომ დაღესტანში ქრისტიანობა ვრცელდებოდა სამხრეთში შუა საუკუნეების ალბანეთიდან და სომხეთიდან და დასავლეთში საქართველოდან ( ქართლიდან და კახეთიდან). ამ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქრისტიანული ეკლესიის მონოფიზიტებად და დიოფიზიტებად გაყოფის შემდეგ გაჩენილმა დოქტრინალურმა უთანხმოებებმა.

დარუბანდი, რკინის კარიბჭე
ქალკიდონის მსოფლიო კრების (451) შემდეგ ეკლესიას გამოეყვნენ სომხური, კოპტური და იაკობიტური ეკლესიები. მონოფიზიტები უარყოფდნენ ერთ პირში ორ ბუნებას და ამიტომ ისინი დაგმო კრებამ. 451 წლის შემდეგ მონოფიზიტურ ქრისტოლოგიას მიემხრნენ ეგვიპტე და სირია, რომელთაც არაბთა მიერ მათი დაპყრობის შემდეგ გაუხარდათ კონსტანტინეპოლის კონტროლისაგან თავის დაღწევის საშუალების გაჩენა.განხეთქილებას იყენებდნენ იმ დროისათვის უძლერესი და ერთმანეთთან მებრძოლი სახელმწიფოები, ბიზანტია და სპარსეთი. მონოფიზიტებს მფარველობდა ირანი, მართლმადიდებლებს-ბიზანტია.
სპარსეთის ხელისუფლება მიზნად ისახავდა ამიერკავკასიის ქვეყნებთან იდეოლოგიური კავშირების განმტკიცებას და ამიტომ მან სცადა სომხური, ალბანური და ქართლის ეკლესიების გაერთიანება. 506 წელს დვინის კრებაზე სომხურიმა ქართლის და ალბანურმა ეკლესიებმა სპარსელთა ზეწოლით ერთადერთ ჭეშმარიტ ქრისტიანულ რწმენად აღიარეს მონოფიზიტობა. ამის შემდეგ ეკლესია ხდება სპარსეთის მთავარი საყრდენი ამიერკავკასიაში.
ქართლში დიოფიზიტებს ჰყავდათ მრავალი და ბიზანტიის მხარდაჭერის მქონე მომხრე. აქ მონოფიზიტები საბოლოოდ გაანადგურეს VI საუკუნის ბოლოს. ვახტანგ გორგასალი აარსებს საკათალიკოსოს და საქართველოს ეკლესიის სათავეში სპარსელთა მიერ დანიშნული მთავარეპისკოპოსის ნაცვლად აყენებს კათალიკოსს. პირველი კათალიიკოსი დიოფიზიტი (მართლმადიდებელი) იყო, რაც ნიშნავდა ღია ომის გამოცხადებას ე.წ.სპარსული ქრისტიანობისთვის, მონოფიზიტებისთვის. ამით ხაზი გაესვა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას. ამ მეტოქეობის საბოლოო შედეგი იყო 607 წელს აქამდე ერთიანი ქართული და სომხური ეკლესიების დაშორება ერთმანეთისგან.


დარუბანდის კედელი
ბიზანტიასთან მებრძოლ ირანს მოკავშირე სჭირდებოდა კავკასიაში და ამიტომ ის დიდი ხნის მანძილზე მხარს უჭერდა სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას. სპარსეთის ხელისუფალნი მხარს უჭერენ ბიზანტიის ეკლესიისაგან სრული გამოყოფის მომხრე სომეხ მონოფიზიტებს.
მანამდე სანამ ბიზანტია და ირანი ერთმანეთს აუძლურებდნენ გამანადგურებელ ომებში არაბეთში გაჩნდა და სწრაფად განმტკიცდა ახალი რელიგია, ისლამი. ისლამის დროშით არაბთა წარმატებული ექსპანსიის შედეგად მოხდა მოვლენები რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ ხალხთა და სახელმწიფოთა ცხოვრებაში. სირიის, მესოპოტამიის, ირანის დაპყრობის შემდეგ არაბები მიისწრაფიან კავკასიისკენ. ასე შეეჯახა ერთმანეთს კავკასიაში წინა აზიის სამი ძლიერი სახელმწიფოს, არაბეთის, ირანის, ბიზანტიის ინტერესები. ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის მცირე ტერიტორიაზე, დაღესტანში  რელიგიური ვითარების განვითარება  განხილული უნდა იყოს ამ მასშტაბური მოვლენების ფონზე.
