2011-07-20

მოსე ჯანაშვილი – “საქართველოს დროშა”

საისტორიო პატარა ცნობა

ფარნავაზმა საქართველო ცხრა მისადევრად გაანაწილა და ყველას დაუდგინა ერისთავი. ეს მისადევრები ანუ საერისთავოები იყვნენ:
1-ლი: რიონის დასავლეთი შავ ზღვამდე და ეგრისის წყლამდე სვანეთითურთ.
2-ე: რიონსა და ღადო-მთის შორისი მცირე ლიხიდამ ზღვამდე. შორაპანი შეიქმნა მისადევრის სატახტოდ.
3-ე: კახეთ-კუხეთ-ჰერეთი.
4-ე: ხუნანი, ბერდუჯსა (დებედას) და მტკვარს შუა ტფილისამდე.
5-ე: სამშვილდე ვერის-წყლიდან ფარავნამდე აბოცითურთ.
6-ე: წუნდა, მტკვრის აღმოსავლეთი ფარავნამდე და თავამდე მტკვრისა.
7-ე: ოძრახოს, ტაშისკარს ზეითი ზღვამდე და ჭოროხამდე გურიითურთ.
8-ე: კლარჯეთი ზღვამდე.
9-ე: შიდა-ქართლი.

შიდა-ქართლის ერისთავი დაადგინა საქართველოს ლაშქრის სპასპეტად და მას დაუმორჩილა ყველა დანაშთენი ერისთავები, რომელნიც თავიანთ მისადევრების ხვედრ სახელმწიფო ხარკს მასვე წარმოუდგენდნენ.
თამარ მეფის დროს იყვნენ ერისთავები სვანთა, რაჭისა, აფხაზთა, ცხომისა, ოდიშისა, ლიხთ იმერ-ამერთა (გამგეობა სურამს), კახეთისა, ჰერეთისა, სამცხისა, რომლის ერისთავი ითვლებოდა სპასალარად მის მისადევრის ერისთავებისა.
საერთო ლაშქრობის დროს ირაზმებოდნენ 4 სადროშოდ:- მოწინავედ (სამცხელნი), მემარჯვენედ (იმერნი), მემარცხენედ (კახ-ჰერნი) და მეშუაგულედ
(ქართლელნი მეფის მოთავეობით)…

,,ყოველი ივერია ოთხ სადროშოდ იყო განყოფილი. წინამბრძოლნი იყვნენ თორელნი, ციხის ჯვარელნი და ახალციხენი და მიმყოლნი მათნი მესხნი და
კლარჯნი, მემარჯვენე მიმსვლელ-მცემელნი სრულიად ლიხთ იქითი აფხაზ-ჯიქითურთ, მემარცხენეთ მიმსვლელ-მცემელნი ჰერ-კახნი, ხოლო მეფის ალმის
(დროშა) მპყრობელნი იყვნენ ქართლელნი და მის როქის სპანი”.
ხანდისხან ირაზმებოდნენ სხვანაირადაც, თუ ამას ბრძოლის საჭიროება მოითხოვდა.

დროშა ჰქონდათ ფერად-ფერადი. საბას ლექსიკონი:,,დროშა, მწყობრთ ნიშანი ფერად-ფერადი, გუნდთა და გუნდთა საცნობელი”. დროშას ერქვა აგრეთვე ალამი და ბაირახი. საბას ლექსიკონი:,,ალამი, სპარსულად (დ.გურამიშვილი (გვ. 42-43) ალამი და დროშა ერთი და იგივეა: „თავდახრით ალამი”…
„დროშისა თავდახრილობა”… “…თავს უხრის ალამსა), ქართულად სამხრე ზორტი გინა ნიშანი რაიმე შუბთა და მისთანათა”.
ჯამბაკურ ორბელიანი ამბობს:”ერეკლე მეორის ბაირაღის ერთ მხარეს იყო ღვთისმშობელი ძით და მეორეს წმ. გიორგი.
წ.კ. საზოგადოებაში ერთი დიდი სურათია, რომელზედაც გამოხატულია თამარ მეფე. იქვე მაღალს ბუნზე (ტარი) აფრიალებულია ფერადი დროშა ღვთისმშობლის სახით, აგრეთვე კატარღა მეომრებით, რომლებთაც უფრიალებთ თეთრი დროშა, ქვემოთ კიდევ უცხოელნი, რომელთაც გუდებით მოაქვთ ხარკი.
ტარიელის დროშა რუსთველის ჩვენებით ავმართე დროშა ალმითა (ვისრამიანშიაც ცალ-ცალკე იხსენიებიან დროშა და ალამი. ,,შენი ალამი და დროშა ცად გაიწია ”წითელსავითა”.

ადრითგანვე სახელი გაითქვა ვახტანგ გორგასლის დროშამ და მერმე დავით აღმაშენებლისამ, ამ დროშებს გამარჯვებით ატარებდნენ თამარ მეფის მეომრები.
,,მოიხედეს-რა, იხილეს მეფე (დავ. სოსლანი) და რაზმი მისი მახლობელად და დროშა იგი გორგასლიანი, რომელი სინდეთს შესლვითგან მოსპეტაკობდა რეცა
სიბერისა სახედ (ქ. ცხ. 307). “მოიღო (თამარმა) დროშა სვიანად ხმარებული, გორგასლიანი და დავითიანი, და შეავედრა მასვე ვარძიის ღვთისმშობელსა დროშა და ლაშქარი დალოცა და წარავლინა სპარსეთს” (ქ. ცხ. 329).
შავთელი დ. სოსლანის შესახებ ამბობს “იყვის რა ზრითა ურიცხვ რაზმითა გულის მდებელად თვისთა სპათათვის, გორგასლიანი-დავითიანი დროშა იახლის მსვრელად მტერთათვის”.

შემდეგ საუკუნოებში მრავალ სადროშოებად დაიყვნენ ამერ-იმერნი, მაგრამ, მიუხედავად ძალთა დაქსაქსვისა, ქართულს თავისუფლების დროშას გმირულად ემსახურებოდნენ.

“საქართველო” 1917, N 124, 10 (22) თიბათვე, გვ. 3-4

No comments:

Post a Comment