წყარო: burusi | 06/05/2010, https://burusi.wordpress.com/
დევნილი გიორგი სააკაძე ოჯახთან - ეკატერინე ბაღდავაძე, 1946 წ.
გიორგი სააკაძე – Giorgi Saakadze (1580 – 1629)
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)
გიორგი სააკაძის მოქალაქეობის დამფასებლების საყურადღებოდ
ავტორი ეხმაურება ამავე გაზეთის 31 მაისის (N 612, გვ.3) ნომერში ტრ. ი-ძე (ტრიფონ ინასარიძის) მიერ ბათუმიდან გამოგზავნილ კორესპონდენციას-,,ხმა ბათომიდან (გიორგი სააკაძის გასამართლება)". მასში ნათქვამია, რომ გამოთქმა "ჯანაშვილი და ჯამპანია მათნი" ეკუთვნის დამცველ ბ. ქვარიანს.. "ბრალმდებელ ბ. გიორგაძეს სწორედ ის ადგილები ამოუწერია, რაიცა ამცირებს გმირის სახელს, ამას ჩადიან ბ. ბ. ჯანაშვილი და კამპანია მათნი. სააკაძემ დაღუპვისაგან იხსნა საქართველო, საკუთარი შვილი შესწირა მის ბედნიერებას და აქ კი მას ჩირქსა სცხებენო.
![]() |
| საქართველოს კინოფოტოფონო დოკუმენტების ეროვნული არქივის საცავში აღმოჩენილი ძველი გრაფიკული ნახატის XIX საუკუნის ფოტორეპროდუქცია |
მ.ჯანაშვილი თავის წერილში აღნიშნავს, რომ ,,ყოველ ისტორიულ პირის დაფასებას წინ უძღვის მის დროის მასალების შესწავლა, გამორკვევა ყოველის წვლილისა, გაშუქება მრავალგვარ კითხვისა, გარემოებისა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამგვარი შესწავლა აკლია არათუ იმ დროს, როდესაც ცხოვრობდა სააკაძე, არამედ თუ გინდ იმ დროსაც, როდესაც ბრწყინავდნენ ღვთივ დიდებული თამარ ნეტარი. შოთა, იოანე მარუშიძე, ცოტნე დადიანი და მრ. სხვანი. საქმე ბევრია. გამკეთებელი სულ მცირე და მკითხველი-უფრო ნაკლებ. ამიტომაც, ნაადრევია ჯერჯერობით ჩვეულებრივ მკითხველის მიერ საკუთარის ძალღონით გასამართლება ამა თუ იმ
ისტორიულ პირისა, და მით უმეტეს იმ დროისა, როდესაც გიორგი სააკაძეს სიმამრი ნუგზარ ერისთავი "სისხლის წვიმებს" აწვიმებდა", როდესაც სამეგრელო და გურია ყოველწლივ 10.000-15.000 სულს მოძმეს ტყვედ ჰყიდნენ, როდესაც ათაბაგი
ფაშობაში" ჰყიდდა თითქმის 200.000 ქართველობას, სპობდა და ანგრევდა აქაურს მამა-პაპურს შეძენილობას, როდესაც ჩვენივე კაცები და მათთან სააკაძეები ემსახურებოდნენ ქართველთა სისხლის მწოველს შაჰაბაზს არათუ მარტო სპარსეთში, არამედ თვით საქართველოშიაც, რომლის აღმოსავლეთი მხარე მან დაარბია და აჰყარა.
საქართველო დაღუპეს არა ჩინგისხანებმა და ტამერლანებმა, არა 1800 წლ. გმირებმა, არამედ 1614-1629 წლების შორს განუჭვრეტელ ქართველებმა. ჩვენ ხელახლა შევისწავლეთ ეს შავბნელი ხანა და ჩვენი აზრი გამოვთქვით საკმაოდ ვრცელს გამოკვლევაში ,,ბოროტი და დამღუპველი მცსინვარება საქართველოში", რომელიც, იმედია, მალე დაიბეჭდება. ჩვენი წინანდელი ნაწერ-ნათქვამი არათუ მარტო შეურყეველი, შეუბღალავს წყაროებზე დაფუძნებული გამოჩნდა, არამედ მას ერთი ათად ახალი საბუთებიც მიემატა.