სარირი განიცდიდა ამიერკავკასიის მეზობელი სახელმწიფოების (სომხეთი, ალბანეთი, საქართველო) გავლენას. ისინი ცდილობდნენ თავისი გავლენის ქვეშ ჩრდილო-აღმოსავლეთის კავკასიის ხალხების მოქცევას და ამ მიზნის მისაღწევად იყენებდნენ რელიგიას. ამასთან სარირს ქრისტიანობის გავლენის განცდა შეეძლო მის უშუალოდ მოსაზღვრე სახელმწიფოებიდანაც (ხაზარეთი, ალანია). შემდგომი ისტორიული ტრადიცია სარირის საგარეო კონტაქტებს მიანიჭებს ეთნოკონფესიური ურთიერთობების ხასიათს. რელიგიური განსხვავებები შუა საუკუნეებში აღიქმებოდა როგორც სულიერი, ეთიკური, იურიდიული, მსოფლმხედველობითი და ყოფითი განსხვავებების ერთგვარი კონცენტრაცია.ამ ფონზე უკანა პლანზე გადადიოდა ეთნიკური, ეკონომიკური, ენობრივი და სხვა ურთიერთობები.

ალბანური ეკლესია.
დღემდე გადაწყვეტილი არაა საკითხი იყო თუ არა დაღესტანი ალბანეთის შემადგენლობაში. ალბანურ სახელმწიფოს თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ეკავა სხვადასხვა ტერიტორია. უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ძლიერების  ხანაში ის მოიცავდა აზერბაიჯანის, საქართველოს, დაღესტანის ტერიტორიებს (სამწუხაროდ ავტორი აქ არ ამბობს იმას რომ ალბანელები ეწოდებოდა 26 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხს და მათ შორის ქართველური მოდგმის ხალხებიც იყვნენ, მთარგმნელი).

ზოგი ავტორი ალბანეთის ჩრდილოეთ საზღვარს დარუბანდზე ატარებს, ზოგი ამ საზღვარს სწევს მდინარე სულაკის იქით და უფრო შორსაც. ო.მ. დავუდოვი ა.წ. მესამე საუკუნისთვის  ალბანეთის ერთ-ერთ ტერიტორიულ საზღვარს ატარებს ე.წ. კერავნის მთებზე რომელსაც აიგივებენ ანდის ქედთან, და მდინარე სოანაზე, რომელსაც აიგივებენ არღუნ-თერგის სისტემასთან. მეხუთე  საუკუნიდან ალბანეთი უკვე სპარსეთის შემადგენლობაშია როგორც ცალკე პროვინცია რომელშიც შედიოდნენ არანი, ჩოგა (დარუბანდის რაიონი) და ლბინი.
საეკლესიო ტრადიციის თანახმად ალბანური ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა კავკასიაში. ჩოგაში (დარუბანდის რ-ნი) უკვე ა.წ. პირველ საუკუნეში ქადაგებდა მოციქული თადეოსის  ის იესომ მოციქულ ბართლომესთან ერთად მისიონერად გააგზავნა სპარსეთში და კავკასიაში) მოწაფე ელისე. ამ ტრადიციაზე დაფუძნებით ალბანური ეკლესია თავს აცხადებს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიად.  სომხური ეკლესიის მსგავსად ალბანურმა ეკლესიამაც 551 წელს გაწყვიტა ურთიერთობა ბიზანტიასთან და მის მეთაურს ეწოდა კათოლიკოსი. მაგრამ ალბანური ეკლესია არ ყოფილა მონოფიზიტური სისტემატურად და სტაბილურად. ამიერკავკასიაში სასანიდთა პოლიტიკური გავლენის გაქრობას თან ახლდა  მონოფიზიტთა საეკლესიო ჰეგემონიის დამხობა. V საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიაში ბიზანტიის პოლიტიკური გავლენის გაძლიერებასთან დაკავშირებით მიხრანიდების მმართველობის პერიოდში ალბანეთის ეკლესია ქართულ ეკლესიასთან ერთად მიემხრო დიოფიზიტებს (მართლმადიდებლებს).  მაგრამ VIII საუკუნის დასაწყისში არაბების მიერ ამიერკავკასიის დაპყრობის შემდეგ ალბანური ეკლესია უარყოფს დიოფიზიტობას.
არაბული ხალიფატი თანმიმდევრულად ატარებდა სასანიდთა პოლიტიკას, ე.ი. მას ეშინოდა ბიზანტიის გავლენის გაძლიერებისა და ამიტომ ის ალბანეთში უჭერდა მხარს მონოფიზიტებს. მონოფიზიტების და ისლამის მოწინააღმდეგეებს ალბანეთში მხარს უჭერდნენ ერეტიკოსებად გამოცხადებული ქართველი კათალიკოსები.

დარუბანდის სიმაგრე
ნარინ ყალა (ნარიყალა?)
არაბულმა ხალიფატმა სომხური ეკლესიის დახმარებით ალბანური ეკლესია მონოფიზიტურად აქცია და იერარქიულად დაუმორჩილა ის სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას და ალბანური ეკლსიის ღვთისმსახურების ენად ძველსომხური ხდება.
  უკვე VI-VIII საუკუნეებში ჩანს დაღესტნის მიწებზე მონოფიზიტური ქრისტიანობის შეღწევის ფაქტები. VI საუკუნის დასაწყისში მეფე ვაჩაგან ღვთისმოსავმა ბრძანა ალბანეთის ყველა ოლქის ახალგაზრდობისთვის წერა-კითხვის სწავლება.  VII საუკუნის ბოლოს ვარაჩანის ჰუნებში, ხაზარეთში, მისიონერულ მოღვაწეობას წარმატებით ეწევა ეპისკოპოსი ისრაელი. ალბანელი მისიონერების მოღვაწეობის კვალი, ნამტვრევები ფილებისა «ალბანური ანბანის ასოებით იპოვეს დაღესტანში ავარულ სოფლებში ხუშტადა, ქვედა გაკვარი, ტლონდოდა და დარგოს სოფელ ზემო ლაბკომახი.  ძეგლთა ამ ჯგუფიდან გამოიყოფა VI-VII ნაქალაქართან ( სოფ. ზემო ლაბკომახი) ნაპოვნი პატარა ფილა ალბანური წარწერით.
ალბანური დამწერლობის აყვავების ხანად ითვლება V-VII საუკუნეები. VII საუკუნის შემდეგ ალბანური ეკლესია მოექცა სომხური ეკლესიის კონტროლქვეშ. სომხურ ეკლესიაში კი ოფიციალური ენა ძველსომხური ენა, მონოფიზიტური ეკლესიის დაკანონებული ენა იყო და ალბანური დამწერლობა გამოდის ხმარებიდან.
ავარულ და ზოგ სხვა დაღესტნურ ენაში სომხურიდან შეაღწია ქრისტიანობის ისეთმა მნიშვნელოვანმა სიტყვამ როგორიცაა «ხანჩ»- «ჯვარი». ცალკეულ ავარულ ოიკონიმებს  გაჩადა ( ხაჩ-ადა), გოჩობ (ხაჩ-ობ) ჩაროდის რაიონში ზოგი ეტიმოლოგი უკავშირებს სომხურ ცნებას «ხაჩ», «ჯვარი», «ეკლესია».  ეს სახელები იხსნება როგორც «აული ეკლესიით».... ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც დაღესტნის ტერიტორიაზე მონოფიზიტური ქრისტიანობის ადრეული შეღწევის ( VIII საუკუნემდე,მის ჩათვლით) შედეგს.