შეუცვლელად დარჩა აგრეთვე ყოველივე ის, რაც სხვადასხვა სანდო წყაროებიდამ გვქონდა ამოღებული სააკაძისა და მის დროის კაცების შესახებ, თვით ფრაზაც კი "კახეთიც ხომ ამოვწყვიტეთ და ქართლელნიც იქ (სპარსეთს) ჩავგვაროთ" (ასეა ,,არჩილიანის" უუძველეს ნუსხებში 1701 წლისა, 1706 წლისა და სხ. რაღა თქმა უნდა, ფიორი სიმართლეც არ არის იმ თქმა-კიჟინში, რომ, ვითომ,
,,ჯანაშვილები და კამპანია" სააკაძეს ,,გმირს ჰანნიბალს" ამცირებდნენ. სააკაძეს ,,ჰანნიბალობას" არა ,,ჯანაშვილები და კამპანია" ედავება, არამედ თვით მისი ნამოქმედარი, რომელიც შავად აჩვენებს ყველა თანამედროვე წყარო, თვით მისის შვილიშვილის იოსებ ტფილელის ,,დიდმოურავიანიც" კი.
მომყავს ჩვენის ,,კომპანიის" მონაწილეთაგანის აზრიც ,,ჰანნიბალის" შესახებ:
აკადემიკოსი მარი ბროსსე:,,ამგვარად მოკვდა სააკაძე ორჯელ ღალატის მტვირთველი, სჯულის უარმყოფელი და სამშობლოს დამღუპველი".
სიმონ ღოღობერიძე (ბროსეს მიერ ,,საქართველოს ისტორია, გამოც. ნიკო ღოღობერიიძისა, გვ. 30):"ყველა მაშინდელნი მწერალნიც ერთხმად აღიარებენ, რომ თუმცა სააკაძე ნიჭით და მხნეობით შესანიშნავი კაცი იყო, მაგრამ მუხანათი, გამცემი, მოღალატე, რენეგატი იყოვო. მის სახელს ზიზღით იხსენიებს ისტორია"…
ბ-ნი ბათუმელი კი კადნიერად გაიძახის:ჯანაშვილები და კამპანიაო. აქ ისევ მეორდება ის ჰანგი, რომელიც დევიზად ჰქონდათ სააკაძის დროის დიდებულებს: "უჩემოდ ვინ იმღერეთა!" "მე იალბუზი, შენ კი ბუზი". დევები იკიდებოდნენ და კოზაკი შუაში იჭყლიტებოდა, და გაიჭყლიტა კიდეც. ასრევე მღერის ბათუმელი დამფასებელიც". ბროსსე, ღოღობერიძე, იოსელიანი, ვახუშტი, დელავალე (1627 წ.), არაქელი (1653 წ.), არჩილ მეფე და სხ. თურმე სხვა არა არის რა, თუ არ ,,ჯანაშვილების კამპანია", რომელსაც ალბად, დო უხვრეტია და ბალახი უძოვნია, რომ ,,ჰანნიბალი" მოღალატედ ჩაუგდია ანდა, თუ გინდ, შორსმხედველობის მოკლებულ კაცს, რომელიც ,,მოატყუა" ყაენმა რვა გუდა ოქროთი და სხვადასხვა დაპირებით. ისტორიაში რა საქმე აქვს დაჟინებას, სიამაყეს, ,,უჩემოდ ვინ იმღერეთა"-ს! დაამტკიცეთ და ჩვენ დიდის სიამოვნებით მოგყვებით, ვინაითგან უსიამოვნო წარსული ჩვენს გულს შჩაგრავს, ანაღვლიანებს, სასიამოვნო-ამხნევებს, აყვავილებს".
წყარო: სახალხო გაზეთი" 1912, N 616, 5 ივნ. გვ. 4.

No comments:
Post a Comment