კავკასიის ალბანეთის უდიდესი ქრისტიანული ცენტრი იყო დარუბანდი სადაც იყო ქვეყნის კათალიკოსის ( პატრიარქის) რეზიდენცია რომელიც შემდეგ გადაიტანეს პარტავში (ბარდავში?) ( 552 წ.). ვ.ვ. ბარტოლდი თვლიდა რომ პატრიარქის კარი აქ რჩებოდა 733 წლამდე. მიუხედავად ირანის ძალაუფლების გაძლიერებისა და დარუბანდის გასასვლელის რაიონში და თვითონ ქალაქში დიდი სპარსული გარნიზონის ყოფნისა დარუბანდი ამ პერიოდში რჩებოდა კავკასიის დიდ ქრისტიანულ ცენტრად. ჩვენ არა გვაქვს პირდაპირი მონაცემები ზოროასტრიზმის მიმდევარ სპარსულ ხელისუფლებასთან ქრისტიანი სამღვდელოების ურთიერთობის შესახებ, მაგრამ არქეოლოგიური გამოკვლევები ადასტურებენ იმას რომ ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში ქალაქში იყო ქრისტიანული ძეგლები, მათ შორის V-VII საუკუნეების უზარმაზარი ქრისტიანული ეკლესია. ეს მოწმობს იმაზე რომ ქრისტიან სამღვდელოებას მაღალი ადგილი ეკავა ადრეული შუა საუკუნეების დარუბანდის სოციალურ სტრუქტურაში. მ.მ. დიაკონოვის თქმით სასანიდური ირანის ქალაქებში, რომელთა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილსაც ქრისტიანები შეადგენდნენ რელიგიური მეთაური იყო შუამავალი შახსა და მის ქრისტიან ქვეშევრდომებს შორის. ანალოგიურ როლს ასრულებდა დარუბანდის ეკლესიის მეთაურიც, რომელიც იყო შუამავალი სასანიდურ ადმინისტრაციასა და ქალაქის ქრისტიანებს შორის მიუხედავად იდეოლოგიური წინააღმდეგობებისა. ასეთი რჯულშემწყნარებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო რომ ორივე მხარე დაინტერესებული იყო ამიერკავკასიის და ირანის დასავლეთი პროვინციების დაცვით ჩრდილოელი მომთაბარეებისგან.
VII საუკუნის პირველ მეოთხედში არაბულ ხაზარული ომების შეედეგად დარუბანდი ხდება ხალიფატის ნაწილი. თითქმის საუკუნოვანი ბრძოლის შედეგად არაბებმა ფეხი მოიკიდეს დარუბანდის რეგიონში სადაც მმართველი გახდა მაჰმადიანი დინასტია. ამ დროიდან მოყოლებული დარუბანდი იქცა დაღესტანში ისლამის გავრცელების უდიდეს ცენტრად.
ხალიფატის პოზიციების განმტკიცებასთან ერთად 20-ანი წლების დასაწყისიდან VIII საუკუნის შუა ხანებამდე ტარდება მრავალი ლაშქრობა შიდა დაღესტანში. დარუბანდის ამირები ხშირად მეთაურობენ ლაშქრობებს «ურჯულოთა» ქვეყნების წინააღმდეგ. საზღვრისპირა ქალაქის გასამხედროებულ ცხოვრებაში დარუბანდის მმართველი არის უმსხვილესი საერო ფეოდალიც და ქალაქის და ოლქის ყველა მაჰმადიანის მეთაურიც. ხაშიმიდთა ადგილობრივი დინასტიის პირველი ამირა ხაშიმ ბ. სურაკა 876 წელს თავს დაესხა სარირს, გაწყვიტა მრავალი ადამიანი, ხელში ჩაიგდო მათი ქონება, ტყვედ წაიყვანა მათი ცოლშვილი და გამარჯვებული დაბრუნდა უკან. 878 წელს მან გაიმეორა თავდასხმა.
X საუკუნისთვის დაღესტანის სამხრეთში  გაჩნდა ორი მეომარი სამთავრო, დარუბანდის და შირვანის სამთავროები და ამასთან დაკავშირებით სარირი იქცა მათი «რჯულისთვის მეომარი» მმართველების ხშირი თავდასხმების ობიექტად
(გაგრძელება იქნება).